სააკაშვილის ადვოკატი: თაფლიანი სითხის მიღება - შიმშილობის ერთ-ერთი ფორმაა

© AFP 2024 / SERGEI SUPINSKY მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
გამოწერა
ამ შემთხვევაში შიმშილობა უფრო ხანგრძლივია, ვიდრე მშრალი ან წყლის მიღებით შიმშილობა
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის ფაქტს, რადგან თაფლიანი წყლის დალევა - შიმშილობის ერთ-ერთი ფორმაა, განაცხადა მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარიაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხის ბარათის მეშვეობით თაფლი და ნატურალური წვენი შეუკვეთა. თუმცა მისმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელიც მის სამკურნალოდ სპეციალურად აშშ-დან ჩამოვიდა, განაცხადა რომ თაფლის შესაძენად საქართველოს მესამე პრეზიდენტს ფული არ ეყო, რადგან ბარათზე თანხა ამოეწურა.
„გავრცელებული ინფორმაციაც სრულად მოდის შესაბამისობაში იმ საკითხთან, რომ მიშა შიმშილობს, რადგან არსებობს შიმშილობის რამდენიმე ტიპი - მათ შორის მშრალი შიმშილობა და სითხეებს მიღებით შიმშილობა. თუ თაფლის გახსნა ხდება სითხეში, ესეც შიმშილობის ერთ-ერთი სახეა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში შიმშილობა უფრო გრძელვადიანია, ვიდრე მშრალი შიმშილობისას ან მხოლოდ წყალზე შიმშილობისას“, - განაცხადა ბასილაიამ.
სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის მეცხრე დღე რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს. პარასკევს ბასილაიამ აღნიშნა, რომ შიმშილობის მერვე დღეს ექს-პრეზიდენტმა 12 კგ დაიკლო. დღეს მისმა ექიმმა ყიფშიძემ აღნიშნა, რომ მას ანემია ეწყება და მისი ანალიზების პასუხები დამაიმედებელი არ არის. სააკაშვილის შეყვარებულმა, ელიზავეტა იასკომ, რომელმაც ის ციხეში მოინახულა, აღნიშნა, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ეწყება.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0