„როგორი იქნება სამყარო პანდემია რომ დამთავრდება?“ 12 წლის გოგოს ანიმეები და უპასუხო კითხვა
17:50 17.08.2021 (განახლებულია: 21:44 17.08.2021)
© photo: courtesy of Anna-Maria Javakhishviliანა-მარია ჯავახიშვილი
გამოწერა
თუ დააკვირდით, პანდემიის დროს როგორ შეიცვალნენ ბავშვები? ბევრი რამის აკრძალვა მათ ხასიათსა და ქცევაზე აისახა, საკუთარი თავის გამოსახვის ფორმების ძიება დამოუკიდებლად დაიწყეს...
გოგონა, რომელიც გვინდა გაგაცნოთ, თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის მოსწავლეა. ბოლო წლებია, რაც, თანატოლების მსგავსად, ანიმეებით დაინტერესდა. ხშირად უყურებს მათ და შემდეგ გონებაში დარჩენილ გმირებს საკუთარი წარმოსახვით ხატავს.
ხატვის სტიმული 12 წლის ანა-მარია ჯავახიშვილს მას შემდეგ უფრო მიეცა, რაც მისი ნამუშევრები პროფესიონალებმა ნახეს და მოიწონეს. დედის დაკვირვებით, ბოლო დროს ცოტა სიტყვაძუნწი გახდა, ალბათ იმიტომ, რომ საკუთარ თავს მეტად ჩაუღრმავდა...
© photo: courtesy of Anna-Maria Javakhishviliანა-მარია ჯავახიშვილი
ანა-მარია ჯავახიშვილი
- ანა-მარია, სანამ ხატვაზე ვისაუბრებთ, მაინტერესებს სკოლაში რისი სწავლა გიყვარს ყველაზე მეტად?
- მე ვსწავლობ კერძო სკოლა „ივერონში“. ყველა საგანი მიყვარს, მაგრამ ყველაზე ძალიან მიყვარს „ისტი“. ესაა შემოკლებული სახელი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, კიდევ მიყვარს ხელოვნება და ბუნება.
© photo: courtesy of Anna-Maria Javakhishviliანა-მარია ჯავახიშვილი
ანა-მარია ჯავახიშვილი
- ბავშვობაში თურმე დედა ზღაპრებს გიკითხავდა და შენ მათ ხატავდი, მართალია?
- დედამ მითხრა, რომ ხატვა დანტეს სკოლაში დავიწყე, როცა ოთხი წლის ვიყავი. მერე, როცა სხვადასხვა ზღაპრებს მიკითხავდა, მე პერსონაჟებს და სხვადასხვა მომენტებს ფანტაზიით ვხატავდი. მახსოვს, რომ ერთხელ დედამ საკუთარი ზღაპრისთვის მთხოვა გმირის დახატვა, ელფი უნდა დამეხატა. მაშინ პირველად წარმოვიდგინე ეს არსება და დავხატე. ცოტა სასაცილო გამოვიდა, მაგრამ დედას ძალიან მოეწონა.
© photo: courtesy of Anna-Maria Javakhishviliანა-მარია ჯავახიშვილის შემოქმედება
ანა-მარია ჯავახიშვილის შემოქმედება
- დღეს მარტო ანიმეებს რატომ ხატავ?
- ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს. ვუყურებ სხვადასხვა სერიალებს, ფილმებს და მერე ჩემს საყვარელ პერსონაჟებს ვხატავ. იაპონური ენა მიზიდავს, ცოტა-ცოტას ვსწავლობ კიდეც. იაპონია უცხო სამყაროა და ძალიან მაინტერესებს.
© photo: courtesy of Anna-Maria Javakhishviliანა-მარია ჯავახიშვილის შემოქმედება
ანა-მარია ჯავახიშვილის შემოქმედება
- არ ფიქრობ, რომ ქართული ანიმაციური პერსონაჟი მოიგონო და დახატო?
- არ ვიცი, ვიფიქრებ. მართლა კარგი იდეაა. შეიძლება დედის ზღაპრის გმირიც დავხატო. ის იგონებს ხოლმე საინტერესო ზღაპრებს.
© photo: courtesy of Anna-Maria Javakhishviliანა-მარია ჯავახიშვილი
ანა-მარია ჯავახიშვილი
- 13 დეკემბერს 13 წლის ხდები, როგორი ასაკია ეს შენთვის?
- როგორც გუგლმა მითხრა, 13 წელი გარდატეხის ასაკია. მინდა, რომ კარგ ადამიანად დავრჩე და ცუდად არ გარდავიქმნა. წინ უფრო ბევრი დროა, ვიდრე უკან რჩება და ეს მიხარია. 13 რიცხვი პატარაობიდან მიყვარს. დედისგან სულ მესმის, რომ ამ დღეს ცა-მეტიაო, ვიდრე მარტო ცა...
© photo: courtesy of Anna-Maria Javakhishviliანა-მარია ჯავახიშვილის შემოქმედება
ანა-მარია ჯავახიშვილის შემოქმედება
- როგორები არიან თანატოლები, ვისთანაც მეგობრობ?
- მე მომწონს ის ბავშვები, რომლებსაც ჩემსავით უყვართ ცხოველები და უვლიან მათ. ძალიან განვიცდი, როცა ცხოველებს ჩაგრავენ. არ მიყვარს, როცა ხეებს ტოტებს ატეხავენ და ლოკოკინებს ფეხს ადგამენ. ვმეგობრობ იმ ბავშვებთან, ვისაც ჩემნაირი გემოვნება აქვს, მოსწონთ ანიმე და ერთნაირი მუსიკალური გემოვნება გვაქვს.
© photo: courtesy of Anna-Maria Javakhishviliანა-მარია ჯავახიშვილის შემოქმედება
ანა-მარია ჯავახიშვილის შემოქმედება
- რით განსხვავდება შენი დახატული ანიმეები უკვე არსებულისგან?
- ბევრი რამით განსხვავდება, თანაც მათ კომპიუტერული გრაფიკით ხატავენ, მე კი ტუშით და ფლომასტერებით ვხატავ. დედა და სხვებიც მეუბნებიან, რომ ჩემები უფრო მოძრავები არიან და ხასიათს გამოხატავენ.
© photo: courtesy of Anna-Maria Javakhishviliანა-მარია ჯავახიშვილის შემოქმედება
ანა-მარია ჯავახიშვილის შემოქმედება
- საიდან გაქვს ხატვის ნიჭი, ახლობელი ადამიანები ხატავენ?
- დედა, ნამდვილად ვიცი, არასოდეს ხატავდა, ის კარგად წერს. მამა ადრე ხატავდა, ახლა ფოტოებს იღებს, ფოტოხელოვანია. ბებოც ხატავდა თურმე, მამიდამ კი პანდემიის დროს დაიწყო ხატვა...
© photo: courtesy of Anna-Maria Javakhishviliანა-მარია ჯავახიშვილის შემოქმედება
ანა-მარია ჯავახიშვილის შემოქმედება
- პანდემიაზე რას ფიქრობ?
- ძალიან ცუდი დროა, ყველანი სახლში გამოვიკეტეთ, ოთხ კედელში. ადრე მეგონა, ტექნიკა და ტექნოლოგიები შექმნიდა საფრთხეს, რობოტები გაჩნდებოდა და ადამიანს ჩაანაცვლებდნენ. ახლა მეშინია მე-18 საუკუნეში არ დავბრუნდეთ და ურემზე არ მოგვიწიოს გადაჯდომა...
© photo: courtesy of Anna-Maria Javakhishviliანა-მარია ჯავახიშვილის შემოქმედება
ანა-მარია ჯავახიშვილის შემოქმედება
- დღეს სახლში გამოკეტილი რომ ხარ, რას ხატავ ხოლმე?
- ერთხელ ფრთებმოტეხილი ანგელოზი დავხატე და დედამ რომ შეხედა, მითხრა - ცოტა შემეშინდაო. მერე პატარა ანიმე დავხატე - ფერადქოლგიანი, წვიმაში დგას და წვიმის წყალი ფერებს შლის მისი ქოლგიდან.
ეს რომ მოხდეს, ყველაფერი შავ-თეთრი იქნება და არ მინდა. სულ მაინტერესებს - როგორი იქნება სამყარო, პანდემია რომ დამთავრდება? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ მომისმენია...