ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე: ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2021
გამოწერა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჭელიძემ და კავილაძემ საქართველოს ტერიტორია დატოვეს.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს, აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს გუშინ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, განაცხადა ბრალდებულების ადვოკატმა დალი ბარბაქაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
ცნობილი „კანონიერი ქურდის“, გია კვარაცხელიას შვილი, 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელია 15 სექტემბერს ვერაზე, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულების ოჯახები გამოძიებასთან კავშირზე არიან, თუმცა აცხადებენ, რომ ძებნილების ადგილსამყოფელი არ იციან. მისივე განცხადებით, გამოძიების ფარგლებში აჩვენეს ვიდეო, რის საფუძველზეც ბრალის წაყენება მოხდა. როგორც ადვოკატი ამბობს, ვიდეოში ჩანს, კავილაძე და ჭელიძე ვერაზე როგორ არიან ჩასაფრებულები და უთვალთვალებენ მსხვერპლს.
„გამოძიებამ მაჩვენა სათვალთვალო კამერით გადაღებული სროლის კადრები, როგორც მითხრეს მოახდინეს ამ პირის იდენტიფიცირება და ეს აკო ჭელიძეა. მეორე ბრალდებულს რაც შეეხება, მისი გადაადგილების ვიდეო არ უჩვენებიათ, თუმცა განმიმარტეს, რომ ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარედ აკო ჭელიძესთან ერთად კავილაძეც იყო ჩასაფრებული და მსხვერპლს უთვალთვალებდა“, – განაცხადა ადვოკატმა.
ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაუსწრებლად წარედგინათ, რაც ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2021
პროკურატურა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჭელიძემ და კავილაძემ საქართველოს ტერიტორია დატოვეს.

მკვლელობის დეტალები

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ძირითად მტკიცებულებას ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები წარმოადგენს. კადრებზე ჩანს, რომ კეპიანი და სამედიცინო ნიღბიანი მკვლელი მშვიდად ელოდება მსხვერპლს მისსავე ავტომობილთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხმრავალი ადგილია, ის არ იჩენს სიფრთხილეს, ახალგაზრდა მამაკაცს ცხრა ტყვიას ესვრის და ამის შემდეგ ადგილს ტოვებს.
დაჭრილი ახალგაზრდა სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მას სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
რაც შეეხება მკვლელობის ვერსიებს, ოჯახის წევრების თქმით, ის არ უკავშირდება „ქურდულ სამყაროს“. თავად დაღუპულს კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
„რუსთავი2“-ის ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდის მკვლელობა შესაძლოა უკავშირდებოდეს მამამისის, კრიმინალი ავტორიტეტის გია კვარაცხელიას („ლაფშა“) საქმიანობას, რომელიც ეჭვმიტანილია სხვა „კანონიერი ქურდის“ მკვლელობაში, რომელიც 20 წლის წინ მოხდა.
მაშინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი „კანონიერი ქურდი“ დავით კაკულია, მეტსახელად „დატო ტბილისკი" ააფეთქეს.
„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომლის თანახმად კილერს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა რუსეთში მყოფმა კაკულიას შვილებმა შეუკვეთეს.
ყველა ახალი ამბავი
0