მოსაზრება: სუვერენიტეტების აღლუმი ქართულად

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს სახელმწიფო დროშა
საქართველოს სახელმწიფო დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
გამოწერა
სერგეი მარკედონოვი, საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი, ჟურნალ „მეჟდუნაროდნაია ანალიტიკას“ მთავარი რედაქტორი
მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლო–სექტემბრის დასაწყისი სავსეა მრავალი მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღით. ოცდაათი წლის წინ ყბადაღებული „სუვერენიტეტების აღლუმი“ დასკვნით ფაზაში შევიდა. მაშინ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის სწრაფი მოპოვება 1917 წლის ოქტომბერ-ნოემბერში „საბჭოთა ხელისუფლების ტრიუმფალურ მარშს“ ჰგავდა.
1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს აქტი დამოუკიდებლობის შესახებ. სამი დღის შემდეგ გამოცხადდა მოლდოვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.
თურქეთის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
მოსაზრება: როგორ გააძლიერა თურქეთის პოზიციები კავკასიაში ყარაბაღის ომმა
30 აგვისტოს აზერბაიჯანის უზენაესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ, რომლის ლიკვიდაციაც ბოლშევიკებმა მოახდინეს 1920 წლის აპრილში.
კიდევ ერთი დღის შემდეგ უზბეკეთმა და ყირგიზეთმა ხმა მისცეს სახელმწიფო დამოუკიდებლობის დეკლარაციას. 1991 წლის 9 სექტემბერს ტაჯიკეთის უზენაესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე ერთხმად მიიღეს დეკლარაცია რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ და ასევე რეზოლუცია ტაჯიკეთის სუვერენიტეტის შესახებ ადრე მიღებულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.
სომხეთში იმ დროს დამოუკიდებლობის რეფერენდუმისთვის მზადება იყო გაჩაღებული. 21 სექტემბერს კითხვაზე „ეთანხმებით თუ არა, რომ სომხეთის რესპუბლიკა იყოს დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო სსრკ-ის გარეთ?“ ამომრჩეველთა 99%-მა დადებითად უპასუხა. ორი დღის შემდეგ შესაბამისი დეკლარაცია ამ რესპუბლიკაშიც გაჩნდა.
ოცდაათი წლის წინანდელმა ტურბულენტობამ არც საქართველოს აუარა გვერდი. უფრო მეტიც, 1991 წლის აგვისტო-სექტემბრის მოვლენებმა მრავალი თვალსაზრისით წინასწარ განსაზღვრა არაერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია მის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ განვითარებაში. რამდენად ეწერებოდა საქართველო სსრკ-ის დაშლის ზოგად კონტექსტში, სად იდგა განცალკევებით, ან თუნდაც დასწრებაზე თამაშობდა? ამ კითხვებზე პასუხები ძალზე სასარგებლოა გასული სამი ათწლეულის შედეგის შესაფასებლად.
მეტად სიმბოლურია, რომ 2021 წელს, საბჭოთა დრამის დასკვნითი მოქმედებიდან ოცდაათი წლის შემდეგ, საქართველო კვლავ განიცდის მშფოთვარე პერიოდებს. წინ ეროვნული მნიშვნელობის მუნიციპალური არჩევნებია. ამ განმარტებაში არაფერია გადაჭარბებული, რადგან მათ შედეგებზეა დამოკიდებული, დაიწყება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო კამპანია. და ქართული პოლიტიკის მარადიული კითხვა ქვეყანაში ხელისუფლების ლეგიტიმურობის შესახებ კვლავ გააქტიურდება.
Учебный центр Грузия-НАТО на территории военной базы в Крцаниси - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
მოსაზრება: აშშ-ს კავკასიაში კონკურენტები არ სჭირდება
ამავდროულად, თავად ეს კითხვა მომწიფდა და ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში.

ცენტრიდანულობა კვადრატში

უკვე ჩვეულებრივი გახდა იმის თქმა, რომ მოსკოვში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო კომიტეტის („გე-კა-ჩე-პე“) ჩავარდნამ ცენტრიდანული ტენდენციები დააჩქარა სსრკ-ის ეროვნულ რესპუბლიკებში. თავის მხრივ, ზოგ მათგანში (და საქართველო ამის ნათელი მაგალითია) მოსკოვისგან გაქცევა ერითმებოდა ავტონომიების სურვილს, დაეტოვებინათ სწრაფი სუვერენიზაციის გზაზე დამდგარი ეროვნული წარმონაქმნები.
მართლაც, განახლებული კავშირის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა 20 აგვისტოსთვის იგეგმებოდა, მაგრამ საბოლოოდ ეს დოკუმენტი აღარც გამოჩენილა.
თუმცა ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ მასზე მუშაობის პროცესში მონაწილეობა მიიღო არა თხუთმეტმა, არამედ ცხრა საკავშირო რესპუბლიკამ. საქართველო მათ შორის არ ყოფილა.
1991 წლისთვის მას უკვე ჰქონდა მოპოვებული ერთ-ერთი ყველაზე ანტისაბჭოთა წარმონაქმნის მყარი რეპუტაცია — ბალტიის სამ რესპუბლიკასთან ერთად. ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის მსგავსად, საქართველო არ მონაწილეობდა განახლებული სსრკ-ის შენარჩუნების შესახებ რეფერენდუმში. ანალოგიურად იბრძოდა იგი არა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებისთვის, არამედ პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობისთვის, რომელიც რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად შეიქმნა.
ჯერ კიდევ 1990 წლის მარტში საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ მიიღო რეზოლუცია „საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ“, რომელიც მის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვალში წითელი არმიის შენაერთების შეყვანას ოკუპაციად აფასებდა, ხოლო 1990 წლის 20 ივნისს იმავე ორგანომ უკანონოდ გამოაცხადა გასაბჭოების შემდეგ დადებული ყველა კონტრაქტი და სამართლებრივი აქტი.
თურქეთის პოლიცია  - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
მოსაზრება: როგორ იმყარებს პოზიციებს თურქეთი პოსტსაბჭოურ სივრცეში
ამის შემდეგ დაიწყო მნიშვნელოვანი განსხვავებები. თუ ბალტიისპირეთის ლიდერებისთვის 1940 წელთან დაბრუნება ფასდაუდებელი არჩევანი იყო, ქართველებისთვის 1921 წელი პირიქით, მოკავშირე სახელმწიფოსთან ინსტრუმენტული წინააღმდეგობის წერტილი გახლდათ.
ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიუხედავად 26 მაისის ერთ-ერთი მთავარ სახალხო დღესასწაულად გამოცხადებისა (სწორედამ დღეს გამოცხადდა 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა), „პირველი საქართველოს“ ლიდერები არ გამხდარან ფართომასშტაბიანი განდიდების ობიექტები.
საკმაოდ დამახასიათებელია ისიც, რომ პოსტსაბჭოთა ოცდაათი წლის განმავლობაში ქვეყანაში არ გამოჩენილა ძლიერი სოციალ-დემოკრატიული პარტია — მიუხედავად იმისა, რომ პირველი ქართული ეროვნული სახელმწიფოს ლიდერები მემარცხენეები იყვნენ და კარიერა ლენინთან, მარტოვთან და სხვა რუს მარქსისტებთან ერთად დაიწყეს.
„გვიანი „პერესტროიკის“ პერიოდის ქართული ანტისოვეტიზმი გამოწვეული იყო, უპირველეს ყოვლისა, არა 1918-1921 წლების გამოცდილების რომანტიზაციით, არამედ თბილისსა და ავტონომიებს შორის კონფლიქტით. მრავალი თვალსაზრისით ამან წინასწარ განსაზღვრა პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური განვითარების საფუძვლები.
ეთნოპოლიტიკურმა კონფლიქტებმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში თავის თავში გააერთიანა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობის პრობლემებიც და ქართული იდენტობის ჩამოყალიბებაც 1991 წლის შემდგომ პერიოდში. საქართველო, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებისგან განსხვავებით, რომლებსაც არ გააჩნდათ ავტონომიური წარმონაქმნები თავიანთ შემადგენლობაში, ორმაგ ცენტრიდანულობას შეეჯახა. ის ტოვებდა სსრკ-ს, ხოლო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ტოვებდნენ მას.
ოპოზიცია პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2020
ექსპერტის მოსაზრება არჩევნებზე: პროტესტი იქნება, რევოლუცია - არა
რა თქმა უნდა, ავტონომიების პრობლემები საქართველოს სსრ-ში არც მიხაილ გორბაჩოვის ხელისუფლებაში მოსვლით დაწყებულა და არც ზვიად გამსახურდიას გამოჩენით საქართველოს პოლიტიკურ ოლიმპზე. მათი ფესვები ბოლო ორი საუკუნის მიჯნაზე უნდა მოიძებნოს. მაგრამ ეროვნული თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში წამოიჭრა ავტონომიების როლისა და ადგილის საკითხი მომავალი ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში.
აღიარებდნენ რა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს უმთავრესად, ვინც „სსრკ-დან გაქცევაზე“ დებდა ფსონს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს დამოუკიდებელ მოთამაშეებად კი არ აღიქვამდნენ, არამედ კრემლის მარიონეტებად. შედეგად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული კონფლიქტების ფაქტობრივი იდენტიფიკაცია რუსეთთან დაპირისპირებით წარმოიშვა.

ლეგიტიმურობის დეფიციტი

პრაქტიკაში აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოებრიობის ასაშენებლად მხოლოდ „მოსკოვისგან გაქცევა“ არ იყო საკმარისი. ისევე, როგორც ორი კონფლიქტის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია.
როგორც ქართველმა ეკონომისტებმა — ვლადიმერ პაპავამ და თეიმურაზ ბერიძემ აღნიშნეს სამართლიანად, „საქართველოზე მწვავედ უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკურმა თვითიზოლაციამ“, რაც 1991 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ამას შედეგად მოჰყვა შიდა რესპუბლიკური დაპირისპირებებისა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას კონფლიქტის გამწვავება როგორც მის უახლოეს წრესთან, ისე ქვეყნის წამყვან პოლიტიკურ ძალებთან. ხალხის მიერ არჩეული ლიდერის მცდელობამ, წასულიყო „გე-კა-ჩე-პესთან“ კომპრომისზე 1991 წლის აგვისტოში, მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია.
საქართველოს დროშა ევროპის მოედანზე  - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2020
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში: არსებობს თუ არა გავლენა გარედან?
შიდა ქართული კონფლიქტი ასევე ძლიერ გაამწვავა საპროტესტო აქციის დაშლამ 1991 წლის 2 სექტემბერს. ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველოში ბევრი მსგავსი შემთხვევა იყო. გასახსენებელია 2007 წლის 7 ნოემბრის ან 2019 წლის საპროტესტო აქციები ყბადაღებული „გავრილოვის ღამის“ შემდეგ. ამ მოვლენების შემდგომი ინტერპრეტაცია აყალიბებს პოლიტიკურ სიმბოლოებს, რომელთაც ხელისუფლება და ოპოზიცია იყენებენ ერთმანეთთან დაპირისპირებისას.
მაგრამ 1991 წლის აგვისტო-სექტემბრის მოვლენებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს თანამედროვე ისტორიისთვის. ფაქტობრივად ამან დაუდო სათავე სამოქალაქო ომს, რომელიც 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა შეფერხებებით, ინტენსივობის სხვადასხვა ხარისხითა და დაპირისპირების ცენტრის თბილისიდან სამეგრელოში გადანაცვლებით.
თუმცა შიდა ქართული დაპირისპირების გამოძახილი ამის შემდეგაც იგრძნობოდა (გოჩა ესებუას ან აკაკი ელიავას აჯანყებები). ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდგომარეობა მხოლოდ 2000-იანი წლების დასაწყისშიღა დასტაბილურდა.
კიდევ ერთი თანაბრად მნიშვნელოვანი (და კიდევ უფრო მნიშვნელოვანიც) პრობლემა პოსტსაბჭოთა საქართველოსთვის იყო უზენაესი ხელისუფლების ლეგიტიმურობის დეფიციტის დაძლევა. პრეზიდენტის უფლებამოსილების ერთი პრეზიდენტიდან მეორეზე მშვიდობიანად და კანონიერად გადაცემა ქვეყანაში პირველად მხოლოდ 2013 წელს მოხდა. საქართველოს პირველი, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1992 წლის იანვარში ჩამოაგდო შეიარაღებული ძალით „სამხედრო საბჭომ“, მაგრამ ამისკენ სვლა 1991 წლის აგვისტო-სექტემბერში დაიწყო.
დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მეორე ლიდერმა ედუარდ შევარდნაძემ, რომლის ლეგიტიმურობაში ეჭვი მისი მმართველობის პირველივე დღიდან შეიტანეს, თანამდებობა ასევე არა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად დატოვა, არამედ მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, რომელსაც „ვარდების რევოლუცია“ ეწოდა (2003 წლის ნოემბერში).
და თუ პრეზიდენტ სააკაშვილის პირველი ვადა (2004-2008) ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ იყო უზრუნველყოფილი, მისი ხელახალი არჩევა 2008 წლის იანვარში ოპოზიციამ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გზით გაყალბებულად შეაფასა. ის იძულებული იყო, თანამდებობიდან წასვლის დღემდე ებრძოლა სავარძლის შენარჩუნებისთვის.
„აეროფლოტის“ თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
როდის აღდგება რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა: რუსეთში განმარტება კეთდება
დღეს, როგორც ჩანს, ბრალდებულებმა და ბრალმდებლებმა ადგილები გაცვალეს. საპარლამენტო ოპოზიცია, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს, ვადამდელ არჩევნებს ითხოვს და „ქართულ ოცნებას“ გასული წლის არჩვენების გაყალბებაში ადანაშაულებს.
თითქოს 2021 წლის აპრილში კომპრომისი იქნა მიღწეული წამყვან პოლიტიკურ ძალებს შორის — გარე დახმარების შედეგად. მაგრამ არ არსებობს მყარი გარანტიები, რომ მისი ყველა ძირითადი პირობა დაკმაყოფილდება. 2020 წლის კამპანია, რომელიც ოფიციალურად ერთი წლის წინ დასრულდა, დე ფაქტო გრძელდება. ისტორიული განვითარების ახალ წრეზე ძველი დაავადებები იჩენს თავს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0