საეკლესიო კალენდარი: 8 ოქტომბერი

ჯვარი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ოქტომბერს წმიდა არსენი დიდის, კათალიკოსის ღირსი ევფროსინე ალექსანდრიელის, ღირსმოწამე პაფნოტი მეგვიპტელის და მისთან 546 მოწამეთა ხსენების დღეს და ღირსი სერგის, რადონეჟელი იღუმენის მიცვალებას აღნიშნავს.
„Sputnik-საქართველო“ გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
წმიდა არსენ დიდი, კათოლიკოსი
წმიდა არსენ დიდი, კათოლიკოსი დაიბადა დაახ. 820 წელს, სამცხის ცნობილი და გავლენიანი დიდებულის, მირიანის, ოჯახში.
როდესაც არსენი სრულწლოვანი გახდა, მამამ, მირიან აზნაურმა, იგი საეკლესიო და სამღვდელმთავრო კრების დაუკითხავად, სამცხის ერისკაცთა დახმარებითა და რამდენიმე ეპისკოპოსის თანადგომით, კათოლიკოსად დაადგინა. ეს იყო საეკლესიო კანონების უხეში დარღვევა და ერისკაცის კადნიერი ჩარევა მის საქმეებში.
ქართლის და კლარჯეთის სამღვდელოებამ სადავო საკითხის გადასაჭრელად საეკლესიო კრება მოიწვია ჯავახეთში. კრებას თავმჯდომარეობდა ეფრემ მაწყვერელი. საეკლესიო სამართალი მამათა მხარეს იყო. არსენს გადაყენება ემუქრებოდა, მაგრამ კრებაზე გამოცხადდა მამა ყოველთა მეუდაბნოეთა - გრიგოლ ხანძთელი და ყველა, მათ შორის ეფრემიც, დაარწმუნა იმაში, რომ არსენის კათოლიკოსის ტახტზე დადგინება ღვთის ნებით აღსრულდა.
ჯვრის მონასტერი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
საეკლესიო კალენდარი: 7 ოქტომბერი
წმიდა არსენი შესანიშნავი ჰაგიოგრაფი და ისტორიკოსი იყო. მას ეკუთვნის უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-პოლემიკური თხზულება "განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა", რომელშიც გადმოცემულია სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების ისტორია. არსენ დიდსავე მიაკუთვნებენ "აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებასა და წამებას".
წმიდა არსენი ოცდაშვიდი წლის მანძილზე განაგებდა ქართლის ეკლესიას. გარდაიცვალა 887 წელს.
ღირსი ევფროსინე ალექსანდრიელი
ღირსი ევფროსინე ალექსანდრიელი V საუკუნის დასაწყისში დაიბადა ქალაქ ალექსანდრიაში. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი მშობლების ერთადერთი ასული იყო. ქალწულს დედა ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდის მთელი სიმძიმე მამას - პაფნუტის დააწვა. ღრმადმორწმუნე, კეთილმსახური ქრისტიანი - პაფნუტი ხშირად დადიოდა ხოლმე მონასტერში
ქალწულმა ღვთის განგებულებით უდაბნოდან ალექსანდრიაში ჩასული ერთი ბერის მიერ ფარულად შეიმოსა მონაზვნური სქიმა, მაგრამ შიშობდა, რომ დედათა მონასტერში მამა მიაგნებდა, ამიტომ ბერ იზმარაგდის სახელით მამათა სავანეს მიაშურა. იღუმენმა ახალმოსული "საღმრთოთა შინა ბრძენ" და უვნებლობას მიწევნულ მამა აღაპის მორჩილებაში განაწესა.
წმინდა ნინოს ჯვარი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
საეკლესიო კალენდარი: 6 ოქტომბერი
ევფროსინეს მამას - პაფნუტის თავზარი დასცა ასულის გაუჩინარებამ. დიდხანს ამაოდ ეძია შვილი. მწუხარებით შეპყრობილმა, მოუხშირა მონასტერში სიარულს. აქ იგი იღუმენთან და ბერებთან საუბარში პოულობდა ნუგეშს. წმიდანმა საიდუმლო მშობელს მხოლოდ მიცვალების წინ გაუმჟღავნა.
წმიდა დედა პატივით დაფლეს მამათა სასაფლაოზე. მის სენაკში კი დამკვიდრდა მამამისი - პაფნუტი, რომელმაც მთელი ქონება გლახაკებსა და ეკლესიებს დაურიგა და დიდხანს მოსაგრეობდა საცხოვნებელი მადლის მოსაგებად.
ღირსმოწამე პაფნუტი მეგვიპტელი და მის თანა 546 მოწამენი
ღირსმოწამე პაფნუტი ეგვიპტელი იყო და უდაბნოში მოღვაწეობდა. დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას მმართველმა არიანემ ბრძანა, განდეგილი მისთვის მიეგვარათ, მაგრამ პაფნუტი არ დაელოდა წარმოგზავნილებს და თვითონ გამოცხადდა ხელისუფალთან. აქ ნეტარმა საჯაროდ აღიარა ქრისტე, რისთვისაც საწამებლად გადასცეს. მეომრებმა, დიონისემ და კალემაქემ, რომლებიც აწამებდნენ წმიდანს, იხილეს, თუ როგორ იცავდა მას ღვთის ძალა და ირწმუნეს ქრისტე მაცხოვარი. მმართველის ბრძანებით ისინი მაშინვე სიკვდილით დასაჯეს.
წამების შემდეგ საპყრობილეში ჩაგდებულმა პაფნუტიმ ორმოცი ტუსაღი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. უღმრთოებმა ყველა მათგანი დაწვეს.
სოფ.ქაისხევის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
საეკლესიო კალენდარი: 5 ოქტომბერი
რამდენიმე ხნის შემდეგ ნეტარი მეუდაბნოე გაათავისუფლეს. იგი კეთილად ისტუმრა ქრისტიანმა ნესტორმა, რის შემდეგაც მასპინძლის მთელი ოჯახი კიდევ უფრო განმტკიცდა ქრისტეს სჯულში და მოწამეობრივად აღესრულა.
პაფნუტიმ კიდევ ბევრი მართლმორწმუნე გაამხნევა და მარტვილობის სურვილით აღანთო. წმინდა პაფნუტის ქადაგებით ხუთაოთხმოცდაექვსი ადამიანი მოექცა ქრისტიანობაზე და ყველანი მოწამეობრივად აღესრულნენ.
თავად წმიდა პაფნუტი ყელზე ლოდგამობმული მდინარეში ჩააგდეს, მაგრამ, ღვთის ნებით, სასწაულებრივ გამოირიყა ნაპირზე. ბოლოს იგი იმპერატორ დიოკლეტიანესთან გაგზავნეს, რომლის ბრძანებითაც ფინიკის ხეზე გააკრეს და ასე ამოხადეს სული.
მიცვალება სერგისა - რადონეჟელ იღუმენისა, საკვირველთმოქმედისა
ღირსი სერგი რადონეჟელი როსტოვის მახლობლად, სოფელ ვარნიცაში მცხოვრები კეთილმსახური ბოიარების, კირილესა და მარიამის ოჯახში დაიბადა 1314 წლის 3 მაისს. ყრმამ სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ყველა გააოცა თავისი მარხვით: ოთხშაბათს და პარასკევს დედის რძეს არ ეკარებოდა. ბავშვი არც მაშინ იღებდა დედისგან საკვებს, თუ მას ხორცი ჰქონდა ნაჭამი. როცა ეს შეამჩნია, მარიამმა საერთოდ აღიკვეთა ხორცეულის მიღება. წმიდანი შვიდი წლის იყო, როცა სასწავლებლად მიაბარეს. მას მთელი არსებით სწყუროდა სწავლა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა: შეწუხებული ყრმა დაუცხრომლად ევედრებოდა უფალს, გონება გაეხსნა მისთვის. ერთხელ მამამ ბართლომე ცხენების საძებნელად მინდორში გაგზავნა. გზად, მუხის ქვეშ მან ლოცვად დამდგარი უცნობი მღვდელ-მონაზონი შენიშნა, მიუახლოვდა, ქედი დადრიკა და მორჩილებით დაუწყო ლოდინი მოხუცის ლოცვის დამთავრებას. ბერმა აკურთხა ბავშვი, აკოცა და ჰკითხა, რა გასჭირვებოდა. ბართლომემ გაუმხილა თავისი სატკივარი - წერა-კითხვას ვერ ვსწავლობო და შეევედრა, უფლისგან შემწეობა გამოეთხოვა მისთვის. უცნობმა ბავშვს თხოვნა შეუსრულა - ილოცა, შემდეგ კი ჯვარი გადასახა და სანაწილიდან ამოღებული სეფისკვერის ნატეხი გაუწოდა: "გამომართვი, შვილო, და მიიღე. ეს ღვთის მადლის ნიშნად და წმიდა წერილის გულისხმისაყოფად გეძლევა". ამ დღიდან ყრმამ წერა-კითხვაც ისწავლა და წაკითხულის საოცარი ანალიზის უნარიც მიემადლა.
ახალი ზარზმა - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
საეკლესიო კალენდარი: 4 ოქტომბერი
დაახლოებით 1328 წელს მომავალი წმიდანის დედ-მამა რადონეჟში გადასახლდა. როცა უფროსი ვაჟიშვილები დაოჯახდნენ, ღირსმა კირილემ და მარიამმა ხოტკოვის ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სავანეში სქიმა შეიმოსეს და მალე უფლისთვის სათნო ღვაწლში მიიცვალნენ. ამის შემდგომ ბართლომემ დაუტევა ეს სოფელი და დაქვრივებულ, შემდეგ კი ბერად შემდგარ უფროს ძმასთან, სტეფანესთან ერთად რადონეჟისგან ათი ვერსის დაშორებით, მდინარე კონჩურასთან დამკვიდრდა. ძმებმა ტყე გაკაფეს, საკუთარი ხელით მოიწყვეს სენაკები და ააგეს მცირე ტაძარი, რომელიც ყოვლადწმიდა სამების სახელზე ეკურთხა. ასე ჩაეყარა საფუძველი წმიდა სერგის სახელგანთქმულ ლავრას. სტეფანემ ვერ გაუძლო განდეგილობის სიმძიმეს და მოსკოვის ღვთის განცხადების სავანეს მიაშურა, მარტო დარჩენილი ბართლომე კი 1337 წლის 7 ოქტომბერს ბერად აღიკვეცა სერგის სახელით.
1354 წელს, ხანგრძლივი და მხურვალე ვედრების შემდეგ, სავანის ბერებმა წმიდანი წინამძღვრობაზე დაითანხმეს. ვოლინელმა ეპისკოპოსმა ათანასემ მღვდელ-მონაზვნად დაასხა მას ხელი და იღუმენად დაადგინა.
ნეტარი სერგისა და მისი ძმების სიწმიდით გაბრწყინებულმა ცხოვრებამ თანდათან მიიპყრო თანამედროვეთა ყურადღება და მალე ლავრამ მთელს რუსეთში გაითქვა სახელი. წმიდანის სულიერ შვილთაგან ბევრი ბოიარი და თავადი მონასტერს თავისი ქონების ნაწილს სწირავდა, რამაც შესაძლებელი გახადა ახალი, უფრო დიდი ტაძრის აშენება.
მდიდარ შემოწირულობებს იღუმენი საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა. განსაკუთრებულ მამობრივ სიყვარულს იჩენდა იგი ობოლთა, გლახაკთა, უპოვართა და მონასტერს შემოვედრებულ მწირთა მიმართ. შიმშილობების ჟამს წმიდანი აღებდა სავანის ბეღლებს და უხვად ურიგებდა ხორბალს დამშეულებს...
წმიდა სერგიმ 1392 წლის 25 სექტემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მისი ცხედარი სავანის ტაძრის სამხრეთ კედელთან, საკურთხევლის მახლობლად დაკრძალეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.
ყველა ახალი ამბავი
0