მეგობარი ქვეყნები ბათუმის ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილებს აქვეყნებენ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული. ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. იტალიის საელჩო საქართველოში და საქართველოში იაპონიის ელჩი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამენ და დაზარალებულ ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ. მიმართვის ტექსტი მათი ოფიციალური twitter-ის გვერდზეა გამოქვეყნებული.
გერმანია საქართველოს ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო უსამძიმრებს>>
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, შუადღისას საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. ერთადერთი გადარჩენილი მამაკაცი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია მოთავსებული.
„ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ცხრა დაღუპული ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად იტალიის საელჩოში დროშები დღეს სანახევროდ დაშვებულია. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და დაღუპულთა ოჯახებს ვუსამძიმრებთ ამ ტრაგიკული დანაკლისის გამო“, – ნათქვამია საქართველოში იტალიის საელჩოს სამძიმრის წერილში.
საქართველოში იაპონიის ელჩი წერილში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ მათ, ვინც 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად ახლობლები დაკარგა. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმის გაგება, რომ ამ უბედურმა შემთხვევამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ჩვილების და სკოლის მოსწავლეების“, – ნათქვამია აკირა იმამურას მიერ twitter-ზე გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი - 26 მაისის ქუჩაზე მდებარე პირველი სართულის ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს მისი მითითებით ასრულებდნენ. საგამოძიებო უწყება მათ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება დღეს წარუდგინა, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ყველა ახალი ამბავი
0