პუტინმა უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტზე ვალდებულებების შესრულების პირობა დადო

© photo: Sputnik / Aleksey Druzhinin / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
გამოწერა
პუტინის თქმით, ტრანზიტის გაზრდა უკრაინის გაზსადენი სისტემის მეშვეობით შესაძლებელია, მაგრამ ეს „გაზპრომისთვის“ წამგებიანი იქნება.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის მხარემ მთლიანად უნდა შეასრულოს კონტრაქტით აღებული ყველა ვალდებულება ევროპაში უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით, განაცხადა ვლადიმირ პუტინმა ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ სხდომაზე, იუწყება РИА Новости.
„პირველ რიგში, არ არის საჭირო ვინმეს რთულ მდგომარეობაში ჩაყენება, მათ შორის უკრაინის, მიუხედავად ყველა მომენტისა, რომელიც ამჟამად რუსეთ–უკრაინის ურთიერთობებს უკავშირდება. მეორეც, არ არის საჭირო „გაზპრომის“, როგორც ყველა თვალსაზრისით აბსოლუტურად საიმედო პარტნიორის მიმართ ნდობის შემცირება“, – ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.
დავალების შესრულების გაკონტროლება მან ენერგეტიკის მინისტრს ნიკოლაი შულგინოვს სთხოვა.
სახელმწიფო მეთაურის თქმით, „გაზპრომში“ დაასკვნეს, რომ კომპანიისთვის უფრო ხელსაყრელია უკრაინისთვის ჯარიმის გადახდა მოცულობის შემცირების სანაცვლოდ და გაზის ტრანზიტის გაზრდა ახალი მილსადენებით, რომლებიც უკრაინის ტერიტორიას არ გაივლიან.

„მაგრამ მე გთხოვთ, ეს არ გააკეთოთ. საჭიროა ტრანზიტის შესახებ კონტრაქტით აღებული ყველა ვალდებულების შესრულება“, – დასძინა პუტინმა.

როგორც სხდომაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპაში გაზის მიწოდება ახალი მილსადენებით ატმოსფეროში CO2-ის გამოფრქვევას 5,6-ჯერ შეამცირებდა თანამედროვე მოწყობილობებისა და უფრო მაღალი წნევით ნედლეულის გადაქაჩვის შესაძლებლობის წყალობით.
ამასთან, პუტინის თქმით, ტრანზიტის გაზრდა უკრაინის გაზსადენი სისტემის მეშვეობით შესაძლებელია, მაგრამ ეს „გაზპრომისთვის“ წამგებიანი იქნება, მაშინ, როცა ახალი ინფრასტრუქტურის გამოყენებით კომპანია წელიწადში 3 მილიარდ დოლარს დაზოგავდა.
„ვგულისხმობ, რომ გამოიყენება თანამედროვე მოწყობილობა და ახალი მილები, შეიძლება წნევის გაზრდა, რისი გაკეთებაც უკრაინის გაზსადენ სისტემაში არ შეიძლება, რადგან ის ათწლეულებია არ შეკეთებულა და ნებისმიერ მომენტში შეიძლება რამე გასკდეს, რამე მოხდეს, რასაც ძალიან არასასურველი შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა პუტინმა.
ნახშირბადის ნეიტრალიტეტი
სხდომაზე „ინტერ რაოს“ გამგეობის თავმჯდომარემ ბორის კოვალჩუკმა წამოჭრა ნახშირბადის ნეიტრალიტეტის საკითხი იმ სიტუაციაში, როდესაც „წლის ბოლოს გერმანიაში ნახშირით ენერგიის გამომუშავება შეადგენს ენერგობალანსის 27%-ს, რუსეთში კი – 13%-ს“.
„თქვენ სწორი კითხვა დასვით, როგორ შეიძლება ნახშირბადის ნეიტრალიტეტისთვის ბრძოლა, თუ ევროპაში, ამ შემთხვევაში გერმანიაში, ენერგობალანსი ნახშირის გენერაციის ნაწილში ორჯერ მეტია, ვიდრე რუსეთში. როგორც აღმოჩნდა, შეიძლება და ისინი, ვგულისხმობ ევროპელებს, ამას აკეთებენ ჩვენ, რუსეთის ხარჯზე“, – აღნიშნა პუტინმა.
გაზსადენი - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
მსოფლიო დღეს
ისტორიული რეკორდი: გაზის ფასი ევროპაში ერთ დღეში 17%-ით გაიზარდა
მან იმედი გამოთქვა, რომ დიალოგი ამ თემაზე გაგრძელდება მსოფლიოს ენერგეტიკული ბაზრის ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით.
გაზის საბირჟო ფასები რეალობას არ ასახავს
სხდომის მონაწილეებმა ევროპაში გაზის მაღალი ფასების საკითხიც წამოჭრეს. ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკის სიტყვებით, საბირჟო ფასი არ ასახავს ბაზარზე არსებულ რეალურ სიტუაციას. მისი თქმით, თავდაპირველად ფასის ზრდა გამოიწვია ცხელმა ზაფხულმა ლათინურ ამერიკაში, როდესაც იქით გადაისროლეს თხევადი აირი აშშ-დან. ეს გახდა სხვა ბაზრებზე ნედლეულის დეფიციტის მიზეზი. ევროპაში მიწისქვეშა საცავებში მარაგის დეფიციტი ამჟამად, გასულ წელთან შედარებით, 25 მილიარდ კუბომეტრადაა შეფასებული.
„ეს ყველაფერი, რასაკვირველია, სერიოზული ფაქტორებია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ დღეს სპეკულაციური ფაქტორები ასევე ძლიერ უწყობს ხელს ფასების ზრდას. ალბათ არაფერი გამოვა საბირჟო მოთამაშეების გამოკვლევის გარეშე, რადგან მიმდინარე ფასი ობიექტურად არ ასახავს არსებულ სიტუაციას“, – დაასკვნა ნოვაკმა.
პუტინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია გაზარდოს გაზის შეთავაზება, რათა შეასუსტოს სპეკულაციური მოთხოვნილება და აჟიოტაჟი, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს არა ევროპის ადგილობრივ ბაზარზე, არამედ სანქტ-პეტერბურგის ბირჟაზე.

„მთლიანობაში ბირჟაზე გაზით ვაჭრობა <...> არც ისე ეფექტურია, რადგან ბევრ რისკს შეიცავს, ეს ხომ არ არის საათი, საცვალი და ჰალსტუხი, არც მანქანაა, ნავთობიც კი არაა, რომელიც ბაზარზე გარკვეული სიტუაციის მოლოდინში ნებისმიერ ადგილზე შეიძლება შეინახო, მათ შორის, ტანკერშიც. გაზით ასე ვერ ივაჭრებ, მისი ასე შენახვა არ შეიძლება“, – დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.

იგი საკითხის კიდევ ერთხელ განხილვის წინადადებით გამოვიდა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა ბირჟაზე გაზი ისე არ უნდა გაყიდოს, რომ თავად იზარალოს.
ყველა ახალი ამბავი
0