სახალხო მეფეზე შექმნილ უამრავ ლეგენდასა და თქმულებაში კარგად არის არეკლილი ერის ის დიდი სიყვარული, რომელიც სიცოცხლეშივე მოიპოვა ამ ლეგენდარულმა ხელმწიფემ.
ხალხს გამორჩევით უყვარდა თავისი პატარა კახი და მისი ძალიან ეიმედებოდათ. ქვეყნის ფარგლებს გარეთ კი ერეკლესი ეშინოდათ და პატივსაც მიაგებდნენ.
აშვებული ლომი სახელად ერეკლე
XVIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში სამ კონტინენტზე გადაჭიმული ოსმალეთის იმპერიის სულთანმა აბდულ ჰამიდ I-მა ძალიან უცნაური და თავის დამამცირებელი წერილი გაუგზავნა დასუსტებული ირანის ხელმწიფე ქერიმ-ხანს:
„თუმცა ჩვენსა და თქვენს შორის არს მშვიდობა, რამეთუ ზავ გვიყოფიეს, გარნა ეგრეთცა აღგვიშვია ერთი ლომი, რომელ არს საქართველოს მეფე, რომელიც აოხრებს მარადის სამფლობელოსა ჩემსა და ამის გამო იხარჯვის ჩემგან არა მცირედი ხაზინანი, რომლისათვის მაქვს განცხადება მეგობრობისადმი თქვენი და გთხოვთ, რათა დააყენოთ იგი ესევითარისა მძლავრებისაგან“.
ისე გამოდიოდა, რომ თვით ოსმალეთის უზარმაზარი იმპერიის პატივმოყვარე სულთანიც კი თავს იმცირებდა და მასზე ბევრად სუსტ ირანის შაჰს სთხოვდა „აშვებული ქართველი ლომის“ – ერეკლე მეფის წინააღმდეგ რაიმეს მოქმედებას.
ქერიმ ხანიც ვერ მალავდა სიხარულს: შეხედე მეფეს ირაკლის, რომ ხონთქარი ჩემ წინაშე დაუჩოქებია და ჩემთან აჩივლებსო...
ხუმრობით თქმული სიმართლე
ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეს თურმე ბარძაყზე მუწუკის მსგავსი რაღაც გამოუვიდა და შეშფოთდნენ მსახურები.
მეფემ ჰკითხა, რა მაქვს, აღარ იტყვითო?!
ერთს უთქვამს, ძირძიდააო, მეორემ — თვალიაო, მესამემ — თაგვის კბილსა ჰგავსო...
ერეკლეს ჯერ ბარძაყზე დაურტყამს ხელი, მერე ყურთან მიუტანია და მსახურებისთვის უთქვამს:
— აქედან აქამდის სწორი ამბავი ვერ მოგიტანიათ და ქვეყნის ამბებს როგორღა შემატყობინებთ?!
ღამით გაპარული მეტოქე
მოხევეებმა ხევის სატკივარის ერეკლესათვის მისაწვდენად თბილისში წარმომადგენლები გამოგზავნეს, რომელთა შორის იყო 18 წლის მთაკაცი, რომელიც ნაძვივით აშოლტილ მოხევეებსაც კი ჩრდილავდა სიმაღლით. ერეკლეს ძალიან მოსწონებია ახოვანი მთიელი და უთქვამს, ჯერ ნურასა მთხოვ, რადგან სათხოვარი მე მაქვსო.
თურმე იმხანად სპარსეთიდან საქართველოში ერთი განთქმული ფალავანი ყოფილა ჩამოსული. ვისაც დაეჭიდა, ყველა ბეჭებზე გააკრა თურმე. ერეკლეს ბრძანებით სხვადასხვა კუთხიდან მოუხმიათ გამოჩენილი მოჭიდავეებისთვის, მაგრამ მარცხს მარცხზე ითვლიდნენ ქართველები.
ერეკლეს მოხევე ჭაბუკისთვის სპარსელი მოჭიდავის ამბავი უთქვამს და უთხოვია, დაეჭიდეო. ჯერ შორს დაუჭერია ჭაბუკს თავი, ჭიდაობისა არა ვიცი რა, ხმალში გავალო, მაგრამ მეფის ხათრით დათანხმებულა.
მოხევეს დაუმარცხებელი სპარსისთვის თავისი პირობები წაუყენებია. ჭიდაობა მეორე დღეს ავლაბრის ხიდზე უნდა გამართულიყო, რომლის მერეც დამარცხებული და შერცხვენილი ფალავანი პირდაპირ მტკვარში უნდა გადამხტარიყო. აბა, გალახული კაცის სიცოცხლეს რა ფასი აქვსო? უკითხავს ამაყ მთიელს.
მთაკაცის ხილვით შეფიქრიანებულ სპარსელს ხმა ვეღარ ამოუღია, მოხევის პირობებს უსიტყვოდ დათანხმებია.
მეორე დღეს ავლაბრის ხიდს გაღმა-გამოღმა აუარება ხალხი შეყრილა. ჩაუცმევიათ მოხევისთვის საჭიდაო ჩოხა და ისიც ფეხშიშველი შესულა ნახერხით მოფენილ წრეში. დიდხანს მდგარა დოინჯშემოყრილი სპარსელის მოლოდინში, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისათვის გამზადებული. მზე გადაწვერილა, ზურნა-დალაბანდი არაერთხელ აჭყვიტინებულა და დადუმებულა, მაგრამ სპარსელი ფალავანი არსად ჩანდა. ამბის შესატყობად გაგზავნილმა კაცებმა მეფეს მოახსენეს, სპარსელი წუხელ გაიპარა თბილისიდანო.
გახარებულმა ერეკლემ თურმე დიდძალი საჩუქარი შესთავაზა მოხევეს, მაგრამ მას უარი უთქვამს ჯილდოზე, მხოლოდ მოხევეთა სათხოვარი გადაუცია ერეკლესთვის.
სამწუხაროდ, მოხევე მთაკაცის სახელი ისტორიას არ შემორჩენია, მაგრამ მისი ამბავი არ დაკარგულა და არც დავიწყებას მისცემია. მოგვიანებით ალექსანდრე ყაზბეგმა თავის „ელგუჯაში“ სწორედ ის ლეგენდარული მოხევე გააცოცხლა სვიმონ ჩოფიკაშვილის სახეში...