ნიკა მელია ამნისტიაზე უარს აცხადებს

© photo: Sputnikნიკა მელია სასამართლოში
ნიკა მელია სასამართლოში - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომელსაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად, ამნისტიაზე უარს აცხადებს.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია უარს აცხადებს ამნისტიაზე, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამედ“ წოდებული საპროტესტო აქციის ფიგურანტებზე გავრცელდა.
2019 წლის 20 ივნისს, გვიან საღამოს რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ვერსიით, მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, ხოლო პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს დაშავდა 240 ადამიანი. ათობით ადამიანი დაიჭრა, ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.
დღემდე საქმის ფიგურანტები იყვნენ აქციის 18 მონაწილე (მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას) და სამი პოლიციელი.
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
20 ივნისის მოვლენები: პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო
7 სექტემბერს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს ყველა პირს, ვინც ჩაიდინა ან ბრალდებულია დანაშაულის ორგანიზებაში და მონაწილეობაში, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. მათ შორის ეს ეხება პოლიციელებს, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებოდა ოპოზიცია.
ამნისტიის კანონი გარკვეული პირობითაა მიღებული – იმ პირებმა, ვისზეც ის ვრცელდება, ამნისტიაზე უარი არ უნდა განაცხადონ.
ნიკა მელია კი მთავარი ბრალდებულია საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში. მას ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრება. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს.
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
შეეხება თუ არა ნიკა მელიას ამნისტია – პოლემიკა გრძელდება
მელიამ თავიდანვე განაცხადა, რომ უარს ამბობს ამნისტიაზე. ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული შეთანხმების ხელმოწერაზე უარს აცხადებდა, პირველ რიგში, სწორედ ამნისტიის შესახებ პუნქტის გამო. თუმცა რამდენიმე დღის წინ „ნაცმოძრაობამ“ მაინც მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომელიც ივლისის ბოლოს მმართველმა პარტიამ დატოვა.

რა თქვა მელიამ

„ჩემი საბოლო პასუხი ამნისტიაზე არის – „არა“! მორჩეს და გათავდეს ამაზე საუბარი“, – განუცხადა ჟურნალისტებს მელიამ სასამართლოს დარბაზიდან გამოსვლისას.

მისი თქმით, პირველი, რაც მოსამართლემ მის ადვოკატს ჰკითხა, არის თუ არა თანახმა ბრალდებული, რომ დღეიდან ძალაში შესული ამნისტია მასზე გავრცელდეს.

„ეს ადამიანები ითხოვენ ჩემგან თანხმობას, რომ მე ვატრიალებდი სახელმწიფოს! ეს სპეკულაციები, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის პროცესში, ერთხელ და სამუდამოდ რომ დასრულდეს, სპეციალურად მოვედი. მოვედი, საბოლოო პასუხი ვთქვა – არანაირი თანხმობა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს ჩემი მხრიდან, რომ მე მას ახლა მოწყალება ვთხოვო, ჩემზე გავრცელდეს ის, რაც არ ჩამიდენია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ის არ აპირებს მონაწილეობის მიღებას ხელისუფლების მიერ მოწყობილ „პოლიტიკურ მასკარადში“.
მელია 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან პრინციპულად უარი თქვა განმეორებით გირაოს გადახდაზე. ის ოპოზიციის და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის შედეგად გაათავისუფლეს. გირაოს თანხა – 40 ათასი ლარი ევროკავშირმა გადაიხადა. „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გირაოს თანხა გამოყო, ხოლო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) აღნიშნული თანხა ხელისუფლებას 8 მაისს გადასცა.
მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ის თბილისის მერობის კანდიდატად წამოაყენა.
ყველა ახალი ამბავი
0