პროკურატურა: მამა-შვილმა წოწორიებმა სააკაშვილი ავტომანქანით სამეგრელოს სოფელში მიიყვანეს

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდება ორ პირს წარუდგინა.
სამართალდამცველებმა ფოთში მცხოვრები მამა-შვილი შალვა და ზურაბ წოწორიები 3 ოქტომბერს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ფოთის პორტის ტერმინალის რიგითი თანამშრომლები არიან.
მათ ბრალდება სსკ-ის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილზე – სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს.

„აღნიშნულის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა თბილისში და დაბინავდა ე.ც.-ს მიერ დროებით საცხოვრებლად გადაცემულ ბინაში. 2021 წლის 1 ოქტომბერს აღნიშნულ მისამართზე მოხდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დაკავება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს ელგუჯა ცომაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამართულ სხდომაზე პატიმრობა შეუფარდა. ცომაია იმ ბინის მფლობელია, რომელშიც საქართველოში ძებნილი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.
დაკავებული მამა-შვილის ოჯახის წევრები მიხეილ სააკაშვილთან კავშირს გამორიცხავენ და დაკავებას ელგუჯა ცომაიასთან ნათესაურ კავშირს უკავშირებენ.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
„კორტების საქმის“ ორი მსჯავრდებული რუსთავის ციხეში სააკაშვილთან ერთად შიმშილობას იწყებს
„სამართალდამცველებმა მითხრეს, თქვენი შვილი და ქმარი დანაშაულის დაფარვისთვის დავაკავეთო. როცა გავიგე, რომ მათი დაკავება მიხეილ სააკაშვილს უკავშირდებოდა, გავოგნდი. სააკაშვილს არ ვიცნობთ. ჩვენ ნათესაური კავშირი გვაქვს ცომაიებთან და ალბათ ამას უკავშირდება. ელგუჯა ცომაია ბავშვის ნათლიაა“, – განაცხადა ვერიკო წოწორიამ.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს.
სააკაშვილი თბილისში, სანზონაში 1 ოქტომბერს, ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0