არასამთავრობოებმა „ოცნება“ დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულეს

© Facebook / EMC - Human Rights Education and Monitoring Centerვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
გამოწერა
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ დამკვირვებლებს მეტი სიზუსტისკენ მოუწოდა.
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებენ.
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ადგილობრივ არჩევნებზე თავიანთ ანგარიშებში მეტი სიზუსტისკენ მოუწოდა. კერძოდ, კრიტიკის საგანი გახდა სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშები. ეს არასამთავრობოებია: „საერთაშორისო გამშვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED).
„ეს არის რაციონალურად გათვლილი ხედვა და პოლიტიკა, რომ მაქსიმალურად მეტი შენიშვნა წარმოადგინონ ანგარიშებზე, მათ შორის ისეთ რაღაცებზე, რაც გასაკრიტიკებელი არ არის, რომ მერე სანდოობის ხარისხი დააგდონ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაცია მოახდინონ“, – განაცხადა საიას წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ ჟურნალისტებთან.
„ქართული ოცნების“ კრიტიკას უპასუხეს ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“.
ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა განაცხადა, რომ ეს, სავარაუდოდ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ემსახურება, რათა შემდეგ არ ენდონ არასამთავრობოებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. მისი თქმით, უცნაურია, როდესაც მმართველი პარტია რესურსს ამაზე ხარჯავს. იმის ნაცვლად, რომ ორიენტირებული იყვნენ საარჩევნო კამპანიაზე ან ითვალისწინებდნენ რეკომენდაციებს, „ოცნება“ აქცენტს ამგვარ რაღაცებზე აკეთებს, აღნიშნა ნატროშვილმა.
რა არ მოეწონა „ქართულ ოცნებას“?
არასამთავრობო ორგანიზაციების შუალედურ ანგარიშებში უზუსტობებს ბრიფინგი მიუძღვნა პარტიის მდივანმა საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, სამივე შუალედურ ანგარიშში, რომელიც უნდა მოიცავდეს წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევის ფაქტებს, ჩამოთვლილია შემთხვევები, რომლებიც საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, ანუ 2021 წლის 3 აგვისტომდე მოხდა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საიას ანგარიში იწყება 1 მაისიდან, ხოლო დანარჩენი ორი არასამთავრობო ორგანიზაციის – 1 ივნისიდან, ანუ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ორი–სამი თვით ადრე.
ქართული ოცნების ბანერი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
პრეტენზიები ადგილობრივ დამკვირვებლებთან: რა არ მოსწონს „ქართულ ოცნებას"
მან ასევე აღნიშნა, რომ ანგარიშებში არის ტენდენცია – აღწერონ შემთხვევები, რომლებიც ეფუძნება დაინტერესებული მხარის ან მესამე პირის მიერ მოთხრობილ ისტორიებს, რომლებიც ეყრდნობა სუბიექტურ აღქმას და წარმოდგენილია რამე სახის ირიბი მტკიცებულებების გარეშე.
მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციებმა თავიანთი ანგარიშებიდან ამოიღონ ის შემთხვევები, რომლებიც უკვე დადგინდა, რომ არ წარმოადგენდა დარღვევას, აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამ დროისათვის ცესკოში დარეგისტრირებულია 70-ზე მეტი ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0