სასამართლომ მამა-შვილ წოწორიებს პატიმრობა შეუფარდა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
გამოწერა
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სამართალდამცველებმა ფოთში მცხოვრები მამა-შვილი შალვა და ზურაბ წოწორიები 3 ოქტომბერს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ფოთის პორტის ტერმინალის რიგითი თანამშრომლები არიან.
საქართველოს პროკურატურამ მათ ბრალი სსკ-ის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) გუშინ წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
პროკურატურა: მამა-შვილმა წოწორიებმა სააკაშვილი ავტომანქანით სამეგრელოს სოფელში მიიყვანეს
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილზე – სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს.
სასამართლო სხდომაზე დაკავებულთა ადვოკატმა გიორგი გოგინავამ ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება და გირაოს საფუძველზე გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დაცვის მხარე ადასტურებს, რომ დაკავებულმა პირებმა უზრუნველყვეს მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება, თუმცა წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან.
ადვოკატ გიორგი გოგინავას თქმით, ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ.

„საქმე პოლიტიკურ მოტივებზეა დაყრდნობილი. ის ნორმა, რაც ბრალდების სახით აქვთ წარდგენილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, აბსურდულია და არ ჯდება მოქმედ კანონმდებლობაში. პროკურატურა დანაშაულის დაფარვაში რასაც გულისხმობს, ეს არის მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია და ტრანსპორტირება, დანაშაული რაში გამოიხატება – ხელი შეუშალეს რაიმე დანაშაულის გახსნას? არაფერში აბსოლუტურად", – განაცხადა გოგინავამ.

სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს ელგუჯა ცომაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა გუშინ შეუფარდა. ცომაია იმ ბინის მფლობელია, რომელშიც საქართველოში ძებნილი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
ყველა ახალი ამბავი
0