მეგის ქარდავა ბრალს არ აღიარებს

CC BY 2.0 / Dave Nakayama / cagedციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
ყოფილი ჩინოვნიკის ადვოკატის განცხადებით, კიევმა და თბილისმა პატიმრები გაცვალეს.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. უკრაინიდან ექსტრადირებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა თავის ადვოკატს მალხაზ ველიჯანაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა.
ადვოკატის თქმით, მათ განიხილეს დაცვის შემდგომი სტრატეგია და ქარდავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენების გასაჩივრების საკითხი.
ერთ-ერთი ბრალდებით მეგის ქარდავას უვადო პატიმრობა ემუქრება>>
როგორც ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ქარდავას სახელით სოციალურ ქსელში განთავსდება განცხადება, სადაც ის ისაუბრებს იმ საქმეებზე, რომელთა გამო მას მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა. ასევე იმაზე, რომ ის უკრაინიდან პროცედურების უხეში დარღვევით იყო ექსტრადირებული.

„ყველა განაჩენი გასაჩივრდება იმ ვადაში, რაც კანონით არის დადგენილი. მისი პოზიცია უცვლელია – ის კვლავაც არ აღიარებს არც ერთ ბრალდებას... ასევე ისაუბრებს იმ პოლიტიკურ ვითარებაზე, როგორ მოხდა ექსტრადირება“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, არჩევნების წინ მოხდა ქარდავას გაცვლა უკრაინის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოში იყვნენ დაკავებული და რომლებიც შეიწყალეს. უფრო დეტალურად პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და პატიმრების შეწყალების შესახებ ქარდავა თავის განცხადებაში ისაუბრებს.
2021 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ვიზიტის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში დაკავებული ორი უკრაინელი – იური ხომიჩი და ვლადიმირ დიაჩენკო შეიწყალა, ასევე საქართველოს მოქალაქე მიხეილ ბატურინი. ისინი გასულ წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის იახტით უკანონო გადმოკვეთის გამო დააკავეს.
13 სექტემბერს უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა მეგის ქარდავას ექსტრადიციის შესახებ. ის სამშობლოში 17 სექტემბერს ჩამოიყვანეს და მაშინვე განათავსეს რუსთავის საპატიმროში.
ქარდავას საქმე
საქართველოს პროკურატურა ქარდავას ექსტრადიციას სისხლის სამართლის 11 საქმეზე მოითხოვდა, რომლებშიც ის ფიგურირებს როგორც ერთ-ერთი ბრალდებული. ხუთ დანაშაულზე მას უკვე გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად, ხოლო ექვსი თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია. აქედან ერთ-ერთ საქმეზე ქარდავას უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ეს ეხება თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და წამებას, სასტიკ მოპყრობას, ადამიანის ღირსების შელახვასა და მორალური ტანჯვის მიყენებას დაკავებული ქალისთვის 2009 წელს.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
ყველა დამნაშავე წარდგება მართლმსაჯულების წინაშე – საქართველოს პრემიერი
ქარდავა დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ პატიმართა მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, მას მიესაჯა 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა, ხოლო ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე – 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა.
კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი ქარდავას წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის, წამებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე გამოიტანა და 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
ქარდავამ სამშობლო 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა. მასზე ძებნა 2013 წელს გამოცხადდა. ქარდავას უკრაინაში დაკავების შესახებ ცნობილი 2017 წლის ნოემბერში გახდა. მაშინ დაიწყო მისი საქართველოში ექსტრადიციის საქმის განხილვა. 2018 წლიდან მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით ჰქონდა შეცვლილი. მთელი ამ დროის განმავლობაში ქარდავა შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.
11 სექტემბერს თავად ქარდავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის ხელისუფლება შეუთანხმდა ქართულ მხარეს და მზადაა ის საქართველოს გადმოსცეს. იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა უკრაინელი მოსამართლე, რომელიც ქარდავას ექსტრადიციის საქმეს განიხილავდა. მოსამართლე გარდაცვლილი იპოვეს ერთ-ერთ სოფელში, სახლში, სადაც სტუმრად იმყოფებოდა.
პოლიცია უკრაინაში - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
გარდაცვლილი იპოვეს უკრაინელი მოსამართლე, რომელიც ქარდავას ექსტრადიციის საკითხს განიხილავდა
მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. უკრაინული პრესა არ გამორიცხავს, რომ ეს მოსამართლის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.
ყველა ახალი ამბავი
0