ვირუსი უფრო საშიში ხდება, აიცერით! – ქართველ ექიმთა და მეცნიერთა ჯგუფი მიმართვას ავრცელებს
14:38 24.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023)
© photo: Sputnikვაქცინაციის ცენტრი
© photo: Sputnik
გამოწერა
მედიკოსები მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძებების შესახებ ქართველ ექიმთა და მეცნიერთა ჯგუფი მიმართვას ავრცელებს.
მედიკოსები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ ჩაერთონ საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში.
„საავადმყოფოები დაავადებულ პაციენტებს ვერ იტევს და ადამიანური მსხვერპლი საგანგაშოდ მაღალია. ასეთ ეპიდვითარებას ვერ გაუძლებს ვერც ერთი ქვეყანა, მით უმეტეს საქართველოსთვის ამხელა დანაკარგი შეუვსებელია. ამ მოცემულობაში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია რჩება პანდემიასთან ბრძოლის მთავარ ეფექტურ იარაღად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც მიმართვაშია ნათქვამი, არსებული ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია, განსაკუთრებით მძიმე ავადობის და სიკვდილიანობის შემცირების მხრივ. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია მასობრივად ტარდება, კოვიდ-ვაქცინამ უკვე გადაარჩინა მრავალი ადამიანის სიცოცხლე.
სპეციალისტების განცხადებაში აღნიშნულია, რომ უზარმაზარ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით „ფაიზერის“ ვაქცინას აშშ-ის მთავარმა მარეგულირებელმა უკვე საბოლოო ავტორიზაციაც მიანიჭა.
როგორც ექიმები აცხადებენ, საზოგადოების ნაწილი გადაჭარბებულ იმედს ამყარებს უახლოეს მომავალში ვირუსის საწინააღმდეგო მძლავრი პრეპარატის „შემოსვლაზე“ და ამ იმედით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვაქცინაციაზე ამბობს უარს.
„იღუპებიან აუცრელი პაციენტები. დაღუპულთა შორის არიან ახალგაზრდებიც. ახალგაზრდების ხვედრითი წილი ყოველდღიურად იზრდება. გარდა ამისა, ვირუსის სწრაფი გავრცელების დროს ჩნდება მუტაციები, რომლებიც ვირუსს უფრო მოქნილს ხდის და ყოველ ჯერზე უფრო ხელსაყრელ თვისებას სძენს. ვირუსი ახალ თვისებებს იძენს და უფრო საშიში ხდება", – აღნიშნავენ ექიმები.
ხელმომწერი ექიმები სრულ თანადგომას გამოხატავენ საქართველოში ვაქცინაციის პროცესში ჩართული კოლეგების მიმართ. გარდა ამისა, მიმართვაში აღნიშნულია აცრების უსაფრთხოებისა და უკუჩვენებების შესახებ:
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არის ეფექტური და უსაფრთხო.
აცრილ პირებში სიკვდილიანობა მინიმუმ 15-ჯერ დაბალია აუცრელებთან შედარებით.
ამჟამად ბევრ ქვეყანაში აცრა რეკომენდებულია 12 წელს გადაცილებული პირებისთვის.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას აქვს მხოლოდ ორი ძალიან იშვიათი უკუჩვენება: a. ანაფილაქსიური რეაქცია ამ ვაქცინის შემადგენელ კომპონენტებზე, b. ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე.
ალერგია აცრის უკუჩვენება არ არის.
აცრა რეკომენდებულია ყველა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტისთვის.
აცრა რეკომენდებულია ორსულობის დროს.
აცრა რეკომენდებულია ძუძუთი კვების დროს.
აცრა არ იწვევს უშვილობას.
აცრა რეკომენდებულია ონკოლოგიური პაციენტებისთვის.
აცრა რეკომენდებულია ორგანოგადანერგილი პირებისთვის.
აცრა რეკომენდებულია COVID-19-ის გადატანის შემდეგ.
ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს და COVID-19-ით დაავადებას ვერ გამოიწვევს.
აცრა არ ახდენს გავლენას გენეტიკურ მასალაზე.
ასევე, მათი ინფორმაციით, აცრის წინ და შემდეგ საჭირო არ არის ანალიზი და გამოკვლევა.
სპეციალისტები ასევე მიმართავენ მოსახლეობას, არ შეშფოთდნენ, თუ აცრის შემდეგ მცირე დისკომფორტი შეიქმნება, როგორიცაა სიცხე, შემცივნება, სისუსტე, კუნთების და ინექციის ადგილის ტკივილი. ეს ნორმალური მოვლენაა და სწრაფად გაივლის.
მიმართვას ხელს აწერენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე მედიკოსები: ეკატერინე ბერიშვილი (ჟენევის უნივერსიტეტი), რევაზ ბოჭორიშვილი (კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკა), ბიძინა კულუმბეგოვი (ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი, თბილისი), ქეთევან ლობჟანიძე (პარიზის ტრუსოს საავადმყოფო), ვახტანგ კალოიანი (ნიუ ჰოსპიტალსი, თბილისი) და სხვები.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. სპეციალისტების განცხადებით, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საქართველო 100 ათას მოსახლეზე როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ისე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ სამეულშია. ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია, ქვეყანაში უკვე საველე ჰოსპიტლები გაიხსნა.