ნონა გაფრინდაშვილი Netflix-სგან 5 მილიონ დოლარს მოითხოვს

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaნონა გაფრინდაშვილი
ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
გამოწერა
ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ცნობილი კინოკომპანიისგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა კინოკომპანია Netflix-ს უჩივლა და მისგან 5 მილიონ დოლარს მოითხოვს. ინფორმაციას „ნიუ-იორკ ტაიმსი“ ავრცელებს.
ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მოჭადრაკე ქალზე გადაღებული მისი სერიალის „დედოფლის სვლა“ ფინალური ეპიზოდის იმ ნაწილის გამო, რომელშიც მის მიღწევებს პერსონაჟ ბეტ ჰარმონის წარმატებას ადარებენ. კერძოდ, ეპიზოდში, როდესაც ბეტ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, მატჩის კომენტატორი ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის [ჰარმონის] შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში. აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან“.
გაფრინდაშვილის 25-გვერდიან საჩივარში წერია: „ბრალდება, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცთან, არის სიცრუე, ასევე უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი. 1968 წლისთვის, ანუ იმ დროისთვის, როცა მოქმედება ხდება, მას სულ მცირე 59 მოჭადრაკე კაცთან ჰქონდა მატჩი ჩატარებული, მათ შორის ჭადრაკის სულ მცირე ათ დიდოსტატთან“.
ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2019
ნონა გაფრინდაშვილი: ჭადრაკს იქამდე ვითამაშებ, ვიდრე ტვინი არ გამეთიშება
„ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ სასამართლო დავაში ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს ამერიკელი და ქართველი იურისტების ჯგუფი იცავს.
ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1978). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978). 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი. ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი 1989-1996 წლებში, 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-2002).
თავისი თაობის მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ქალი. 1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა მამაკაცთა შორის. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.
ანი მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2019
ვინ არის ქართველი გოგო, რომელიც Netflix-ის თანამშრომელი გახდა – ფოტოები
რაც შეეხება მინი-სერიალს The Queen’s Gambit, ის მაყურებელმა 2020 წელს იხილა. სერიალის მთავარი გმირი 8 წლის ობოლი ბეტ ჰარმონია, მშვიდი, პირქუში და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გოგონა, თუმცა მაშინ, როცა პირველად თამაშობს ჭადრაკის პარტიას, ის გრძნობს, თუ როგორ ძლიერდება, როგორ აზროვნებს უკეთ და პირველად გრძნობს, რომ ცხოვრებაში ყველაფერს აკონტროლებს.
16 წლის ასაკში ის შეერთებული შტატების ღია ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას, თუმცა რაც უფრო მეტად მიიწევს პროფესიონალური წრისკენ, მით უფრო რთულდება ყველაფერი. სერიალი დაფუძნებულია უოლტერ რევისის წიგნზე.
ყველა ახალი ამბავი
0