ცესკო: „სისხლიანი ბანერების“ დამკვეთს კანონი არ დაურღვევია

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili„სისხლიანი ბანერები“
„სისხლიანი ბანერები“ - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
გამოწერა
მოქალაქე, რომელმაც ბანერების განთავსება დააფინანსა, არ წარმოადგენს არც ერთ პარტიას და, შესაბამისად, არ არღვევს კანონს, მიაჩნიათ ცესკოში.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს ქუჩებში წინასაარჩევნოდ განთავსებული სკანდალური ბანერები არ მიიჩნია წინასაარჩევნო რეკლამად, ანდა წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილად, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერების ადგილზე პოლიტიკური ბანერები გაჩნდა. საუბარია ბანერებზე, რომლებზეც ოპოზიციური პარტიებისა და ტელეკომპანიების ლიდერები არიან გამოსახული.
ბანერებს აქვს „სისხლის“ ლაქები და წარწერა: „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“. მათზე გამოსახული არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ტელეარხ „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ბანერების განთავსება ბიზნესმენმა მიხეილ გაბრიაძემ დააფინანსა.
სისხლიანი ბანერები - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
ვინ არის ბიზნესმენი, რომელმაც „სისხლიანი ბანერები“ დააფინანსა
„საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად მოიკვლია ბანერების თემა და დაადგინა კიდეც, რომ ბანერების დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც შპს „ალმას“ შეუკვეთა მათი დამზადება/განთავსება. სწორედ ამ კერძო პირის წერილობითი პასუხებიდან ირკვევა, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება/განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით. ჩვენი მოკვლევის თანახმად, ეს პირი ასევე არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არის რეგისტრირებული. ის არ არის არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების შემომწირველი“, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ცესკოში აღნიშნავენ, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბანერები არ შეიძლება მიჩნეულ იქნას საარჩევნო პროგრამად, ბანერები არ არის განთავსებული კანონდარღვევით, თუმცაღა ახდენენ ცესკოსთვის მიუღებელი სიძულვილის ენის ტირაჟირებას.
საარჩევნო ადმინისტრაციაში ბანერებთან დაკავშირებით შევიდა სამი საჩივარი, რომლებიც წარადგინეს ორგანიზაციებმა: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ელენე ხოშტარია – დროა“.
ყველა ახალი ამბავი
0