რატომ დაბრუნდა სააკაშვილი სამშობლოში? – ღარიბაშვილის ღია წერილი

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
გამოწერა
მთავრობის მეთაურის განცხადებით, სააკაშვილის რევოლუციური განზრახვები ნებისმიერ შემთხვევაში კრახისთვის იყო განწირული.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში მოხვედრის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა, ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-გვერდზე გავრცელებულ ღია წერილში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი ამ დროისათვის რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

„ალბათ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს, რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში თავისი ავანტურისტული ჩამოსვლა დაგეგმა. ვერსია სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგი ფიქრობს, რომ ძალაუფლების დაბრუნების წყურვილმა, ეგოიზმმა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებზე ეჭვიანობამ სძლია და ყურადღების ცენტრში მოსაქცევად, შეგნებულად ჩაჯდა ციხეში. ზოგი ფიქრობს, რომ იგი ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა“, – წერს ღარიბაშვილი.

პრემიერის განმარტებით, სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა დაკავებამდე და მის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვენ... სააკაშვილის ეს მდგომარეობა გუნდში მძიმედ მიიღეს, თუმცა, არც ის იციან, რა უნდა მოიმოქმედონ“, – ნათქვამია ღარიბაშვილის წერილში.
პრემიერი აბსურდულად მიიჩნევს იმ ვერსიას, რომ ექს-პრეზიდენტი ციხეში შეგნებულად ჩაჯდა და ეს წინასწარ იყო დაგეგმილი.
ლიზა იასკო - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2021
რა შემთხვევაში დათანხმდება სააკაშვილი უკრაინაში ექსტრადიციას – ელიზავეტა იასკო
„სააკაშვილს ეს რომ ნდომოდა, მაშინ არა ქურდულად და კანონის დარღვევით, არამედ ვაჟკაცურად (რამდენად არარელევანტურადაც უნდა ჟღერდეს სააკაშვილთან მიმართებით) შემოვიდოდა და ჩაჯდებოდა ციხეში. ამგვარი ნაბიჯით ის გაამძაფრებდა მისსავე გზავნილს საქმეების შეკერვისა და პოლიტპატიმრობის შესახებ. ახლა კი, როდესაც ის საქართველოში ახალი დანაშაულის ჩადენის გზით შემოვიდა, მან ამ გზავნილს ფორმალური საფუძველიც კი გამოაცალა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერი ასევე აბსურდულად მიიჩნევს სააკაშვილის არალოგიკური გადაწყვეტილების ნაროდამოკიდებულებით ახსნას.
„როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი. შესაბამისად, ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა“, – აღნიშნულია წერილში.
ამასთან, მთავრობის მეთაურის განცხადებით, სააკაშვილის რევოლუციური განზრახვები ნებისმიერ შემთხვევაში კრახისთვის იყო განწირული.
სააკაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა 10 ნოემბერს გაიმართება>>>
„მისივე გეგმის მიხედვით, 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა. სააკაშვილს შეიძლება აღარ ახსოვდა, რომ პრემიერი გიორგი გახარია აღარაა და დღეს სახელისუფლო გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს“, – ნათქვამია წერილში.
პრემიერის განმარტებით, საქმე ისაა, რომ ჩამონგრეული სახელმწიფოს ნაცვლად, სააკაშვილს სამშობლოში კარგად ორგანიზებული სახელმწიფო სისტემა დახვდა.
„სწორედ ამ ყველაფრით აიხსნება სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის რადიკალური ცვლილებაც ციხეში შესვლამდე და შემდეგ – იგი გაღიმებული შევიდა ციხეში და ახლა არაფერი ადარდებს გარდა იმისა, რომ როგორმე ციხიდან გამოვიდეს“, – აღნიშნა პრემიერმა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო ქვეყანაში დაბრუნების პირობა. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც: სააკაშვილის მორიგი წერილი ციხიდან>>>
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
მას მალე კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ის სასჯელს სამშობლოში მოიხდის.
ამ დღეებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი ხმაურიანი ბრალდება გამოთქვა. პრემიერის განცხადებით, სააკაშვილი და მისი გუნდი ქართველი ოპოზიციონერების მკვლელობას და ამით ქვეყანაში არეულობის პროვოცირებასა და ამაში ხელისუფლების დადანაშაულებას გეგმავდა.
ყველა ახალი ამბავი
0