ვიცე-პოლკოვნიკი ქალბატონის 50 წლის ასაკში შეცვლილი ცხოვრება– „როცა საკიატომ შეიყვარა ჯანი“

© courtesy of Nina Vadachkoriaნინა ვადაჭკორია
ნინა ვადაჭკორია - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
„სამყაროს გადარჩენაში უნდა დავეხმაროთ. ეს თავად ჩვენ გადარჩენასაც გულისხმობს, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. ყველას გაგვიჩნდა იმის დრო, რომ საკუთარ თავში უფლის მარცვალი, ანუ შემოქმედი აღმოვაჩინოთ“. მისი ნახატებით რწმუნდები, რომ მან ეს აღმოჩენა უკვე გააკეთა.
ვიცე-პოლკოვნიკი ნინა ვადაჭკორია სახელმწიფო საზღვრის დაცვის პოლიციაში წლების მანძილზე მუშაობდა. ერთ მშვენიერ დღეს სამხედრო მუნდირი გაიხადა და მოლბერტს მიუჯდა. შემდეგ ქვეცნობიერს მიჰყვა და ტილოზე თავად მისთვისაც უჩვეულო და საინტერესო სიუჟეტები და პერსონაჟები გამოსახა. მას შემდეგ დაიწყო მისი „ხანგრძლივი თაფლობის თვე შემოქმედებასთან“. ნახატებად ქცეულ მის შინაგან სამყაროს და ცხოვრების ისტორიას ამ მასალაში იხილავთ.
© courtesy of Nina Vadachkoriaნინა ვადაჭკორია
ნინა ვადაჭკორია - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
ნინა ვადაჭკორია
- ქალბატონო ნინა, თქვენი ცხოვრების ამბავი სად და როგორ დაიწყო?
- დავიბადე მკათათვის პირველ რიცხვში, თეთრი ძაღლის წელიწადს, თბილისში, ჩაჩავას საავადმყოფოში. ყველას ეგონა, რომ ბიჭი იბადებოდა, მაგრამ, ჰოი საოცრებავ, გოგო გაჩნდა. ბაბუაჩემი, ისტორიკოსი, პროფესორი მიხეილ გოცაძე პირველი შვილიშვილის მოვლინებას დიდი სიხარულით შეხვდა. მისი უსაყვარლესი შვილიშვილი ვიყავი და ისე არ დაიძინებდა, რომ ჩემთვის ნეკა თითზე არ ეკოცნა. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემ აღზრდასა და მომავალი პროფესიის არჩევაში. ვერაზე, კალანდაძის 19-ში ვცხოვრობდით. მერე, უნივერსიტეტიდან მან უფრო დიდი ბინა მიიღო და საცხოვრებლად ვაჟა-ფშაველაზე გადავედით. პირველი ექსპერიმენტული სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მაქვს ცხოველების, ფრინველების, ხის, ბალახის, ყველა სულიერის და უსულოს სიყვარული. ლექსების წერა სკოლის ასაკშივე დავიწყე და ვწერდი იქამდე, სანამ 2000 წლის 4 დეკემბერს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში პრეს-სამსახურის ჟურნალისტად არ დავინიშნე.
© courtesy of Nina Vadachkoriaნინა ვადაჭკორიას ნახატი
ნინა ვადაჭკორიას ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
ნინა ვადაჭკორიას ნახატი
- როგორ მოხდა, რომ ასეთმა სენტიმენტალურმა ადამიანმა ერთ მშვენიერ დღეს სამხედრო ფორმა ჩაიცვით?
- სასაზღვრო დეპარტამენტში, შემდგომში სასაზღვრო პოლიციაში ჩემი მისვლის ამბავი ასეთი იყო: დეიდაშვილის თათია გოცაძის მეგობრის ქმარი, აწ გარდაცვლილი კახა დოლიძე იქ პრეს-სამსახურის უფროსი იყო. ამ პიროვნებას საერთოდ არ ვიცნობდი. იმ დროს თურმე მუშაობდა წიგნზე მცირეწლოვანთა დანაშაულების შესახებ და ამ წიგნის რედაქტირება უნდოდა. რადგან ეკამ იცოდა, რომ ფილოლოგი ვიყავი, რაღაცებს ვბეჭდავდი კიდეც, თათიას სთხოვა, იქნებ ნინო წიგნის რედაქტირებაში დაგვეხმაროსო. მე დავთანხმდი და რედაქტირება სამის ნაცვლად ორ დღეში დავასრულე. მას მოეწონა ჩემი დამუშავებული მასალა, ის წიგნი წარმატებით გამოიცა. მოკლედ, ასე მოვხვდი სასაზღვრო დეპარტამენტში და 2021 წლის 7 ივლისამდე ვმსახურობდი სასაზღვრო პოლიციაში, ჯერ პრეს-სამსახურში, მერე ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში.
© courtesy of Nina Vadachkoriaნინა ვადაჭკორიას ნახატი
ნინა ვადაჭკორიას ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
ნინა ვადაჭკორიას ნახატი
- ამ უწყებაში ოცწლიანმა სამსახურმა რა შეცვალა თქვენში, თქვენს ხასიათსა და ბუნებაში რა ახალი თვისებები გაჩნდა?
- იქ მისვლის პირველი დღიდან სამსახურში ჩავიძირე. ჩემთვის უცხო სიტუაციასა და გარემოში ყველაფრის შესწავლა მიწევდა, ამიტომ გული და სული სამსახურში ჩავდე. რომელი ახალი თვისებები შევიძინე? – ამ სამსახურმა ცოტა ხისტი გამხადა და ჩემი რბილი ხასიათის წახნაგები მოქლიბა. მან ადამიანების ამოცნობა მასწავლა, თან ძალიან მაგრად. იმ დროს უამრავ საინტერესო ადამიანს შევხვდი, მათგან ბევრი კარგი რამ ვისწავლე. იყო სიხარული, ოცნება და ტკივილიც, რა თქმა უნდა. დღეს როგორიც ვარ, ეს მათი დამსახურებაცაა. ყველაზე მთავარი, იმ სამსახურმა რაც მასწავლა, ისაა, რომ ცხოვრებაში ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი.
© courtesy of Nina Vadachkoriaნინა ვადაჭკორიას ნახატი
ნინა ვადაჭკორიას ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
ნინა ვადაჭკორიას ნახატი
- გავიდა დრო, სამხედრო ფორმა გაიხადეთ და მოლბერტის პირისპირ აღმოჩნდით, რა გახდა ამის იმპულსი?
- 2021 წელს ხარის წელი შემობრძანდა. 7 იანვარს შობა თენდებოდა, გავიღვიძე და ვგრძნობ, რომ თავში რაღაც ხარი მიტრიალებს. „ვხედავ“ კიდეც როგორია, საოცრად მომინდა დამეხატა. თუმცა მანამდე ძალიან შორს ვიყავი ხატვისგან. ჩემი შვილი ბავშვობიდან ხატავს და გაოცებული ვიყავი, როგორ ქმნიდა საოცარ ნახატებს. სამი წლის წინ დაბადების დღეზე მას ვუყიდე მოლბერტი, აკრილის საღებავები, ფუნჯები, პალიტრა და ტილოები, მაგრამ ტილოზე ხატვა ვერ გაბედა. ერთ დღესაც შობაზე ნაყიდი ტორტის ყუთი გამოვჭერი. ვიცოდი, რომ აკრილი წყალში იხსნება და ზეთის საღებავი – ზეთში. ჰოდა, მივუცუცქდი ანკას სამხატვრო ნივთებს და ფანტაზიაში აღმოცენებული ხარი მუყაოზე გადმოვიტანე. აი, მას შემდეგ დაიწყო ჩემი ხანგრძლივი თაფლობის თვე შემოქმედებასთან. ხატვა რომ დავიწყე, სასაზღვრო პოლიცაში ვმუშაობდი, მაგრამ ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ მთელი ჩემი გული და გონება აქეთ იყო მომართული, ხატვაში ღამეებს ვათენებდი.
© courtesy of Nina Vadachkoriaნინა ვადაჭკორიას ნახატი
ნინა ვადაჭკორიას ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
ნინა ვადაჭკორიას ნახატი
- რა მოხდა მაშინ, როცა სასაზღვრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი არჩევანის წინაშე დადგა?
- არჩევანის წინაშე მართლა დავდექი, რომელი უნდა ამერჩია – სასაზღვროში დავრჩენილიყავი თუ მეხატა. ვიფიქრე და სწორედ მესაზღვრის დღეს, 21 მარტს თათბირზე განვაცხადე, რომ სამსახურიდან მივდივარ, იმიტომ რომ ღმერთმა სხვა გზა გამომიგზავნა და უფლის მიერ გამოგზავნილ გზაზე უარს ვერ ვიტყოდი. ვთქვი, რომ პატიოსნად ვემსახურე საქართველოს სასაზღვრო პოლიციას და დანარჩენი ცხოვრება მინდა შემოქმედებას დავუთმო–მეთქი. არავინ იცის ქვეცნობიერიდან როდის და რა ამოტივტვდება, ვინ წარმოიდგენდა, რომ 50 წლის ასაკში ხატვას დავიწყებდი?! ამის გარდა ყველაფერს წარმოვიდგენდი მეც და ირგვლივ მყოფებიც, მაგრამ ასე მოხდა, რადგან „შეუცნობელია გზანი უფლისანი“...
© courtesy of Nina Vadachkoria„ჩაისუნთქე“ - ავტორი ნინა ვადაჭკორია
„ჩაისუნთქე“ - ავტორი ნინა ვადაჭკორია - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
„ჩაისუნთქე“ - ავტორი ნინა ვადაჭკორია
- თქვენს ნახატებში უფრო ხშირად იაპონური, ეგვიპტური, აღმოსავლური თემებია, რითი ხსნით ამას?
- გეთანხმებით, ნამდვილად ჭარბობს აღმოსავლური, იაპონური და ეგვიპტური თემატიკა. ეს რითი აიხსნება, არ ვიცი, ალბათ სულიერი მდგომარეობით, იმით, თუ რასთან უფრო ახლოს ხარ შეძენილი ცოდნით. ალბათ რაც ცხოვრების განმავლობაში გაგივლია, რასაც შენზე შთაბეჭდილება მოუხდენია, ან, შეიძლება, სულაც რეინკარნაციები გქონია, ყველაფერი იქიდან გამომდინარეა. შეიძლება წინა ცხოვრებაში იაპონიაში სულაც გეიშა ყოფილხარ, ან ეგვიპტეში - ფარაონი. არ ვიცი, ეს ყველაფერი სულის ამოძახილია. იაპონური კულტურა ბავშვობიდან მომწონდა. როცა დეიდაჩემმა იასუნარი კავაბატას „ხელისგულისოდენა მოთხრობები“ თარგმნა, მეხუთე კლასში ვიყავი. როცა წავიკითხე, მას შემდეგ იაპონური კინო და ლიტერატურა ჩემთვის ძალიან საინტერესო და ღრმა გახდა.
© courtesy of Nina Vadachkoria„სიყვარულში“ - ავტორი ნინა ვადაჭკორია
„სიყვარულში“ - ავტორი ნინა ვადაჭკორია - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
„სიყვარულში“ - ავტორი ნინა ვადაჭკორია
- თქვენს ერთ ნახატს ასეთი რამ მიაწერეთ: „როცასაკიატომშეიყვარაჯანი“ და იქვე განმარტეთ – „ჯანი" იშვიათი გურული ჯიშის ყურძენია. „საკიატო" არარსებული ხე, საკურას ბიძაშვილი". რატომ გაჩნდა ასეთი უცნაური ასოციაცია?
- ჯანი იშვიათი ჯიშის გურული ყურძენია, რომელიც არასდროს გამისინჯავს. შეიძლება მე ვარ იშვიათი ჯიშის ყურძენი? - არ ვიცი, მეც ხომ გურული ფესვები მაქვს? - ეს ხუმრობით გითხარით. რაც შეხება საკიატოს და მოგონილ ხესთან ჩემს სიყვარულს, წარმოვიდგინე, რომ ამ ყურძნისგან დაწურულ ღვინოს როცა შესვამ, როგორ ხასიათზე შეიძლება დადგე, ან როგორი სიყვარულით შეიძლება აივსო. ამ შემთხვევაში ქვეცნობიერიდან უფრო შეუცნობელის სიყვარული ამოვიდა. ვიფიქრე, აღმოსავლური და ქართული კულტურა რაღაცით ჰგავს ერთმანეთს. ამ ორი კულტურის და ტრადიციების შერწყმით შეიძლება საინტერესო რამ მივიღოთ. ჩვენთვის, ისე როგორც იაპონელებისთვის, ღირსება სიცოცხლეზე მეტია. ოჯახს და ტრადიციებს ისინიც ჩვენსავით აფასებენ. თუმცა ბევრად მშვიდები და გაწონასწორებულები არიან. ვიფიქრე, თუ ჩვენი ხასიათი აპონურ სიმშვიდეს შეერწყმება, მას ისეთი სუნი და გემო ექნებოდა, როგორიც საკიატოს და ჯანის – მათი სიყვარულისა და ქორწინების შემთხვევაში...
© courtesy of Nina Vadachkoriaნახატი „მე, შენ და ის“
ნახატი „მე, შენ და ის“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
ნახატი „მე, შენ და ის“
- რომელია ნახატი, რომელმაც ფაქტობრივად „გაიძულათ“ დაგეხატათ?
- ნახატი, რომელმაც „მაიძულა“, რომ დამეხატა, „ქურუმია“. მახსოვს, მეძინა და აფორიაქებულმა გავიღვიძე, მგონი, პლანეტები ერთ სიბრტყეზე განლაგდნენ. შუაღამის ოთხ საათზე მოლბერტთან მივედი და ჯერ წარმოსახვაში ნანახი ფონი დავხატე. ამ ფონს ვუყურებდი და ვხედავდი როგორ ისახებოდა კონტურები. ფერები თავისით ლაგდებოდა და ჩემი ხელიც კონტურებს მიჰყვებოდა. ასე შეიქმნა „ქურუმი“. თუმცა ჩემი ნახატების უმრავლესობა სწორედ ასეა შექმნილი. როცა ერთი მთავრდება, თავში მაშინვე რამდენიმე მოდის და ზოგჯერ მინდა ბევრი ხელი მქონდეს, რათა ისინი ერთდროულად ვხატო.
© courtesy of Nina Vadachkoriaნინა ვადაჭკორიას ნახატი „როცა საკიატომ შეიყვარა ჯანი“
ნინა ვადაჭკორიას ნახატი „როცა საკიატომ შეიყვარა ჯანი“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
ნინა ვადაჭკორიას ნახატი „როცა საკიატომ შეიყვარა ჯანი“
- თქვენს ერთ ნამუშევარს ჰქვია „მსოფლიოპანდემიისჟამს". როგორი გახდა მსოფლიო პანდემიის დროს?
- მსოფლიო დალაგებული არასდროს იყო, პანდემიის ჟამს კი აშკარად მასობრივმა ფსიქოზმა იჩინა თავი. რასაც ხედავენ, იმაზე არ საუბრობენ და რასაც ვერ ხედავენ, იმას წინასწარმეტყველებენ. რაც ესმით, იმას უკუღმა იგებენ და რაც არ ესმით, იმაზე საუბრობენ. მოკლედ, მსოფლიოში დიდი „ალაბურდაა“ და პანდემიის თემაზე შექმნილი ჩემი ნახატის აზრიც ესაა. პანდემიამ ნათლად დამანახა, რომ ადამიანს პირველად ჩაერთო თვითგადარჩენის ინსტიქტი. მსოფლიოში ყველამ ლოცვის ნაცვლად საკვების მომარაგება დაიწყო. სიყვარული, ლოცვა, ღმერთი და გაერთიანებისა და დახმარების სურვილი შედარებით გვიანი იმპულსი იყო...
- თქვენი აზრით, „პანდემიური“ გამოცდილება როგორ უნდა გამოვიყენოთ?
- როგორ უნდა გამოვიყენოთ? - სამყაროს გადარჩენაში დავეხმაროთ. ეს თავად ჩვენ გადარჩენასაც გულისხმობს, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. ყველას გაგვიჩნდა იმის დრო, რომ საკუთარ თავში უფლის მარცვალი, ანუ შემოქმედი აღმოვაჩინოთ, რადგან ფარული ნიჭი ყველას აქვს. ახლა სწორედ ამ ნიჭის აღმოჩენის, მისი მაღალ ვიბრაციაში გადასვლის და ახლის შექმნის არაჩვეულებრივი დროა. ამით შეგვიძლია სამყაროს შევუერთდეთ, ყური დავუგდოთ მის გულისცემას, ჩვენი დადებითი მუხტი გავაერთიანოთ და მას ჭრილობები მოვუშუშოთ. როცა მას სტკივა, თავდასაცავად ჩვენთვის შეუცნობელ სიტუაციებს გვიგზავნის. ამიტომ ჩვენი სიხარულის, სიკეთისა და სიყვარულის გაერთიანებით მას განკურნებაში უნდა დავეხმაროთ. პანდემია ამ კუთხით სწორედ ის დროა, რამაც შემოქმედთან და თავისუფლებასთან უნდა მიგვაახლოვოს...
ყველა ახალი ამბავი
0