ჭარბწონიანი ქალბატონების სკულპტურები: თუ საკუთარ სხეულში კომფორტულად გრძნობთ თავს...

© Facebook / Tamar Tali Toidzeთამარ თოიძე მის სტილიზებულ ქანდაკებებთან ერთად
თამარ თოიძე მის სტილიზებულ ქანდაკებებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
გამოწერა
„მოქანდაკე, მხატვარი და თანამედროვე არტისტი ვარ, რომელმაც რამდენიმე პროფესიის შეცვლის შემდეგ აღმოაჩინა საკუთარი თავი ახალ სფეროში“ — ეს თამარ თოიძის სიტყვებია.
ბავშვობიდან გამოყოლილი ძერწვის სიყვარული დიდობაში მოქანდაკის საქმიანობად იქცა. დღეს მის ნამუშევრებს, განსაკუთრებით პატარა სკულპტურებს, ანუ სტილიზებულ ქანდაკებებს უკვე ყველა ცნობს. 2019 წლიდან მხატვართა კავშირის წევრია, მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე გამოფენაში, ჰქონდა პერსონალური გამოფენაც.
— თამარ, როდის დაინტერესდით ძერწვით და რა ან ვინ გახდა ამის მიზეზი?
© courtesy of Tamar Tali Toidzeთამარ თოიძე
თამარ თოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
თამარ თოიძე
ჯერ კიდევ ბავშვობაში ხელოვნებით ჩემი დაინტერესების მიზეზი დედისგან წამოსული ინიცივატივა გახდა. მე და ჩემს და-ძმას მან ხატვა და ძერწვა სამი წლიდან შეგვაყვარა. სკოლის პერიოდშიც დედამ იაქტიურა და ხელოვნების ათწლედში შეგვიყვანა. ხელოვნება ჩვენს ოჯახში ყოველთვის უყვარდათ და აინტერესებდათ, მაგრამ ამ ფაქტმა ჩვენზე კიდევ უფრო იმოქმედა.
შეიძლება ეს სიყვარული სისხლშიც გვაქვს. დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცი, გატაცებაა ეს თუ სიყვარული, ფაქტია, არ გვასვენებს და გვეხმარება იმაში, რომ საკუთარი თავი სხვადასხვა ფორმით და საინტერესოდ გამოვხატოთ.
— როგორი იყო ხელოვანი მამის შეფასება?
— ბავშვობაში მამისგან კრიტიკა ნაკლებად მესმოდა. გარკვეული დროის შემდეგ ალბათ ყველა ხვდება, საკუთარ ნამუშევრებში რა შეცდომები დაუშვა. ალბათ ამიტომ იყო, რომ ის მკაცრად არასოდეს მაფასებდა და ჩემს შემოქმედებაში ზედმეტად ჩარევას არ ცდილობდა.
— თუ იყო მომენტი, როცა ხელოვნებისგან შორს ყოფნა გინდოდათ?
© Facebook / Tamar Tali Toidzeთამარ თოიძე
თამარ თოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
თამარ თოიძე
— დიახ, მქონდა პერიოდი, როდესაც ხელოვნებით აღარ ვიყავი დაკავებული. ეს მოხდა სკოლის პერიოდში, რადგან მაშინ ფაქტობრივად მაიძულებდნენ ხატვას, მე კი არ მინდოდა თვალსაჩინოებები და პლაკატები მეხატა და სხვადასხვა კონკურსში მიმეღო მონაწილეობა. ეს ყველაფერი იმდენად დამთრგუნველად მოქმედებდა ჩემზე, რომ ხატვის სურვილი გამიქრა. სკოლის დავალებები რომ შემესრულებინა, ღამეებს ვათენებდი. ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი ნაცრისფრად მახსენდება. დღეს მიკვირს, გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული, როგორ ვძლებდი ნამდვილი შემოქმედების გარეშე...
— როდის მიხვდით, რომ საბოლოოდ ქანდაკებებზე შეაჩერებდით არჩევანს?
— სანამ ქანდაკების ფაკულტეტზე ჩავაბარებდი, იქამდე საკუთარი თავის პოვნა სხვადასხვა მიმართულებაში ვცადე. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დავიწყე გობელენის შესწავლა და საინტერესო ნამუშევრებიც შევქმენი. თუმცა მალე მივხვდი, რომ ეს ჩემთვის საკუთარი თავის გამოვლენის საშუალება არ იყო.
შემდეგ ტანსაცმლის დიზაინზე ჩავაბარე — ბებია და ბაბუა მკერავები იყვნენ, ამიტომ ბედი ამ მხრივაც ვცადე, მაგრამ რუტინულად აღვიქვი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს კარგად ვაკეთებდი, მაინც უკმაყოფილო და სულ ძიების პროცესში ვიყავი.
© Facebook / Tamar Tali Toidzeთამარ თოიძის ქანდაკებები
თამარ თოიძის ქანდაკებები - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
თამარ თოიძის ქანდაკებები
— სად აპირებდით ჩაბარებას, ეს ფაქტი ოჯახში რატომ დამალეთ?
— ასე გამოვიდა. ეს ამბავი არ გავახმაურე ოჯახში — თავადაც მაინტერესებდა, სად მოვხდებოდი. რა ფაკულტეტები მქონდა არჩეული, ამის ჩამონათვალი კარგად არც მახსოვს. საბოლოოდ ჩემი ქულებით ქანდაკებაზე მოვხდი. არადა, საგამოცდოდ ისეთი მუქი ტონის ნამუშევარი წარვადგინე, საერთოდ თუ მიმიღებდნენ, არც მეგონა.
ქანდაკების ფაკულტეტზე ჩავირიცხე თუ არა, სახელოსნოს მტვერთან ერთად ჩემს ცხოვრებაში მეგობრული გარემო და თბილი, კოლეგიალური ურთიერთობები გაჩნდა. ამ ყველაფერმა ძალიან შემცვალა და ეს პროფესია შემაყვარა.
— რადგან ძირითადად ასეთ ქალებს ძერწავთ, გამოდის, რომ სრულყოფილებასა და სილამაზეს ჭარბწონიან სხეულში ხედავთ?
— ფართო გაგებით სრულყოფილება ყველას თავისებურად ესმის, სილამაზეზე ყველა დროში საკუთარი წარმოდგენები ჰქონდათ. სრულყოფილი ფორმების ტენდენციას ეპოქები წარმოშობს. ჭარბწონიანი ქალის სკულპტურებს სტილიზებულ ქანდაკებებს ვეძახი. აბსტრაქტული და რეალისტური ნამუშევრებიც მაქვს შექმნილი და დღესაც ვქმნი. თუმცა ამ ეტაპზე წინა პლანზე მაინც სტილიზებული ქანდაკებები მაქვს.
© Facebook / Tamar Tali Toidzeგადაღების დროს
გადაღების დროს - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
გადაღების დროს
გარდა იმისა, რომ სათქმელს ჯერჯერობით ამ ფორმით უფრო კარგად გამოვხატავ, ეს, გარკვეულწილად, ხალხისგან წამოსული ინტერესითაც არის განპირობებული.
— ცნობილია, რუბენსს უყვარდა ხორცსავსე ქალბატონების ხატვა. თქვენ რატომ გაგიჩნდათ ეს სურვილი?
— ასეთი სკულპტურების შექმნის სურვილი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ვილენდორფის ვენერა ვიხილე. ავსტრიაში გათხრების დროს ნაპოვნი ეს 11 სანტიმეტრი სიმაღლის ფიგურა დაახლოებით 25-29 ათასი წლისაა. მისი ფორმები იმდენად სავსე და მთლიანია, რომ მონუსხულივით ვუყურებდი.
სავსე ფორმების ამ სახით გადმოცემა ჯერ კიდევ არქაულ ეპოქაში იყო მიღებული, ის რეალისტურად და კონცეპტუალურადაც მიიჩნეოდა. რუბენსს რაც შეეხება, მისი რეალისტური ფაშფაშა ქალები მართლაც მომხიბვლელები არიან.
მე კი მსურდა, რომ ამგვარი ფორმები პოზიტიურად გამომეხატა, რათა სიტყვა „ცელულიტს“ მნახველში ნეგატიური განწყობა არ გაეჩინა.
© Facebook / Tamar Tali Toidzeთამარ თოიძე
თამარ თოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
თამარ თოიძე
— საშუალოდ რა დრო სჭირდება ერთი პატარა ქანდაკების შექმნას?
— რაიმეს შესაქმნელად საჭირო ზუსტი დროის განსაზღვრა რთულია. ხშირად რამდენიმე სკულპტურაზე ერთდროულად ვმუშაობ, რადგან არ შემიძლია მხოლოდ ერთზე ვიყო კონცენტრირებული. დროდადრო თვალი უნდა დაასვენო ნამუშევრისგან, რომ შემდეგ უკეთ აღიქვა, რას აკეთებ და მიხვდე, როგორ განავითარო.
— თქვენს ქანდაკებებში იოგას ელემენტებია გამოყენებული...
— ზოგადად იოგას მოძრაობები მხიბლავს, მომწონს პლასტიკური მოძრაობის გამოსახვა. რეალობაში ხშირად ვეძებ ხოლმე იოგას მიმდევარ ჭარბწონიან ქალბატონებს. როცა მათ მოძრაობებს ვაკვირდები, გაოცებული და აღტაცებული ვრჩები. ვცდილობ, რომ ისინი ქანდაკებებში გრაციოზულად გამოვსახო.
— „სავსე“ ქალბატონებმა თუ იხილეს თქვენი სკულპტურები და როგორი იყო მათი რეაქცია?
— გამოფენაზე წარდგენილმა ჩემმა სტილიზებულმა ქანდაკებებმა სწორედ ფუმფულა, ფერხორციანი ქალბატონების მხრიდან გამოიწვია დიდი ინტერესი. მათ იმდენად პოზიტიურად აღიქვეს და მოიწონეს ჩემი ნამუშევრები, რომ გულწრფელი მადლობა გადამიხადეს.
© Facebook / Tamar Tali Toidzeთამარ თოიძე თავის სახელოსნოში
თამარ თოიძე თავის სახელოსნოში - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
თამარ თოიძე თავის სახელოსნოში
მთავარი ისაა, თავად ჩვენ რა დამოკიდებულება გვაქვს საკუთარი სხეულისადმი. ზოგადად, თუ საკუთარ სხეულში კომფორტულად გრძნობთ თავს, დაძაბულობა და ნეგატიური დამოკიდებულება არასდროს გაგიჩნდებათ.
— გამოფენა ახსენეთ, სად და როდის გქონდათ გამოფენები?
— პირველი გამოფენა 2018 წელს, მაგისტრატურის კურსზე დავგეგმე. გამოფენის ორგანიზატორი და ერთ-ერთი მონაწილე თავად ვიყავი ჩემს კურსელებთან ერთად. ის სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით განვახორციელე. საკმაოდ წარმატებული გამოვიდა, რადგან ამის მერე უკვე ჯგუფურ გამოფენებში მიმიწვიეს.
2019 წელს უკვე მხატვართა კავშირის წევრი გავხდი და ამ ფაქტმა ჩემი შემოქმედებისთვის დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
— პერსონალური გამოფენაც გქონდათ?
— ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა, გალერეა „შარდენის“ მხარდაჭერით, ზურა შევარდნაძის „გარდენიას“ ულამაზეს ღია სივრცეში გაიმართა. ეს ნაბიჯი ძალიან შთამბეჭდავი და წარმატებული იყო. სამომავლოდ ბევრი გეგმა მაქვს, მაგრამ მათი აფიშირებისგან თავს შევიკავებ, რადგან მოვლენებს არ მინდა გავუსწრო.
© Facebook / Tamar Tali Toidzeთამარ თოიძე თავის გაკეთებულ სკულპტურასთან ერთად
თამარ თოიძე თავის გაკეთებულ სკულპტურასთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
თამარ თოიძე თავის გაკეთებულ სკულპტურასთან ერთად
— ადამიანები მუდმივად ცდილობენ, რომ სილამაზის რაიმე ფორმულა გამოიყვანონ...
— სილამაზეს ყველანი სუბიეტურად აღვიქვამთ. პირადად მე არ შემიძლია ლამაზ სხეულს რაიმე სტანდარტი დავუწესო. ზოგადად, ლამაზია ქალბატონი, რომელიც სტერეოტიპული აზროვნების მსხვერპლი არ არის და შინაგანად თავისუფალია...
ყველა ახალი ამბავი
0