პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თავად მიმართა.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერსა და თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.
დადგენილებას პლენარულ სხდომაზე დარეგისტრირებული 83 დეპუტატიდან 79-მა დაუჭირა მხარი.
ივლისის ბოლოს, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ანულირებულად გამოაცხადა შარლ მიშელის შეთანხმება, მელიამ სადეპუტატო მანდატზე უარი განაცხადა.
17 სექტემბერს ნიკა მელიას მიმართვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
მიმდინარე წლის დასაწყისში მეათე მოწვევის პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი ერთხელ უკვე მოუხსნა, რის შემდეგაც, 23 თებერვალს მელია „გავრილოვის ღამედ" წოდებული საპროტესტო აქციის დროს მასობრივი ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
ვიცე-სპიკერი ნიკა მელიას ბოლო შანსს აძლევს
ამისთვის ხელისუფლებამ მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მაისის დასაწყისში მელია წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, გირაოს თანხა ევროკავშირმა გადაიხადა.
მელიას 2019 წლის დეკემბერში სადეპუტატო ხელშეუხებლობა მეცხრე მოწვევის პარლამენტმაც მოუხსნა, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეში დამნაშავედ ცნო.
მელია დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს 25 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.
ამ დროისათვის ნიკა მელია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის მთავარი კონკურენტია. ცესკოს მონაცემებით, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 45,04%, მელიამ კი 33,96% მიიღო.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0