თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ილიაუნის უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ბიზნესის სკოლის ინგლისურენოვანი MBA-ს სტუდენტი ანა მაჭარაშვილი Netflix-ის თანამშრომელი გახდა.
ინფორმაცია უნივერსიტეტის სოციალურ გვერდზე ვრცელდება, სადაც ანას მოსაზრებაცაა დართული. როგორც გოგონა ამბობს, ის კომპანია Netflix-ს მომხმარებლებთან ურთიერთობაში, მათ შენარჩუნებასა და ახალი მომხმარებლების მოზიდვაში ეხმარება და როგორც ფიზიკურ პირებთან, ისე ბიზნეს-პარტნიორებთან ექნება ურთიერთობა და მომსახურების გაუმჯობებაზე იზრუნებს.
ანა ნიდერლანდებში ცხოვრობს, სადაც, მისი თქმით, კარგი სამსახურის პოვნას დიდი დრო და გამძლე ნერვები სჭირდება, რადგან კონკურენცია ძალიან დიდია და მარტივი არ არის თავი სხვებისგან გამორჩეულად წარუდგინო დამსაქმებელს, თუ რაიმე განსაკუთრებულ უნარს არ ფლობ.
„ორი თვე დამჭირდა ისეთი სამსახურის საპოვნელად, რომელიც ჩემს პროფილსა და განათლებას 100%-ით შეესაბამებოდა. ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი. სტუდენტებს ვურჩევ, მაქსიმალურად გამოიყენონ დრო სწავლისა და თვითგანვითარებისთვის. იყვნენ უფრო აქტიურნი, ცნობისმოყვარენი, ბეჯითი და მიზანდასახულნი. ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და არ დანებდნენ იოლად“, – ამბობს ანა.