შსს: სააკაშვილს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშსს–ს შენობა
შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
გამოწერა
ოფიციალურმა სტრუქტურებმა უკვე უარყვეს სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შესახებ ინფორმაცია.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთია, შესაბამისად, ის არ შეიძლება საქართველოში იყოს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. თავის Facebook-გვერდზე მან ორი ვიდეომიმართვა განათავსა, რომლებიც, მისი თქმით, ბათუმშია ჩაწერილი ღამის საათებში. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს არის „ფეიკი“ და ექს-პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება. შსს-ში აღნიშნეს, რომ სააკაშვილს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.

„მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა უკრაინულ მხარესთანაც და მათგანაც დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია“, – განაცხადა დარახველიძემ.

ოფიციალურმა სტრუქტურებმა უკვე რამდენჯერმე უარყვეს სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შესახებ ინფორმაცია.
ბათუმი ღამით - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
სააკაშვილმა ვიდეომიმართვა მართლა ბათუმიდან გაავრცელა? ჟურნალისტური გამოძიება
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათია მითითებული.
ექს-პრეზიდენტმა, რომელმაც არაერთხელ დააანონსა ქვეყანაში დაბრუნება, განაცხადა, რომ არ ეშინია დაჭერის. ქვეყნის ხელისუფლებაში კი პირობა დადეს, რომ როგორც კი ექს-პრეზიდენტი „ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს“, იმავე წუთს დააკავებენ.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0