„უშიშმან და ყოვლად უძრავმან  გულითა“ - როგორ მოიგო დავით აღმაშენებელმა დიდგორი

© photo: Sputnik / Stringerდიდგორობა
დიდგორობა - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2021
გამოწერა
ზუსტად 900 წელი გვაშორებს დიდგორის დიად გამარჯვებას. 1121 წლის 12–15 აგვისტოს საქართველოს მხედრობამ დავით აღმაშნებლის მეთაურობით სასტიკად დაამარცხა მუსლიმთა ურიცხვი ურდო,  რომელსაც სახელმოხვეჭილი სარდალი ნეჯმ ად-დინ ილ-ღაზი მეთაურობდა.
დიდგორი მართლაც ჩვენი ისტორიის დიადი მწვერვალია. იგი საქართველოს ძველი ძლევამოსილების სახედ და სიმბოლოდ წარმოგვიდგება. აქ შემობრუნდა ჩვენი ერის ბედი ოქროს ხანის აღმავლობისაკენ. აქ გადაწყდა დედა თბილისის საბოლოოდ განთავისუფლების საქმე. ამიერით — გზა დიდგორული, ქართველობის ახალი სულისკვეთების მამოძრავებელ ძალად იქცა.
ისტორიულად დიდგორ-კლდეკარის კვანძი ქართლზე მტრის თავდასხმების ძირითადი პლაცდარმს წარმოადგენდა. 1121 წელს კლდეკარი დავით აღმაშენებლის ხელში ჩანს. მტერს მანგლის-ორბეთი-დიდგორის გზაღა ჰქონდა დარჩენილი და მისი დიდგორზე მოსვლა სრულიადაც არ არის შემთხვევითი. მას სადღაც მცხეთის ზემოთ, შიდა ქართლში სურდა გასვლა და დავითის ლაშქარის გამოჭერა, აღმაშენებელმა კი სწორედ აქ  —  დიდგორზე დაუგო მათ ხაფანგი.
ამ ბრძოლასთან დაკავშირებით მრავალი საკითხი იწვევს ინტერესს და დღემდე წარმოადგენს კვლევის საგანს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სრული სურათი აღდგენა მაინც ჭირს, რადგან წყაროები მწირია და გარკვეულწიად წინააღმდეგობრივიც. დღემდე მოღწეულ ცნობებში იმდენად დიდი სხვაობაა, რომ უმეტეს შემთხვევაში ისინი ერთმანეთს გამორიცხავენ. კერძოდ:
1. ბოლომდე არ არის გარკვეული მარშრუტი, რომელიც სელჯუკთა და არაბთა გაერთიანებულმა კოალიციამ გაიარა დიდგორამდე. არის ვერსია, რომ კოალიციური ლაშქარი ჯერ ერთად შეიკრიბა და მერე დაიძრა საქართველოს ასაოხრებლად, და არის მოსაზრებაც, რომ ურდოს შევსება და გაძლიერება გზადაგზა ხდებოდა.
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2020
დიდგორზე მარცხნაჭმი დიდი სარდალი: დავით აღმაშენებლის ღირსეული მოწინააღმდეგე
რაც შეეხება კიდევ ერთ მოსაზრებას, თუ მას ვერწმუნებით, დიდგორი არ ყოფილა ერთი კონკრეტული ბრძოლა, ეს იყო რამდენიმეთვიანი სამხედრო ბატალია, რა დროსაც დავით აღმაშენებელი, სანამ სელჯუკთა ურდოები გაერთიანდებოდნენ, ნაწილ-ნაწილ ანადგურებდა მათ.
საქართველოს წინააღმდეგ ჯიჰადის მოწოდებას მარდინ-ალეპოს, ბითლის-დიაბაქარის და განძის სამხედრო ბანაკები გამოეხმარუნენ. სწორედ ამ სამი დაჯგუფების ირგვლივ მოხდა სელჯუკთა ურდოების კონცეტრირება. ეს ქალაქები ერთმანეთთან იმდენად დაშორებული ყოფილან, რომ საქართველომდე მათი გაერთიანება ვერ მოხერხდა.
ამ მოსაზრების მომხრენი ეყრდნობიან დავითის ქართველი ისტორიკოსისა და არაბი მემატიანის, ალ-ფარიკის ცნობებს იმის თაობაზე, რომ მაჰმადიანთა ლაშქრის ერთი ნაწილი  საქართველოსაკენ გამოეშურა დვინის, კარისა და არზრუმის მხრიდან, მეორე კი, თოღრილის მეთაურობით —  განძიდან.  ამ და სხვა მასალებზე დაყრდნობით მიიჩნევა, რომ 1121 წლის  ზამთარში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჯერ განძის ამირა დაძრულა (არც არის გასაკვირი, სელჯუკთა ძლიერი სამფლობელოებიდან ჩვენს ქვეყანასთან ყველაზე ახლოს განძა გახლდათ და ყველაზე ადრე განძელების გამოჩენა ლოგიკურიც გახლდათ). ეს ჯარი სავარაუდოდ მტკვრის ხეობას აუყვა. მარშრუტის მიხედვით, გამოდის რომ მათი საბოლოო მიზანი თბილისში შესვლა იყო, თუმცა ამაოდ დაშვრნენ.
დავითის მემატიანე დეტალურად აღწერს, თუ როგორ შეაგროვა ზამთარში არმია მეფემ, როგორ გადმოვიდა თებერვალში დათოვლილ ლიხის ქედზე და როგორ დაესხა თავს მარტში მომთაბარეებს ხუნანთან, მტკვრის ხეობასთან, ხოლო შემდეგ, როგორ გაანადგურა მუსლიმანთა სამხედრო ბანაკი ბარდავთან, რომელიც საქართველოს ტერიტორიებიდან 300-400 კილომეტრით იყო დაშორებული.
წიგნები - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2019
ევროპული ლეგენდების გმირი მეფე დავით აღმაშენებელი და დიდგორით გადიდგულებული ქართველები
1121 წლის ადრიან გაზაფხულზე ალეპოდან დაძრულმა სელჯუკთა ლაშქარმა გრძელი გზა გაიარა კარამდე (ყარსი)  და იქედან თრიალეთში გადავიდა. ქართველ ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ის ლაშქარია, რომელიც თრიალეთში მოულოდნელად გამოჩნდა. თურქთა დიდი ურდოს თრიალეთში დაბანაკება ნაჭარმაგევში მდგარ დავითს მოახსენეს. მეფე აღარ დაელოდა ჯარის შეყრას, ტაძრეულითა და მცირერიცხოვანი ამალის თანხლებით მიიჭრა თრიალეთს და სელჯუკები საქართველოდან გაყარა.
აქ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ იმ დროს, როდესაც დავით აღმაშენებელი განძის საამიროს არმიას ანადგურებდა თრიალეთთან და ბარდავთან, ილ-ღაზი საქართველოზე სალაშქროდ ემზადებოდა. სელჯუკთა დიდმა სარდალმა მოკავშირე დურბეისთან ერთად ივნისის დასაწყისში დატოვა დიარბაქირი. ეს ჯარი არზრუმის გზით 8 აგვისტოს შემოვიდა თრიალეთში, სადაც მას შეუერთდა ამირა არსლანი, რომელმაც საქართველოზე სალაშქროდ დვინის მიმართულება არჩია. სავარაუდოდ, მხოლოდ ეს ძალა იდგა დიდგორ-მანგლისის სანახებთან, დანარჩენები კი, როგორ ჩანს , დავითს უკვე განადგურებული ჰყავდა.
ქართველ მეცნიერთა გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ სელჯუკთა გაერთიანება ვერ მოხერხდა, ვინაიდან დავით აღმაშენებელმა ჯერ კიდევ დიდგორის ბრძოლამდე დაშალა ჯიჰადის კოალიციის ერთიანობა. მან ზუსტად გათვალა დრო, რომელიც დიდი არმიის შეგროვებასა და თითოეული ბანაკის საქართველოში ლაშქრობას დასჭირდებოდა და ისინი ცალ-ცალკე გაანადგურა, რითაც ილ-ღაზი დიდგორის გადამწყვეტი ბრძოლის წინ მძლავრი მოკავშირეების გარეშე დატოვა. შემდეგ კი დიდგორის ქედთან, სადაც სხვა გენიალური ტაქტიკური ქმედებები განახორციელა, დავითმა ილ-ღაზის არმიაც მიაყოლა მოკავშირეებს.
მოდელირებული დიდგორის ბრძოლა - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2020
დავით აღმაშენებელი, „ძლევაი საკვირველი“ და გელათის მზის საათი
მეფე დავითის გენიალურობა იმაშია, რომ მან სწორად შეაფასა შექმნილი ვითარება და რისკები და ქმედითი ნაბიჯები გადადგა დიდი საფრთხის გასანეიტრალებლად. ხოლო ის, რომ სამი სხვადასხვა მოვლენა ერთ ფოკუსში გააერთიანეს, შესაძლოა იმით იყო განპირობებული, რომ დავითის სამხედრო გენია კიდევ უფრო დიადად წარმოეჩინათ. მაგრამ სულ პირიქით კია: დიდი სტრატეგი არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ამ საშინელ ძალას გაერთიანების საშუალებას და ლოგიკური იქნებოდა, სწორედაც ცალ-ცალკე გაანადგურებდა მათ.
ეს ვერსიები ცოტა დაუჯერებლად მოსჩანს, რადგან ძველი თაობის  ისტორიკოსებს სხვანაირად წარმოედინათ ეს დიდი ბრძოლა. თუმცა ამჯერად თავი შევიკავეთ ათასჯერ თქმულის გადამღერებისაგან და ყურადღებას ფართო საზოგადოებისათვის უცნობ დეტალებზე გავამახვილებთ.
2. საკამათოდ რჩება დიდგორის ველზე ჯვაროსანთა მონაწილეობის საკითხი. მართალია, როგორც უცხოელი, ისე ქართველი მემატიანენი ერთხმად წერენ, რომ დიდგორში ქართველთა მხარეს ფრანკებიც იბრძოდნენ, მაგრამ ქართველ ისტორიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ფრანკები ჯვაროსნები კი არა, უბრალოდ დაქირავებული რაინდები გახლდნენ. მოსაზრება, თითქოს ფრანკი ავტომატურად ნიშნავს ჯვაროსანს, არასწორია — ფრანკი ნიშნავს დასავლეთ ევროპელს და არა აუცილებლად  ჯვაროსანს.
აღმოსავლური წყაროები სავსეა ამ ტერმინით და უამრავი მაგალითის მოყვანაც შეიძლება, სადაც ამ სახელით არაჯვაროსნები აღინიშნებიან. აღმოსავლეთის ქვეყნებში ტერმინ „ფრანკის“ პოპულარობა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ იქ დასავლეთ ევროპელ მოქირავნე მეომრებზე დიდი მოთხოვნა იყო, რომლებიც დიდი რაოდენობით მოდიოდნენ აღმოსავლეთის ქვეყნებში ფულისა და იღბლის საძებნელად.
ისტორიული ანალები - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2019
ზებუნებრივი მოკვდავი, ანუ ლეგენდები დავით აღმაშენებელზე
ასეთი მოქირავნე ფრანკების, ანუ არაჯვაროსნების სამხედრო რაზმები ქართული არმიის შემადგენლობაში ჯერ კიდევ ჯვაროსნულ ომამდე ბევრად ადრე, ბაგრატ მეოთხის მეფობის დროს ჩანან. რაც იძლევა  სრულიად ლოგიკური ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ქართველი მეფეები, სხვა მონარქების მსგავსად, ფრანკ მეომრებს ხშირად ქირაობდნენ.
ძალიან საინტერესოა სხვა მაგალითიც. 1104 წელს, ანუ დავითის პერიოდში, მოქირავნე ფრანკების სამხედრო რაზმი, რომლის მეთაურიც იყო იარუკი, ილ-ღაზის ძმის, სუკმენის არმიაში მსახურობდა. სუკმენი კი ჯვაროსნების დაუძინებელი მტერი იყო და სწორედ 1104 წელს დაამარცხა ისინი დიდ ბრძოლაში. ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია.
ქართველ მეცნიერებს, რომლებიც ამ მოსაზრებას იზიარებდნენ, მაგალითად მოჰყავდათ ყოფილი ჯვაროსნის, გოტიეს ჩანაწერები, რომლებშიც ის დავითს ლაშქარში მყოფ ევროპელებს ფრანკებად იხსენიებს, ხოლო ჯვაროსნებს — ლათინებად. გოტიე თავად იყო ჯვაროსანი და შეცდომა არ მოუვიდოდა — დავითის ლაშქარში ჯვაროსნები რომ ყოფილიყვნენ, ამას ის აუცილებლად აღნიშნავდა. მეცნიერთა ამ ნაწილის აზრით, დიდგორის ბრძოლაში მონაწილე ორასამდე ფრანკი ჩვეულებრივი  დაქირავებული მეომარი იყო.
თავად დიდგორის ბრძოლა, ყველა მასალის შეჯერებით დგინდება, რომ  12 აგვისტოს, ხუთშაბათ დღეს დაიწყო და 15 აგვისტოს, კვირა დღეს დასრულდა.
„შეკრბეს ესე ყოველნი, შეითქუნეს, შეიმტკიცნეს სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღვისა, რომლითა აღივსო ქუეყანა ხოლო მეფემან დავით, უშიშმან, და ყოვლად უძრავმან  გულითა“, — წერს მემატიანე.
დავითმა ბრწყინვალე საბრძოლო გეგმითა და შემართებით, ხმლითა და სიბრძნით მიიყვანა ქვეყანა დიდ გამარჯვებამდე. დიდგორის ბრძოლა იყო მცირე ძალებით დიდ არმიაზე გამარჯვების კლასიკური მაგალითი, სამხედრო ტაქტიკის ნამდვილი შედევრი, სადაც მხედართმთავარმა ბრწყინვალედ გამოიყენა მოულოდნელობის ფაქტორი და ამის მეშვეობით გააანადგურა ილ-ღაზის ბევრად მრავალრიცხოვანი და ძლიერი არმია. თანაც სელჯუკთა არმია, რომელიც იმ დროს აბსოლუტურად  სრულყოფილი სამხედრო მანქანა გახლდათ, არმია, რომელიც იშვიათად  აგებდა ბრძოლებს. ამიტომაც ჰქონდა ამ გამარჯვებას უდიდესი რეზონანსი მაშინდელ სამყაროში, რასაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის იმდროინდელი ისტორიკოსების ცნობები მოწმობს.
ყველა ახალი ამბავი
0