1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე სელჩუკებთან ბრძოლაში მიღწეული ბრწყინვალე გამარჯვებას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ის ფაქტი, რომ დავით აღმაშენებლის ვიზავი იმ დროსათვის სახელგანთქმული სარდალი გახლდათ, რომლის ანგარიშზეც არაერთი დიდი გამარჯვება იყო. თუმცა ქართული საზოგადოებისათვის თითქმის უცნობია თუ ვინ იყო ამ ომის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფიგურა ნემჯდ ად-დინ ილღაზი და როგორ მოვიდა ის დიდგორის ბრძოლამდე? ან რა გზა გაიარა დიდგორის კატასტროფიდან სიკვდილამდე, ანუ 1122 წლის ნოემრამდე.
მუსლიმანურ სამყაროში საკმაოდ ცნობილი თურქი სარდალი და მხედართმთავარი, სხვადასხვა დროს იერუსალიმის, ბაღდადის, მარდინის, ჰარანის, ნისიბინის, რას ალ-აიანის, მაიფარაკინისა და ალეპოს ამირა ილღაზი, თურქმენული წარმოშობის ართუკიდების დინასტიის წარმომადგენელი გახლდათ. სირიაში მის მიერ შექმნილი მარდინის საემირო ერთ-ერთი დიდ პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბდა. ზედსახელი ილღაზი ქართულად „ხალხისთვის მებრძოლს“ ნიშნავს, იგი გამოირჩეოდა ქრისტიანებისადმი დიდი სიძულვილით და მთელი ცხოვრება მათთან ბრძოლას შეალია.
1092 წელს, მას შემდეგ, რაც სელჩუკთა დიდი სულთანი, მალიქ შაჰი მოკლეს, მისი უზარმაზარი იმპერია დაემხო და მისი ტახტის დასაკავებლად სიხლისმღვრელი ომები დაიწყო. ამით ისარგებლა ახალგაზრდა და ამბიციურმა ართუკიდმა და დიარბაქირში ართუკიანთა დამოუკიდებელი საამირო ჩამოყალიბა, ხოლო 1095 წელს იერუსალიმსაც დაეპატრონა. ილღაზი თავის ძმასთან ― სუკმანთან ერთად მართავდა წმინდა ქალაქს მანამ, სანამ ფატიმიდებმა (ეგვიპტის სამეფო დინასტია) არ წაართვეს ართუკიან ძმებს.
ილღაზი დამარცხებას არ შეურიგდა და იერუსალიმიდან წასულმა ძმებმა საკუთარი სამთავროები ბრძოლით შექმნეს. ამასობაში წმინდა მიწაზე შეიარაღებული ევროპელები გამოჩნდნენ და მანაც საღვთო საქმედ გამოაცხადა ჯვაროსნებთან ომი. 1111 წელს ჯვაროსნებს წაართვა უძლიერესი ციხე-სიმაგრე მარდინი და ჰისნ ქაიფა, რომელიც გადავიდა მისი ძმის, სუკმანის მართველობაში, თავად კი ერაყს მიაშურა, სადაც იმპერიის უმსხვილესი და უმდიდრესი ქალაქის ― ბაღდადის შიჰნა გახდა.
თუმცა ილღაზი სულთან მალიქ შაჰ მეორის მემკვიდრეებს შორის ატეხილ ომში ჩაება, რის გამოც მას ბაღდადი წაართვეს და ერაყიდან გააძევეს. ილღაზი სირიაში დაბრუნდა და ძმის სუკმანისა და ძმისშვილ იბრაჰიმის გარდაცვალების შედეგ სირიის ერთპიროვნული მმართველი გახდა. მაგრამ აქაც არ მოასვენეს და 1115 წელს მის გასანადგურებლად ბაღდადიდან დაიძრა დიდი არმია ბურსუკ იბნ ბურსუკის მეთაურობით. თუმცა სანამ ეს ლაშქარი მარდინს მიაღწევდა, მას გზა გადაუღობა ანტიოქიის სამთავროს გრაფმა როჯერ სალერნოელმა და სელჩუკები გაანადგურა. ილღაზმაც შეირგო „ალაჰის საჩუქარი“ და 1117 წელს ხელში ჩაიგდო უმდიდრესი ქალაქი ალეპო.
გამჭრიახი და ენერგიული ამირას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან თავისი საჭიროება დაანახა ტახტზე ასულ ახალგაზრდა სულთან მაჰმუდს და 1118 წლიდან იწყება მისი აღზევება. იმავე წელს ხელთ იგდო მაიაფარიკინი, ჰარანი, ნისიბინი და რა'ს ალ-აიანი. ის ქალაქ ალეპოსთვის დაუპირისპირდა ჯვაროსნებს. 1119 წელს ილღაზმა ბალატთან სასტიკად დაამარცხა ანტიოქიის მთავარი როჯერი. ჯვაროსანთაგან (700 ცხენოსანი რაინდი, 3000 ქვეითი) ცოცხალი მხოლოდ 140 კაცი გადარჩა. ტყვედ ჩავარდნილი ნორმანდიელი რაინდები ილღაზმა თავის თურქმანებს გააჟლეტინა. არაბი მემატიანე იბნ ალ-კალანისი მოგვითხრობს:
„ცნობილი გახდა, რომ როჯერი ანტიოქიის მმართველი, ქალაქიდან გავიდა და ფრანკთა რაზმები შეკრიბა ― ოცი ათასი მხედარი და ქვეითი. ეს მეომრები თავიდან ფეხებამდე ბრწყინვალედ იყვნენ აღჭურვილნი. ისინი დაბანაკდნენ ალეპოსა და ანტიოქიის შორის ერთ ადგილას, რომელსაც შარმადა ეწოდება. როგორც კი მუსლიმებმა ეს ამბავი გაიგეს, ფრანკებს ეძგერნენ. მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ეკვეთნენ მზერის სისწრაფით. მუსლიმებმა ფრანკებს ყოველ მხრიდან ალყა შემოარტყეს, ხმლებით ჩეხდნენ და ისრებს უშენდნენ. და მაღალმა ღმერთმა გამარჯვება უბოძა ისლამს მის წინააღმდეგ ამხედრებულ ბრბოზე თითქმის ერთ საათში ფრანკი რაინდები და ქვეითები ცხენებითა და იარაღით მიწაზე იწვნენ ერთმანეთში არეულები. როჯერიც გვამებს შორის იყო... ცხენებისა და ადამიანების გვამები ჩარჭობილ ისართა სიმრავლით ზღარბებს დაემსგავსებოდნენ. ეს გამარჯვება ისლამის სხვა გამარჯვებათა შორის ერთ-ერთი ბრწყინვალე იყო“.
ჯვაროსანთათვის ეს უდიდესი კატასტროფა იყო, ანტიოქია საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მუსლიმმა პოეტებმა ქება შეასხეს ილღაზს, ხოლო ბაღდადის ხალიფამ მას საპატიო ჯილდო ― ხალათი უბოძა. სწორედ ამ დროს უწოდეს ილღაზს „ნეჯმ-ედ-დინი“, ანუ „სარწმუნოების ვარსკვლავი“.
ილღაზი მაჰმადიანთა შორის გამორჩეული გახლდათ სიფრთხილით, გონიერებით, სიმამაცითა და თავდადებით. ის მოსვენებას არ აძლევდა ჯვაროსნებს, ზედიზედ ამარცხებს მათ და ისინიც იძულებული გახდნენ 1121 წლის დასაწყისში თურქებთან ზავი დაედოთ. „სარწმუნოების ვარსკვლავს“ შეეძლო გაეგრძელებინა დასუსტებულ ევროპელებთან ბრძოლა, თუმცა სანამ ზურგში „ჯურზების მეფე უსჯულო დაუდი“ ჰყავდა, ის მშვიდად ვერ იქნებოდა. ცხადია, რომ ორ ფრონტზე (ჯვაროსნებთან და საქართველოსთან) ერთდრულად ბრძოლა უჭირდა, ამიტომ მოძებნა ერთადერთი სწორი გამოსავალი ― დაზავებოდა ჯვაროსნებს, რათა ხელ-ფეხი გახსნოდა და დიდძალი ლაშქრით საქართველოსკენ დაძრულიყო ჩვენი ქვეყნის პირისაგან მიწისა აღსაგველად.
ერთი სიტყვით, „ხალხისთვის მებრძოლ“ სელჩუკთა ბელადს არც სამხედრო გამოცდილება აკლდა და არც ცბიერება-მოხერხებულობა, მაგრამ აღმაშენებლის გენიამ სრულიად დაჩრდილა მეტოქე. იმ დღეს ილღაზს არაფერი გამოუვიდა, ქართველთა მეფემ თავიდანვე იგდო ხელთ უპირატესობა და „სარწმუნოების ვარსკვლავს“ არ დაუტოვა სხვა გზა, გარდა გაქცევისა.
როგორც მემატიანე წერს, ქართველთა ჯარმა თურქებს „არა დაუტევა მომტირალი კარავთა მათთა“. დიდგორზე ქართველთა გამარჯვება მუსლიმური სამყაროსათვის რამდენად შოკისმომგვრელი იყო, ამის საილუსტრაციოდ გამოდგება თბილისელი მუსლიმის, ალ-ქალად იბნ ედინ ილაზის ჩანაწერი:
„ჩვენ ალაჰს ვადიდებდით, როცა მეჩეთში შევიტყვეთ ჯურზების გამარჯვების შესახებ ნაჯმ ედ-დინის ჯარებზე და დიდადაც გავიკვირვეთ, რადგან ბაღდადის მძლეველსა და ისლამის ვარსკვლავს, როგორ უნდა გასჭირვებოდა აფხაზ-ქართველთა დამარცხება, ვერ მივხვდით და ვერც ახლა გაგვიგია. ილღაზი ხომ უძლეველი სარდალი იყო და როგორ გაიმარჯვეს ჯურზებმა, არ ვიცით და მოჰამედიანთა არმია კი უფრო მრავარიცხოვანიც იყო და ძლიერიც. ტფილისის ქრისტიანებმა მაშინ თქვეს, რომ ქართველებს წმინდა გიორგი თვითონ დაეხმარაო და ეს წმინდა გიორგი ყოფილა მათი მფარველი მხედარი...“
დიდგორის ბრძოლაში დამარცხებულმა და თავში დაჭრილმა ილღაზმა სიკვდილს კი გაასწრო, მაგრამ საქართველოში განცდილი კატასტროფის შემდეგ მისი დიდების მზე საბოლოოდ ჩაესვენა, თუმცა ის ერთხანს მაინც რჩებოდა ერთ-ერთ უძლიერეს მუსლიმ ამირად ახლო აღმოსავლეთში. მას პირველად თავისი შვილი, ალეპოს გამგებლად დატოვებული სულეიმანი განუდგა. ილღაზმა სულეიმანი დაამარცხა და ალეპო დაიკავა. მართალია მოღალატე შვილი დაინდო და ცოცხალი დატოვა, მაგრამ მისი მრჩევლები სამაგალითოდ დასაჯა.
1122 წელს დიდგორის ომის ანტიგმირმა რეპუტაციის აღდგენის მიზნით ჯვროსნებთან ომი განაახლა, მან დაამარცხა და დაატყვევა ედესის გრაფი ჟოსლენ I, მაგრამ მან ვერ შეძლო მიღწეული გამარჯვებით ესარგებლა. ევროპელებთან ბრძოლაში მას ხელი შეუშალა ავადმყოფობამ. დიდგორზე მიღებული ჭრილობა მოურჩენელ წყულად ექცა, გაურთულდა და თითქმის ერთწლიანი ავადმყოფობის შემდეგ, 60 წლის ილღაზი 1122 წლის 3 ნოემბერს გარდაიცვალა. ის დიარბაქირში დაასაფლავეს და მისი სიკვდილისთანავე ილღაზის სამფლობელო მისმა შვილებმა და ბიძაშვილებმა ოთხ ნაწილად გაიყვეს და წლების განმავლობაში ილღაზის მიერ რუდუნებით შექმნილი დიდი საამიროც მასთან ერთად გაქრა.