ძიუდო: საქართველომ შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატს პირველად უმასპინძლოს

© photo: Sputnikძიუდო
ძიუდო - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
გამოწერა
უკვე დაგეგმილია, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონატი უზბეკეთსა და კატარში გაიმართება. საქართველომ აღნიშნულ ტურნირს შესაძლოა 2024 ან 2025 წელს უმასპინძლოს.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველომ უახლოეს წლებში შესაძლოა ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლოს. ინფორმაცია ვიდეო-მიმართვისას საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა გაავრცელა.
როგორც ქევხიშვილმა აღნიშნა, ფედერაცია სხვადასხვა მიმართულებით მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით.

„დიდი ნაბიჯები გადავდგით მსოფლიოს ჩემპიონატის შესაძლო მასპინძლობასთან დაკავშირებით. წელს შეხვედრისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც გამოთქვა სურვილი, რომ საქართველომ ამ ტურნირს უმასპინძლოს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით პირველი პრაქტიკული ნაბიჯები უკვე გადაიდგა“, – განაცხადა ქევხიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან უკვე განიხილეს თბილისის გრანდ-სლემის საკითხი, რომელიც წელს საქართველოში პირველად ჩატარდა (26-28 მარტი). ქევხიშვილის თქმით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია დათანხმდა, რომ თბილისმა ტურნირს გრანდ-სლემის სტატუსით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც უმასპინძლოს.
ქართველი ძიუდოისტი ზაგრებში გრან-პრის სერიის ტურნირის გამარჯვებულია>>
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი არასდროს გამართულა. მომდევნო წელს მსოფლიო პირველობას უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი, 2023 წელს კი – კატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებენ. ამასთან, გაწერილი გეგმის მიხედვით, ისრაელის ძიუდოს ფედერაცია არჩევანს გააკეთებს და ჩემპიონატს 2024 ან 2025 წელს უმასპინძლებს. შესაბამისად, ამ დროისათვის ჯერ უცნობია, თუ როდის მიეცემა საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესაძლებლობა.
ყველა ახალი ამბავი
0