ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს და მოიხდის

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
საქართველოს პროკურატურის განმარტებით, სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და მას სასჯელის მოხდა სამშობლოში მოუწევს.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სასჯელს ბოლომდე მოიხდის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო ექსტრადიციის საკითხზე საუბრისას.
სააკაშვილი თბილისში, სანზონაში 1 ოქტომბერს, ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს. მან არალეგალურად გადმოკვეთა საზღვარი და საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ.

„არავითარ ბერკეტებზე არ იქნება საუბარი. სააკაშვილმა ბოლომდე უნდა მოიხადოს სასჯელი და იგი ბოლომდე მოიხდის სასჯელს. ეს უნდა იყოს თანმიმდევრული პროცესი და ამისთვის, ბუნებრივია, ყველა ლეგიტიმური ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, სააკაშვილი უკრაინაში ექსტრადირებაზე, სავარაუდოდ, უარს იტყვის. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო ექსტრადირების თაობაზე გუშინ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დასაბრუნებლად ყველა ინსტიტუცია, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
უკრაინის სასაზღვრო სამსახური სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების საკითხს გამოიძიებს
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 2015 წლიდან უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მალე სააკაშვილს კიდევ ერთ ბრალს – სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას წაუყენებენ. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და იგი სასჯელს სამშობლოში მოიხდის.
გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის წინააღმდეგ ხმაურიანი ბრალდება გამოთქვა. პრემიერის განცხადებით, სააკაშვილი და მისი გუნდი ქართველი ოპოზიციონერების მკვლელობას და ამით ქვეყანაში არეულობის პროვოცირებასა და ამაში ხელისუფლების დადანაშაულებას გეგმავდა.
ყველა ახალი ამბავი
0