ცნობილი გახდა „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ვინაობა

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან
პოლიცია ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციის თანამშრომლებსა და „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალის თანამშრომლებს წარმატებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლების აყვანისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ბრალდებით პოლიციამ 1972 წელს დაბადებული პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი დაახლოებით დღის 4 საათზე შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა. ადგილზე მალევე მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება. მძარცველთან რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. შედეგად – ბანკში შეჭრილმა მამაკაცმა მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა.
სპეცოპერაცია ყვარელში - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
ყვარელში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი დაკავებულია
სამართალდამცველებმა 48 წლის მამაკაცი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. შსს აღნიშნავს, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ცოტა ხნის წინ მძარცველის ვინაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. პირი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა, შალვა მელიქიშვილია.
პოლიციის თანამშრომლებსა და „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალის თანამშრომლებს წარმატებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. მან აღნიშნა, რომ ბრალდებულის დაკავების სპეცოპერაცია მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩატარდა.

„მადლობა ყველას, ჩვენს თანამშრომლებს, ბანკის თანამშრომლებს, მოქალაქეებს. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ადამიანიც უვნებლად დაგვეკავებინა და პასუხისგებაში მიგვეცა“, – განაცხადა გომელაურმა.

თავდასხმის თვითმხილველებმა „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადეს, რომ მძარცველი შუახნის, ტანმაღალი მამაკაცია და თელავის მკვიდრია.
მინისტრმა ასევე მძარცველთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის გამოსასყიდის სახით სხვადასხვა თანხებს მოითხოვდა – ხან ნახევარ მილიონ ლარს, ხან მილიონ ლარს.

„არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია ამჯერად. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და არავინ დაშავებულა“, – აღნიშნა გომელაურმა.

ჟურნალისტებმა შინაგან საქმეთა მინისტრს ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ შარშანდელი თავდასხმა შეახსენეს, როდესაც ბადრი ესებუამ გამოსასყიდის სახით აღებული ნახევარი მილიონი დოლარით მიმალვა შეძლო. ჟურნალისტის კითხვაზე, „თავის დროზე რომ ვერ დააკავეთ ბადრი ესებუა, არ ფიქრობთ, რომ დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში", გომელაურმა უარყოფითი პასუხი გასცა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0