„მე ქართველი ვარ, ძმებო!“ – თბილისის მერობის ეგზოტიკური კანდიდატი საქართველოს შესახებ

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliარინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ
არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
გამოწერა
საქართველოში 2 ოქტომბერს საკრებულოს დეპუტატებისა და მერების არჩევნები გაიმართება. თბილისის მერის თანამდებობაზე ერთ-ერთი პრეტენდენტი ნიგერიელი, იგბოს ტომის წარმომადგენელია.
იმ პარტიების ჩამონათვალში, რომელთა წარმომადგენლებიც ყოველწლიურად იყრიან კენჭს ამა თუ იმ თანამდებობაზე საქართველოს მთავრობაში, წელს შეხვდებით ახალ, მაგრამ უკვე საკმაოდ ცნობილ პოლიტიკურ ძალას – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“. პარტია იმით გამოირჩევა, რომ მისი ლიდერი ნიგერიელი არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუა, რომელიც დედაქალაქის მერის თანამდებობაზე იყრის კენჭს.
მერობის კანდიდატმა „Sputnik-საქართველოსთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა, თუ რატომ უყვარს ასე საქართველო და რატომ გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა.
პირველი სტუმრობა საქართველოში
როდესაც პირველად აქ ჩამოვედი, პირველი, რამაც გამაკვირვა, იყო ის, რომ ხეებზე ფოთლები არ იყო. იქ, საიდანაც მე ვარ წარმოშობით, მთელი წელი სიმწვანეა. სიტყვები არ მყოფნის იმის აღსაწერად, რამდენად ძლიერ გამაკვირვა ამან. მეორე შოკი იყო ის, როდესაც ქუჩებში დავდიოდი, ადამიანები მოდიოდნენ და რაღაც უცნაურ კითხვებს მისვამდნენ. ვიღაც მეკითხებოდა – თქვენს ქვეყანაში არის მანქანები? ხუმრობით ვეუბნებოდი – არც მანქანებია, არც სახლები. კიდევ ვეუბნებოდი, თქვენი ქვეყნის საელჩო ტყეშია–მეთქი. ამ ხუმრობა-ხუმრობაში გავიჩინე ახალი ნაცნობები, ახალი მეგობრები. ეს ჩემთვის რაღაც სრულებით ახალი იყო.
არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ  - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
ნიგერიის ერთ-ერთი კუთხის მეფე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს
რაც უფრო ახლოს ვეცნობოდი ადამიანებს, მით უფრო მეტად მომწონდა ეს. კიდევ მაოცებდა საქართველოში მცხოვრები ადამიანების გულწრფელობა. მნიშვნელობა არა აქვს, ეს გულწრფელობა „პლუსის“ ნიშნით იყო თუ „მინუსის“. ზოგჯერ პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ არ უყვარდათ შავკანიანი ადამიანები. ვიღაც ამბობდა, რომ, პირიქით, ძალიან ვუყვარდი. ამას ვაფასებ ადამიანებში, როდესაც პირდაპირ გეუბნებიან - ჰო ან არას. ვაფასებ, როდესაც ადამიანები იმას ამბობენ, რაც გულში აქვთ. მეც ასეთი ვარ. თუ რამე არ მომწონს, მაპატიეთ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით. თუ მომწონხარ, სიკვდილამდე შენ გვერდით ვიქნები.
ქართველებისა და ნიგერიელების მსგავსებაზე
საქართველოში ბევრი სიტყვა გავიგე, მაგალითად, „ძმაკაცი“. ეს უნიკალური სიტყვაა, რომლის მნიშვნელობაც ბოლომდე მხოლოდ საქართველოში შეიძლება შეიგრძნო. ასეთივე ცნება არის იმ ადგილას, საიდანაც მე ვარ. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ არსად არ შემხვედრია „ძმაკაცის“ მსგავსი სიტყვა საქართველოს და ჩემი მშობლიური მხარის გარდა.

მე არ ვგულისხმობ მთელ აფრიკას ან მთელ ნიგერიას, არამედ ვსაუბრობ იგბოზე (ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხი, - რედ.). ორივე ჩვენმა ხალხმა იცის, რა არის „ძმაკაცობა“. თუ ადამიანს „ძმაკაცს“ ეძახი, მის გვერდით უნდა იყო ყოველთვის – ჭირშიც და ლხინშიც. ჩვენთანაც ასეა.

ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც ქართველებს ვეცნობოდი, ვხედავდი მათ გულწრფელობას, სითბოს და სტუმართმოყვარეობას. ეს მახარებდა, რადგან მაგონებდა სამშობლოს, ჩვენთანაც მსგავსი წეს-ჩვეულებებია. იქაც მიღებულია სტუმრის საუკეთესო სკამზე დასმა და საუკეთესო საწოლში მოსვენება. იგივეა აქაც. საქართველოში ცხოვრების პირველი ორი წლის განმავლობაში მგონი საერთოდ არ მომიმზადებია საჭმელი სახლში. სტუმრად დავდიოდით, სახლში არ გვიშვებდნენ. ეს ყველაფერი ისე მომეწონა, რომ აქედან წასვლა აღარ მომინდა.
მენტალიტეტზე
როდესაც აფრიკაში ჩავდივარ, მეუბნებიან: „შეცვლილი ხარ!“ რასაკვირველია, შეცვლილი ვარ. რამდენი წელია საქართველოში ვცხოვრობ. ვსვამ აქაურ წყალს, აქაურ კერძებს ვჭამ. ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც ქართველები. ადგილობრივი მენტალიტეტი შევითვისე, ვსაუბრობ როგორც ქართველი. მეუბნებიან, რომ სიარულიც კი თბილისური მაქვს. სხვათა შორის, ადგილობრივებს მოვწონვარ! არ ვიცი რატომ, მაგრამ ამას ვგრძნობ. ვიღაცამ შეიძლება თქვას მერად ჩემი კანდიდატურის წამოყენებაზე – „რა უნდა ამ შავკანიანს“, მე კი ვუპასუხებ: „ქართველი ვარ, ძმაო!“
პოლიტიკაზე
ის თბილისი, სადაც ოდესღაც ჩამოვედი, და ის თბილისი, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ – ორი სხვადასხვა ქალაქია. ახლა ადამიანები უფრო გაღიზიანებული არიან. მეჩვენება, რომ ეს პოლიტიკას უკავშირდება.
© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliარინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ
Аринзе Ричард Огбунуджу, кандидат в мэры Тбилиси - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ
მშვენივრად ვხედავ ახლა რაც ხდება. მაგალითად, თუ ჩემი პარტიის „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ მხარდამჭერი ხარ, სხვა პარტიების მხარდამჭერები მტრად მიგიჩნევენ. ასე არ უნდა იყოს! ჩვენ გვინდა მშვიდობიანი პოლიტიკა, არ უნდა ვიყოთ აგრესიულები სხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერთა მიმართ. პირადად მე ყველა ქართველი მიყვარს, „ოცნების“ მხარდამჭერები იქნებიან, „ნაციონალური მოძრაობის“, თუ სხვა ნებისმიერი პარტიის.
ჩვენ ყველანი ძმები ვართ! და თუ უმრავლესობა თავის ლიდერს აირჩევს, ჩვენ მაინც ერთად ყოფნა უნდა გავაგრძელოთ. საზოგადოება არ უნდა გაიხლიჩოს. მე გული მტკივა, როდესაც ვხედავ, რომ ყველაფერი პირიქით ხდება. ჩემთვის ჩემი ქვეყნის, ჩემი ქალაქისა და ჩემი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზეა.
პატივი უნდა ვცეთ მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანს. ასე მიმაჩნია. ჩვენ ხომ ყველანი ქართველები ვართ, ჩვენ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ.
წინასაარჩევნო კამპანიაზე
მე მიყვარს ეს ქალაქი, ეს ქვეყანა. მინდა, რომ ადამიანები არ იტანჯებოდნენ სიღარიბის გამო, რომ უსახლკარო ძაღლები არ იხოცებოდნენ ქუჩებში, ახალგაზრდობას ჰქონდეს მომავალი და კარგი სამუშაო. არჩევნებზე მივდივარ არა იმიტომ, რომ მერობა მინდა! მივდივარ, რათა ჩემი ხმა გაიგონონ, მინდა ყველამ იცოდეს – აღარ შემიძლია თვალი დავხუჭო იმაზე, როგორ იხოცებიან ჩემს საყვარელ ქვეყანაში ადამიანები შიმშილით. ძვირფასო თბილისელებო, მე – არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუს გულწრფელად მიყვარს ეს ქალაქი და ეს ქვეყანა!..
ყველა ახალი ამბავი
0