ქართველი მუსიკოსი, რომელიც ფლორენციის პრესტიჟულ ატელიეში სასცენო კოსტიუმებს ქმნის

© courtesy of Maia Sikharulizeმაია სიხარულიძე
მაია სიხარულიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ იტალიაში მცხოვრები მუსიკოსისა და დიზაინერის მაია სიხარულიძის ცხოვრებასა და საქმიანობას გაგაცნობთ.
საქართველოში მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. მუსიკალური ათწლედი თბილისში დაამთავრა. მისი იტალიური ცხოვრების პერიოდი შემოქმედებითი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. 2002 წელს იტალიაში მუსიკის გაკვეთილების ჩატარება დაიწყო. პარალელურად საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა. იტალიის მუსიკალურ ინსტიტუტში საქმეთა მმართველი იყო, ამავე დროს პრესტიჟული იტალიური თეატრების სცენებზე გამოდიოდა.
ფლორენციაში მოულოდნელად განსხვავებულ სფეროში აღმოჩნდა – ცეკვის აკადემიასთან არსებულ სამკერვალო-საამქრო სტუდიაში საცეკვაო კოსტიუმების შექმნა დაიწყო. მალე ამ ახალ ამპლუაშიც წარმატებული აღმოჩნდა და იტალიელი ხელოვანებისთვის სასურველი და საჭირო პიროვნება გახდა. ცალკე თემაა ქალბატონ მაიას მიერ ქართული კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია იტალიაში. დანარჩენს და არანაკლებ საინტერესო ფაქტებს მასალიდან შეიტყობთ.
© courtesy of Maia Sikharulizeმაია სიხარულიძე
მაია სიხარულიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
მაია სიხარულიძე
- ქალბატონო მაია, მუსიკოსების ოჯახში გაიზარდეთ და ალბათ თქვენი არჩევანი არავის გაუკვირდა...
- დიახ, გამომდინარე იქიდან, რომ მუსიკოსების ოჯახში დავიბადე, ვფიქრობ, მუსიკა ჩასახვის მომენტიდან იყო ჩემი. მახსოვს, რომ დიდ ბებიასთან, დოლიძის ქალბატონთან ერთად ხშირად ვმღეროდი. ჩემი უსაყვარლესი ბაბუა კი თავისი უტკბილესი ხმით რომ წამოიწყებდა „აჰ, მთვარევ-მთვარევს“, შეუძლებელი იყო არ აჰყოლოდი. მახსოვს, მაშინ ისეთი ჰარმონია სუფევდა, რომ ყველას თვალები გვიცრემლიანდებოდა. დედის გადმოცემით, უკვე ორი წლიდან თავისუფლად ვმღეროდი სამ ხმაში. როცა მე, დედა და დედის მეგობარი, ქეთი დეიდა შევიკრიბებოდით, სულ მეხვეწებოდნენ, იმღერეო, მე კი მრცხვენოდა...
© courtesy of Maia Sikharulizeმაია სიხარულიძე
მაია სიხარულიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
მაია სიხარულიძე
- ყველაზე რთული მუსიკალური ინსტრუმენტის – ვიოლინოს შესწავლა ვისი არჩევანი იყო?
- გუშინდელი დღესავით მახსოვს, ხუთი წლის ასაკში როგორ მიმიყვანა დედამ მუსიკალურ ათწლედში მისაღებ გამოცდაზე. იქ ჩამიტარეს ტესტი, რომლითაც შეამოწმეს ჩემი რიტმის გრძნობა, ის, თუ როგორ შემიძლია ფორტეპიანოზე ნოტების გამოცნობა. დედამ, თავისი ინიციატივით, ჩემი მიყვანა ფორტეპიანოს კლასში გადაწყვიტა, მაგრამ ერთი მომენტის მერე გადაწყვეტილება შეცვალა. ათწლედის დერეფანში ლოდინის დროს დავინახე პატარა გოგონა, რომელსაც ხელში პაწაწუნა ვიოლინო ეკავა. ისე მომეწონა, რომ დედას ვუთხარი ვიოლინოზე სწავლა მინდა–მეთქი. რა თქმა უნდა, გამოცდა წარმატებით ჩავაბარე, რადგან სმენა ხელს მიწყობდა. ვიოლინოს პირველივე გაკვეთილიდან ავუღე ალღო და გავითავისე. მახსოვს, დედა ფორტეპიანოს მიუჯდებოდა და ვაჟა აზარაშვილის, გოგი ცაბაძის, ბიძინა კვერნაძის სიმღერებს უკრავდა, მე კი მელოდიას ვყვებოდი. ორივე ძალიან ვხალისობდით.
© courtesy of Maia Sikharulizeმაია სიხარულიძე
მაია სიხარულიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
მაია სიხარულიძე
- წლების მერე ის პატარა გოგო ჩავიდა იტალიაში და უკვე თავად ატარებდა მუსიკის გაკვეთილებს...
- იტალიაში მასწავლებლობა 2002 წლიდან დავიწყე. ამ პერიოდში ძალიან საინტერესო მუსიკალური ცხოვრება მქონდა. ვატარებდი საღამოებს და მონაწილეობას ვიღებდი კონცერტების ორგანიზებაში. იტალიის მუსიკალურ ინსტიტუტში საქმეთა მმართველიც ვიყავი, ბევრი კვარტეტის გამოსვლაში მიმიღია მონაწილეობა, ხან პროფესიონალ მუსიკოსებთან, ხანაც წარჩინებულ მოსწავლეებთან ერთად. ერთი პერიოდი ორკესტრთანაც ვთანამშრომლობდი. ჩრდილოეთ იტალიაში ბევრ კონცერტზე გამოვდიოდი. მათ შორის 2003 წლის დეკემბერში იყო ყველაზე პრესტიჟული სცენა – ვენეციის ფენიჩეს თეატრი, რომელსაც 1996 წლის საშინელი ხანძრის შემდეგ რესტავრაცია ახალი ჩატარებული ჰქონდა.
© courtesy of Maia Sikharulizeმაია სიხარულიძე
მაია სიხარულიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
მაია სიხარულიძე
- დღეს თქვენ ცხოვრობთ ფლორენციაში, სადაც ცეკვის აკადემიასთან არსებულ ატელიეს ხელმძღვანელობთ და სპეცტანსაცმელს კერავთ ბალერინებისა და მსახიობებისთვის...
- ხელსაქმე – ჩხირებით, ყაისნაღით ქსოვა, ქარგვა და კერვა ბავშვობიდან მიყვარს. ჩემი მოქსოვილი თუ შეკერილი ტანსაცმელი მომწონდა და მათი ჩაცმა კმაყოფილებას მანიჭებდა. ეს იყო ჩემი საყვარელი ჰობი, რომელიც დღემდე მომყვება. ფლორენციაში მომეცა საშუალება, რომ მემუშავა ცეკვის აკადემიასთან არსებულ სამკერვალო-საამქრო სტუდიაში, სადაც საცეკვაო კოსტიუმებს ვქმნიდი. სანამ პანდემია დაიწყებოდა, 2020 წლის თებერვალში მონაწილეობა მივიღე ფლორენციის პერგოლას თეატრის მიერ ორგანიზებულ მასტერ-კლასში, სადაც მამაკაცის სამოსის - 1800 წლის ფრაკის კერვის ტექნიკას დავეუფლე.
© courtesy of Maia Sikharulizeმაია სიხარულიძე ბათუმის თეატრში
მაია სიხარულიძე ბათუმის თეატრში - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
მაია სიხარულიძე ბათუმის თეატრში
- მსახიობებისთვის სამოსის შექმნა ალბათ საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ საინტერესო...
- დიახ, ძალიან საინტერესო სამუშაოა. ძველი თარგების მიხედვით უნდა შემეკერა სხვადასხვა აქსესუარი, შარვალი, ჟილეტი, პაპიონი, პერანგი, ფრაკი. შემდეგ ფლორენციაში ერთ-ერთ სტილისტს შუა საუკუნეების ტოსკანური სამოსის შექმნაში დავეხმარე. იმ სტილისტთან ერთად ბალეტისთვის ძალიან ბევრი კაბა და სამოსი შევკერე. სხვათა შორის, ის შეკვეთები „ლა-სკალას“, ტოსკანის და „ბალეტო დი რომას“ თეატრებიდან მივიღეთ. ასევე ძალიან საინტერესო შეკვეთა მქონდა ვენეციიდანაც, რომლის დროსაც ულამაზესი კაბა შევკერეთ. იმ კაბისთვის 120 მეტრი ტულის ქსოვილი გამოვიყენეთ.
© courtesy of Maia Sikharulizeმაია სიხარულიძის შექმნილი საკონცერტო კაბა
მაია სიხარულიძის შექმნილი საკონცერტო კაბა - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
მაია სიხარულიძის შექმნილი საკონცერტო კაბა
- ვიცი, რომ იტალიაში არსებულ მუსიკალურ გუნდში მღეროდით ურთულეს სოლოს, ამ ამპლუაში საქართველოში არავის უნახიხართ?
- იმ გუნდს STELLA ALPINA-ს დედა, იტალიაში ცნობილი ლოტბარი გულიკო ლომთათიძე ხელმძღვანელობდა. მაშინ ჯონ რატერის „მაგნიფიკატიდან“ რამდენიმე ნაწილი მოვამზადეთ და წარმატება გვხვდა წილად. საქართველოში მართლა არ მქონია საშუალება, რომ გუნდთან ერთად მემღერა. ერთადერთი მაშინ, როცა როგორც გუნდის მომღერალი, თბილისის სახელმწიფო კაპელაში ვმუშაობდი. კახიძის თეატრში ბევრი საინტერესო კონცერტი ჩატარდა. მაშინ დირიჟორები იყვნენ ჩემი უსაყვარლესი და განუმეორებელი ბატონი გივი მუნჯიშვილი, კონსერვატორიაში სწავლისას – ბატონი სოსო კეჭაყმაძე, რომელიც საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტის კათედრის გამგე იყო. კონსერვატორიაში საგუნდო ფაკულტეტის სამი კურსი დავხურე. შემდეგ ბედისწერამ იტალიაში გადმომისროლა...
© courtesy of Maia Sikharulizeმაის სიხარულიძე ფლორენციის თეატრის ლა პერგოლას ატელიეში კოლეგებთან ერთად
მაის სიხარულიძე ფლორენციის თეატრის ლა პერგოლას ატელიეში კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
მაის სიხარულიძე ფლორენციის თეატრის ლა პერგოლას ატელიეში კოლეგებთან ერთად
- თქვენს იტალიურ-ქართულ ოჯახზე რას გვეტყვით?
- ჩემი ყველაზე დიდი განძი შვილებია. მახარებს მათი არსებობა და წარმატება. მყავს სამი არაჩვეულებრივი შვილი, სამივე კარგად მღერის და უკრავს გიტარაზე. მიუხედავად ამისა, მათ განსხვავებული პროფესია აირჩიეს. თეა მალე 27 წლის გახდება, განათლებით ტურიზმის სფეროს სპეციალისტია, მაგრამ შემდეგ სხვა გზა აირჩია და აგრომრეწველობას და მეფუტკრეობას მიჰყო ხელი. მარკო 22 წლისაა, ბავშვობიდან ძალიან ათლეტური იყო, გატაცებულია თხილამურებით სრიალით, სნოუბორდით, მონოციკლით, კალათბურთით და პარკურით. ახლა პროფესიულად დაეუფლა აკრო-იოგას და სხვადასხვა ვორქშოპებში იღებს მონაწილეობას. მსურველებს ასწავლის იოგას ახალ მიმდინარეობას, რომელიც პოპულარულია ევროპაში და, ვიცი, მიმდევრები საქართველოშიც ჰყავს.
© courtesy of Maia Sikharulizeმაია სიხარულიძე დედასთან - გულიკო ლომთათიძესთან ერთად რომში, ქეთევან ბაგრატიონთან მიღებაზე
მაია სიხარულიძე დედასთან - გულიკო ლომთათიძესთან ერთად რომში, ქეთევან ბაგრატიონთან მიღებაზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
მაია სიხარულიძე დედასთან - გულიკო ლომთათიძესთან ერთად რომში, ქეთევან ბაგრატიონთან მიღებაზე
- თქვენ მითხარით, რომ მას ვორქშოპის საქართველოში ჩატარების სურვილი აქვს...
- დიახ, მარკოს გაუჩნდა სურვილი, რომ ერთი ვორქშოპი საქართველოშიც ჩაატაროს, მთავარია, პანდემიამ გადაიაროს.
ჩემი უმცროსი ქალიშვილი სოფო 20 წლისაა და უკვე წარმატებული მოცეკვავეა. მან თანამედროვე ბალეტს მიჰყო ხელი და ცეკვავს ფლორენციის საკმაოდ ცნობილ „ოპუს ბალეტში“, რომელსაც ქორეოგრაფი როზანა ბროკანელო ხელმძღვანელობს. სწორედ ახლახან ის დაბრუნდა ბერლინიდან, სადაც ევროპელ მოცეკვავეებთან ერთად იყო მიწვეული.12 სექტემბერს მილანის „პიკოლო თეატრში“ იცეკვებს ქორეოგრაფ კარლო მასარის ხელმძღვანელობით. მიხარია, რომ ჩემი სამივე შვილი საკმაოდ კარგად საუბრობს ქართულად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ურთიერთობა ძირითადად იტალიურად უწევთ.
© courtesy of Maia Sikharulizeმაია სიხარულიძე საქართველოში იტალიელების ჯგუფთან ერთად
მაია სიხარულიძე საქართველოში იტალიელების ჯგუფთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
მაია სიხარულიძე საქართველოში იტალიელების ჯგუფთან ერთად
- ადრე თქვენს ოჯახურ რესტორანში ქართულ სამზარეულოს უწევდით პოპულარიზაციას, რამდენად დააინტერესეთ იტალიელები ქართული კერძებით და ღვინით?
- მე და ჩემმა იტალიელმა მეუღლემ რესტორანი სწორედ ამ მიზნით გავხსენით. მეუღლეს კერძების მომზადება ყოველთვის უყვარდა, მე კი ქართულ სამზარეულოს ვუწევდი პოპულარიზაციას. ქართული ღვინის ბევრი ენო-გასტრონომიული საღამო მაქვს ჩატარებული. ერთ კონფერენციაზე მოწვეული მყავდა იტალიელი მკვლევარი, მილანის აგრარული უნივერსიტეტის კათედრის გამგე, პროფესორი ატილიო შიენცა, რომელმაც იტალიელ და ქართველ მსმენელს ქართული ღვინის სიძველეზე ფანტასტიკურად დასაბუთებული კადრები წარუდგინა. თავის დროზე ამ პროფესორმა საქართველოს ყველა კუთხე მოიარა და გამოსცა ენციკლოპედია, სადაც ჩვენი საუკეთესო ყურძნის ჯიშებია შესული. ერთი მომენტი მინდა მოგითხროთ: როდესაც პროფესორმა განუცხადა იტალიელ სომელიეებს, რომის იმპერიაში ღვინო საქართველოს შემდეგ, მეოთხე საუკუნეში გაჩნდაო, დარბაზი ამ ამბავს გაოცებული ოვაციებით შეხვდა!
© courtesy of Maia Sikharulizeმაია სიხარულიძე იტალიელებთან ერთად რაჭაში, უსახელოურის მარანში
მაია სიხარულიძე იტალიელებთან ერთად რაჭაში, უსახელოურის მარანში - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
მაია სიხარულიძე იტალიელებთან ერთად რაჭაში, უსახელოურის მარანში
- იტალიელების ჩვენი ქვეყნით დაინტერესებას რა შედეგი მოჰყვა?
- ჩვენი საღამოების მერე იტალიის გარკვეულ წრეებში პირველად გაიგეს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ყურძნის წვენი ღვინოდ აქციეს, ქვევრში შეინახეს და ეს 8-ათასწლიანი ტრადიცია ჩვენს მარნებში დღემდე გრძელდება. ამის მერე იტალიელების მხრიდან დიდი დაინტერესება წამოვიდა. 2018 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოვიყვანე 24 იტალიელი მეღვინე ქალბატონი, სომელიეები და ენოლოგები, რომლებმაც ინტერესით შეისწავლეს და მარნებში შესულებმა დააგემოვნეს ტრადიციული კახური თუ იმერული, მესხური თუ რაჭული ღვინოები. ეს ჩემთვისაც ფანტასტიკური მოგზაურობა იყო და მათთვისაც. ამ ტურის ორგანიზებაში დამეხმარა ქართული ტურისტული კომპანია „რიჩ პოინტ ჯორჯია“, რომელსაც შალვა ასათიანი ხელმძღვანელობს. მალე ალბათ განვაახლებთ ჩვენს მოგზაურობებს, რომელსაც ბევრი იტალიელი მოუთმენლად ელოდება.
გულიკო ლომთათიძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2018
ქართველი ლოტბარი და STELLA ALPINA, რომელმაც პირველმა შეასრულა იტალიაში „შენ ხარ ვენახი“
- დღეს, როცა წლებია სხვა ქვეყანაში ცხოვრობთ, რა გენატრებათ, რა გაკლიათ იტალიაში?
- საქართველოში ამ წლის თებერვალში ვიყავი ჩამოსული და ჩემს თბილისს მოვეფერე. აქ ყველაზე მეტად მენატრება დედა და მეგობრები, რომლებთანაც დღემდე მაქვს ურთიერთობა. საქართველოში რომ მეგობრობა ვიცით, არც ერთ ქვეყანაში ისე არ იციან. არ მეგულება ერი, სადაც მეგობრისა და სტუმრისთვის თავის საქმეს გვერდით გადადებენ და მათ დაუთმობენ დროს. ეს უდიდესი კაცთმოყვარული ნიჭი არ უნდა დავკარგოთ. მენატრება თბილისი თავისი ულამაზესი ქუჩებით და აივნებით, ქართული სიმღერებით და ღიმილით, თბილი და საყვარელი ადამიანებით. მენატრება ჩვენი ბაზრების ფერები და სურნელება, ჩვენი სოფლების სისადავე და მრავალფეროვნება. ჩემთვის აქ ყველაფერი ძალიან ძვირფასია. ვფიქრობ, ცხოვრების ბოლო პერიოდში საქართველოს ჩავეხუტები და (ასი წლის მერე) ჩემს მიწას მივებარები...
ყველა ახალი ამბავი
0