პროკურატურა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2021
გამოწერა
ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკაკი ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. ვერაზე მომხდარი ცნობილი „კანონიერი ქურდის“ შვილის, 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ორი პირის მიმართ ბრალის წარდგენის თაობაზე დადგენილება გამოიტანა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა 15 სექტემბერს ვერაზე, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მოხდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ ნ.კ.-ს მოკვლა განიზრახეს, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასევე, 2021 წლის 14 სექტემბერს ნ.ბ.-სგან ავტომობილი იქირავეს.
უწყების ცნობით, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომობილით ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მანქანიდან გადმოვიდა მხოლოდ მსროლელი - ა.ჭ., რომელიც კვარაცხელიას მის ავტომობილთან ელოდებოდა.
როდესაც კვარაცხელია მანქანასთან დაბრუნდა, ეჭვმიტანილი მიუახლოვდა მას და რამდენჯერმე ზურგში ესროლა. კვარაცხელია თავდამსხმელისგან თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ ა.ჭ. დაედევნა და კვლავ განაგრძო სროლა მისი მიმართულებით. ამის შემდეგ ის ადგილიდან მიიმალა თავის თანამზრახველთან (გ.კ.) ერთად, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მანქანაში იმყოფებოდა.
შსს - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2021
შსს: ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნილია
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია აკაკი ჭელიძეზე და გიორგი კავილაძეზე.
ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაუსწრებლად წარედგინებათ, რაც ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით და ასევე, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ბრალდებულთა მიმართ წარდგენილი ბრალის დაზუსტება.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მკვლელობის დეტალები

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ძირითად მტკიცებულებას ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები წარმოადგენს. კადრებზე ჩანს, რომ კეპიანი და სამედიცინო ნიღბიანი მკვლელი მშვიდად ელოდება მსხვერპლს მისსავე ავტომობილთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხმრავალი ადგილია, ის არ იჩენს სიფრთხილეს, ახალგაზრდა მამაკაცს ცხრა ტყვიას ესვრის და ამის შემდეგ ადგილს ტოვებს.
დაჭრილი ახალგაზრდა სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მას სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თავად დაღუპულს კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ ნიკო კვარაცხელია დაბრუნდა საქართველოში და, ასაკის მიუხედავად, IT-ტექნოლოგიების სფეროში პერსპექტიული მეწარმე გახდა. ის ქართული Forbes-ის 30 Under 30-ის (30 წლამდე ასაკის წარმატებული ბიზნესმენების სია) სიაშიც კი შევიდა.
ნიკო კვარაცხელიამ რამდენიმე წლის წინ საქართველოში შექმნა მრავალფუნქციური ონლაინ-პლატფორმა Feedc, რომელიც აერთიანებს სოციალურ ქსელს, სატელევიზიო და საგანმანათლებლო არხებს და ა.შ. პლატფორმას უკვე 250 ათასზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. „ტრაფიკის“ მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ის მე-20 ადგილს იკავებს.
ყველა ახალი ამბავი
0