თუ თქვენი კატა... ანუ ხალხური რწმენა და პლანეტის ყველაზე იდუმალი ცხოველი
18:17 20.08.2021 (განახლებულია: 21:29 20.08.2021)
© Pixabay / nhudaibnumukhtarკატა ქუჩაში
© Pixabay / nhudaibnumukhtar
გამოწერა
კატა ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ცხოველია პლანეტაზე; იმდენად იდუმალი, რომ შუა საუკუნეებში კიდეც ეშინოდათ მათი და მაგიურ ცხოველებად მიაჩნდათ.
ადამიანებში ფესვგადგმული რწმენით, სწორედ ამ მაგიის წყალობით იცავდნენ კატები იმქვეყნიური სამყაროს წარმომადგენლებისა და ასტრალური სხეულებისგან იმ სახლებს, სადაც ბინადრობდნენ. ძველებს სჯეროდათ, რომ კატა იშვიათად აკეთებს რამეს ისე, უბრალოდ, რომ მის ნებისმიერ ქმედებას აუცილებლად ჰქონდა მხოლოდ კატისთვის გასაგები საფუძველი და მიზეზი.
თუ გაინტერესებთ, წინაპართა რწმენით, რატომ იქცევა თქვენი ფისო ხანდახან უცნაურად და თქვენთვის გაუგებრად, ეს პუბლიკაცია უნდა წაიკითხოთ. რა იცით, იქნებ რა მნიშვნელოვანს გეუბნებათ ის?
მაშ ასე, ძველი ხალხის რწმენით:
- თუ თქვენი კატა დიდხანს აკვირდება რაღაც თქვენთვის უხილავს, ე.ი. მან მოჩვენება შენიშნა და ახლა მისი არსის ამოცნობას ცდილობს. ანუ ერკვევა, რამდენად საფრთხის მატარებელი შეიძლება იყოს „სტუმარი“.
- თუ მან მოულოდნელად აიშალა ბეწვი და ოჯახის რომელიმე წევრს ბრაზიანი სისინი დაუწყო, ე.ი. ამ უკანასკნელმა შინ ნეგატიური ენერგია მოიტანა. შესაბამისად, კატის გაბრაზების ობიექტმა აუცილებლად უნდა მიიღოს შხაპი და გარეცხოს სამოსი, რომელიც აცვია. თუ იმ დღეს ვინმემ რამე გაჩუქათ ან გათხოვათ, იცოდეთ, რომ თქვენი ფისო იმ ნივთის მყიდველ-მჩუქნელის ბოროტ განზრახვას ხედავს.
- თუ კატამ უარი თქვა ჩვეულ საჭმელსა და თამაშზე, დაფიქრდით, ხომ არ გყავთ შინ სტუმრად ადამიანი, რომელიც მას არ მოსწონს; ან ისეთი ნივთი, რომელიც თქვენთან „ცუდი თვალის“ ადამიანისგან მოხვდა.
- თუ კატა თქვენგან წავიდა (ხშირად ასეც ხდება), ე.ი. ან ნეგატიური ენერგია გაიტანა თქვენი სახლიდან, ან უბრალოდ ვერ გაუმკლავდა სულს, რომელიც თქვენთან დაბინავდა. ამიტომ კარგი იქნება, თუ ასეთ შემთხვევაში ენერგეტიკულად გაწმენდთ საცხოვრებელს.
- თუ კატა თქვენთან თავისით მოვიდა და მოგეკედლათ, ე.ი. ან ოჯახის რომელიმე წევრს ემუქრება საფრთხე, ან უბრალოდ, სახლს ცვლილებები სჭირდება. კატა შესაძლოა ასევე თავისით „შემოგისახლდეთ“, თუ ცოტას იღიმებით, გულდახურული ხართ და ნაკლებად ურთიერთობთ ადამიანებთან, რათა თავისი ალერსითა და მხიარული თამაშებით სიცოცხლის ხალისი მოგანიჭოთ. კატა ხშირად ეკედლება ქალებს, ვინაიდან ის კარგად გრძნობს მათ ენერგეტიკას. ხოლო თუ ქალი ყველაფერთან ერთად დეპრესიაშიცაა (ვთქვათ, მძიმე განშორების შემდეგ), კატას მით უმეტეს აქვს მიზეზი მასთან დასაბინავებლად, რათა დაამშვიდოს და გუნება გამოუკეთოს. და თუ პატრონი უცბად საკუთარ მტკივნელ წარსულზე დაფიქრდება, კატამ შეიძლება კიდეც უკბინოს ან დაჩხაპნოს ის, რათა „ჭკუაზე მოიყვანოს“ დედობილი.
გარდა ამისა, კატებთან დაკავშირებით თანამედროვეებიც აფიქსირებენ არაერთ უცნაურობას.
მაგალითად, კატების პატრონები ამტკიცებენ, რომ მას შემდეგ, რაც შინ ფისო მიიყვანეს, არაჩვეულებრივად სძინავთ. და, მართლაც, კატა უცნაურად უწყობს ხელს სრულ მოდუნებასა და ღრმა ძილში წასვლას.
დამტკიცებულია, რომ კატის კრუტუნი სასიკეთო გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ამშვიდებს და აშოშმინებს მას. სწორედ ამიტომ ურჩევენ ფსიქოლოგები კატის ყოლას ნევროზებითა და დეპრესიით შეპყრობილ პაციენტებს.
ფისოებთან თამაში, მათზე ზრუნვა თუ ძილი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს განწყობას, არეგულირებს სისხლის წნევას და ააქტიურებს თავის ტვინის მუშაობას.