ისტორიული წერილები: როგორ მიმართავდნენ ქართველ მეფეებს მსოფლიო იმპერიათა მბრძანებლები

© Pixabay / NadineDoerleძველებური საწერი მოწყობილობა
ძველებური საწერი მოწყობილობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
გამოწერა
ალ-უმარის ნაშრომში შემონახულია ეგვიპტის სულთნების მიმოწერის წესი საქართველოს მეფე გიორგი ბრწყინვალესთან, რომლის დაცვაც აუცილებელი იყო ოფიციალურ ეპისტოლეებში...
საქართველოს სახელმწიფოებრიობა თითქმის 3 ათას წელს ითვლის, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 300-400 წელი თუ ვიყავით დამოუკიდებელი. მიუხედავად ამისა, ამ მცირე დროში მაინც მოვახერხეთ ისე გავძლიერებულიყავით, რომ იმპერიადაც ვქცეულიყავით და მრავალპოლარულ სამყაროში თამამად გვეთქვა ჩვენი სიტყვა.
მაგალითად გამოდგება ფარსმან ქველის, დავით აღმაშენებლისა თუ თამარ მეფის ეპოქების საქართველო — მათ მიერ შექმნილი ძლიერი სახელმწიფო, რომლის დამმარცხებელი ძალა მაშინდელ სამყაროში არ არსებობდა.
შურისძიება - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2018
ხატისსოფლის ბრძოლა: ქართლის მეფე „დელი სვიმონი“ და სამარცხვინოდ განადგურებული ოსმალები
თუმცა ქართველობა ბედს არც მაშინ ეგუებოდა, როდესაც საქართველო დაპყრობილი და გაჩანაგებული იყო, ჩვენი ხალხი ბრძოლას არასდროს წყვეტდა, რის გამოც მტრის პატივისცემასაც კი ვიმსახურებდით. ეს ნათლად არის ასახული ქართველი მეფეებისადმი გამოგზავნილ წერილებში, რომლებშიც უდიდესი იმპერიების მმართველები დიდი სიფრთხილითა და პატივისცემით მიმართავდნენ მათ. ვფიქრობთ, ამ წერილების შინაარსი და პათოსი საინტერესო იქნება მკითხველებისთვის.
ოსმალთა სულთან მურად მესამის (1574–1595 წწ.) ხელმწიფობის ჟამს ოსმალეთი მსოფლიო იმპერიას წარმოადგენდა და სამ კონტინენტზე (ევროპა, აზია, აფრიკა) დაახლოებით 13 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე იყო გადაჭიმული. მურად მესამეს 40 მილიონამდე ქვეშევრდომი ჰყავდა, მაგრამ მაინც უდიდესი რიდითა და კრძალვით მიმართავდა თავის უსტარში პატარა ქართლის (დახლოებით 20 ათასი კვადრატული კილომეტრი, 400 ათასამდე ქვეშევრდომით) მეფე სვიმონს:

„იესიელთა დიდებულ თავადთა სიამაყევ, მესიელთა ხალხებში წარჩინებულთა წარჩინებულო, ქრისტეს მიმდევარ გვარტომთა საქმეების კეთილად წარმმართველო, ქართლის ქვეყნის მფლობელო სვიმონ... შენი სურვილი და საწადელი კეთილად აღესრულა... შენს უფლებაში მყოფი ქვეყანა უწინდებურად შენს ხელში იყოს, იყავ მისი მფლობელი შთამომავლობიდან შთამომავლობამდე და ვინმეს მასში ხელი არ ჰქონდეს და ვერც ვერავინ ჩაერიოს“.

XVI საუკუნის მეორე ნახევარში სამყაროს კიდევ ერთი უდიდესი მბრძანებელი ჰყავდა ესპანეთის მეფის ფილიპე მეორის სახით, რომლის იმპერიაც ოთხ კონტინენტზე იყო გადაჭიმული. ხატოვნად რომ ვთქვათ, მის სამფლობელოში მზე არ ჩადიოდა.
ძველებური კალამი და სამელნე - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2019
ამბავი დელი-სვიმონის შეპყრობისა: ტალახში ჩაფლული მეფის უკანასკნელი ხმალთაკვეთება
ქართლის მეფე სვიმონმა ფილიპე მეორეს წერილით მიმართა დახმარების სათხოვნელად. მაშინდელი მსოფლიოს ფაქტობრივ მბრძანებელს უყურადღებოდ არ დაუტოვებია ეს თხოვნა და 1598 წელს საპასუხო წერილი გამოგზავნა საქართველოში, რომელშიც ის ქართლის მეფეს დახმარებას ჰპირდებოდა.
სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, ევროპელებმა მაშინაც „გადაგვაგდეს“. ერთი წლის შემდეგ ოსმალებმა სვიმონი ტყვედ ჩაიგდეს, მაგრამ ფილიპეს არც მისი და არც საქართველოს გადასარჩენად თავი აღარ გამოუდვია. მიუხედავად ამისა, ესპანეთის მეფის საპასუხო წერილი მართლაც საინტერესო გახლავთ:

„სიმონს, ქართველთა ღირსეულ მეფეს… დიდად გამახარა შენმა წერილმა, რომელიც გამოხატავს შენს მტკიცე შეუდრეკელობას… ამაში ნამდვილად დაგეხმარება ყოვლისშემძლე უფლის ნება-სურვილი… მე მინდა, უფლის შეწევნით, ნამდვილად მიაღწიო აღებულ მიზანს, ხოლო თუ საჭიროება მოითხოვს, ჩემი მხრივ გამოვხატო ისეთივე სურვილი, ხელი შევუწყო ამ წამოწყებას, საამისოდ არ დავიშურებ არაფერს… უკვე დავიწყე მოლაპარაკება რომის პაპთან. უვნებლად გამყოფოს ყოვლის შემძლე უფალმა“.

პარადოქსია, მაგრამ თვით თბილისის ამაოხრებელი სპარსეთის შაჰი აღა მაჰმად ხანი ოფიციალურ წერილში დიდად განადიდებდა ქართლ-კახეთის მეფეს ერეკლე მეორეს. თანაც წერილიც გამოგზავნა კრწანისის ბრძოლიდან ერთ წელიწადში, როდესაც სპარსელებთან მოკავშირეობა კი არა, აღა მაჰმად ხანის სახელის ხსენებასაც კი ვერავინ უბედავდა პატარა კახს. ქართლ-კახეთის მეფემ პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა მტარვალი და მისი „აღმატებული წერილი“ რუსეთის იმპერატორს გადაუგზავნა. წერილი კი ასე იწყებოდა:
„უზენაესად პატივცემულო, მაღალადგილიანო, უბედნიერესო, ქართველ მეფეთა შორის გამოჩენილო, ირანის ყველა სახელოვან ხანთა შორის უპატივცემულესო, სრულიად საქართველოს მეფევ ერეკლე...“
ერეკლე მეორის ძეგლი თელავში - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2020
თქმულება „აშვებული ლომისა“, ანუ რამდენიმე ამბავი მეფე ერეკლეს ცხოვრებიდან
თუმცა ყველაზე აღმატებულ ხარისხში მაინც ქართველთა მეფეთა-მეფე გიორგი ბრწყინვალეს მოიხსენებენ.
გიორგი V-ს ეგვიპტის სასულთნოში დიდად აფასებდნენ. ჩვენამდე მოღწეული არაბული წყაროები მისი და მისი პერიოდის საქართველოს შესახებ მრავალ საინტერესო ცნობას იძლევა. ეგვიპტის სახელმწიფო მდივნის ალ-უმარის (1301–1349 წწ.) ნაშრომში „მაღალი ტერმინოლოგიის განმარტება“ დაცულია ეგვიპტის სულთნების მიმოწერის წესი მეფე გიორგისთან. სულთნები თავიანთ ოფიციალურ ეპისტოლეებში საქართველოს მეფეს შემდეგნაირად მიმართავდნენ:

„მაღალი ალაჰი ხანგრძლივს ჰყოფს ბრწყინვალებას მისი მეფური უდიდებულესობისას, დიდებულისა, გულადისა, მამაცისა, ლომისა, მეთაურისა, მრავალგზის თავდამსხმელისა, ლომგულისა, ტახტის მპყრობელისა, გვირგვინოსნისა, თავის სარწმუნოებაში განსწავლულისა, თავის სამწყსოს მიმართ სამართლიანისა, საბერძნეთის მეფეთა შორის რჩეულისა, ქართველთა სულთნისა, ზღვებისა და სრუტეების სამეფოს განძისა, რაინდთა სამეფოს დამცველისა, ტახტ-გვირგვინოსანთა შთამომავლისა, რუმისა და ირანის ქვეყნების ზღუდისა, ქრისტიანობის განმამტკიცებლისა, ქრისტიანობის შემწისა, საქრისტიანოს გმირთ მესიისა, თავისი განზრახვით იერუსალიმის განმადიდებლისა, ნათლისღებულთა ბურჯისა, რომის პაპის შემწისა, მუსლიმთა ერთგული მეგობრისა, ახლობელ-მეგობართაგან ყველაზე გულწრფელისა, მეფეთა და სულთანთა მეგობრისა...“

როგორც ყველაფრიდან ჩანს, ეგვიპტის მაშინდელი მმართველები დიდად აფასებდნენ გიორგი V-ს, როგორც ნიჭიერ პოლიტიკოსსა და დიპლომატს, კეთილად განწყობილს სხვა ხალხებისა და რელიგიებისადმი.
ჯაჭვის პერანგი და ხმალი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2018
რაინდთა სამეფოს დამცველი: „და ეწოდა მეფესა ამას გიორგი ბრწყინვალე“
თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უპატიებლად ექცეოდნენ ქართველთა მეფეებს და დამცირებით მოიხსენებდნენ წერილებში. მაგალითად გამოდგება ბუხარის ემირის თემურ ლენგისა და რუმის სულთან რუქნ ად-დინ სულეიმან შაჰის მკრეხელური წერილები, რისთვისაც მწარედ შესანანი „მუშტი“ მოხვდათ. რუქნ ად-დინი ბასიანში სასტიკად დამარცხდა და კუდამოძუებული ისეთი სისწრაფით გაიქცა, საკუთარ ცხენს გაასწრო ბრძოლის ველიდან. კოჭლმა თემურმა ხსენებული წერილის გამოგზავნის შემდეგ კიდევ სამჯერ (სულ კი რვაჯერ) ილაშქრა საქართველოში, თუმცა მისი ყოველი ლაშქრობა უშედეგოდ სრულდებოდა. ვერა და ვერ დაიმორჩილა ჩვენი ქვეყანა და ისიც იძულებული შეიქნა, ხელმოცარული გასცლოდა საქართველოს და გურჯთა შმაგი მეფის ჯავრი საფლავში წაეღო.
ერთი სიტყვით, ვიმარჯვებდით თუ ვმარცხდებოდით, მაინც არავის ვაძლევდით იმის უფლებას, რომ დავემცირებინეთ, ვაიძულებდით შესაბამისი პატივით მოგვქცეოდნენ. ამის კლასიკურ მაგალითს ფარსმან ქველისა და რომის იმპერატორების ურთიერთობა წარმოადგენს.
ხმალი ბრძოლის ველზე - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2017
იბერიის უძლეველი მეფე და რომის იმპერიის საპატიო „მტერი“ ფარსმან ქველი
რომის იმპერატორმა ადრიანემ, განრისხებულმა იმით, რომ იბერიის მეფემ მისი მბრძანებლობა არ აღიარა, ფარსმანის მიერ იმპერატორისთვის საჩუქრად გაგზავნილ ძვირფას სამოსში მონა გლადიატორები გამოაწყო და ასე გაიყვანა არენაზე. ეს მცხეთის სამეფო სასახლეში შეურაცხყოფად მიიღეს. მეფემ დარიალის კარი შეხსნა, იქიდან ჩრდილოეთ კავკასიაში მომთაბარე ალანები გადმოიყვანა და რომის აღმოსავლურ პროვინციებს შეუსია. მომთაბარეებმა ერთიანად მოსრეს და გააპარტახეს რომის ათამდე მცირეაზიული (დღევანდელი თურქეთი) პროვინცია.
ეს ლაშქრობა ჭკუის სასწავლებელი აღმოჩნდა რომისთვის. ამის შემდეგ იმპერატორი ადრიანე ისე მოკვდა, ერთი ზედმეტი სიტყვაც აღარ დასცდენია ფარსმანზე. მისი მემკვიდრე ანტონიუს პიუსი კი ისე დაუმეგობრდა იბერიის ძლევამოსილ მეფეს, რომ რომში დიდი პატივით მიიღო და ქალაქის ცენტრში ძეგლიც კი აღუმართა.
ყველა ახალი ამბავი
0