დავით აღმაშენებლის მსტოვართა სამსახურის სპეცოპერაციები: „სახლი გამამწარებელი“

© Pixabay / josealbafotosძველი წიგნი
ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით აღმაშენებელმა მსტოვართა უდიდესი ქსელი შექმნა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც — ბაღდადში რომ რამე „გაფაჩუნებულიყო“, მეფეს უმალვე მოხსენდებოდა...

ვანო სულორი

მრავალი საუკუნეა, დავით აღმაშენებლის ფენომენი ყოველი ქართველის სულს აფორიაქებს და სიამაყის გრძნობით აღავსებს ის ფაქტი, რომ სწორედ ჩვენში იშვა გენიოსი, რომელმაც მსოფლიოს დაანახა, რაოდენ განსაცვიფრებლად ძლიერი და დიადი შეიძლება იყოს მცირერიცხოვანი ერი.

მეფე დავითზე უამრავი რამ დაიწერა როგორც შესანიშნავ სარდალზე, პოლიტიკოსზე, მწიგნობარზე, სახელმწიფო მოღვაწეზე. მაგრამ სულის სიღრმეში მაინც ჩნდება განცდა იმისა, რომ არის კიდევ რაღაც მის პიროვნებაში, რაც აქამდე ვერ შეგვიცვნია... 

Книги на полке - Sputnik საქართველო
ევროპული ლეგენდების გმირი მეფე დავით აღმაშენებელი და დიდგორით გადიდგულებული ქართველები

დავით აღმაშენებელმა ქვეყნის მართვის ხელოვნება იმ დონემდე აამაღლა, რომ ყოველი შემდგომი ქართველი მეფის მოღვაწეობას ამ უმაღლეს მაჩვენებელს ვუდარებთ. მან გაპარტახებული და თითქმის მიწასთან განადგურებული ქვეყანა ჩაიბარა და ორ ათეულ წელიწადში კავკასიური მნიშვნელობის იმპერიად აქცია, რომლისაც ეშინოდათ და ანგარიშს უწევდნენ. ინტელექტუალმა მეფემ მტრულ გარემოში მყოფი ქვეყანა ეფექტიანი მართვის წყალობით არათუ გადაარჩინა განადგურებას, არამედ ისე განავითარა, რომ მაშინდელი წინა აზიისა და ევროპის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია.

აღმაშენებელმა გამეფებისთანავე მოახდინა ქვეყნის მთელი რესურსების მობილიზაცია და მხოლოდ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებზე დაყრდნობით დაიწყო ქვეყნის გადარჩენის მტკივნეული პროცესი. თუ მის წინამორბედებს — გიორგი მეორესა და ბაგრატ მეოთხეს კონსტანტინოპოლის სამეფო კარი ჰქონდათ ატალახებული, რათა ბიზანტიის კეისრებს გადაეწყვიტათ  საქართველოს პრობლემები, დავითი საპირისპირო პოლიტიკას დაადგა — ყველა პრობლემის საკუთარი ძალებით მოგვარება განიზრახა. ხოლო ყივჩაღები, ბიზანტიის ერთმორწმუნეობა და ჯვაროსნული ლაშქრობა თავისი პოლიტიკის მხოლოდ დამხმარე ფაქტორებად აქცია.

ამგვარ პოლიტიკას დიდი პლუსები ჰქონდა, თუმცა არსებობდა მინუსიც — ცოცხალი ძალის სიმწირე. ჩვენ ისეთი მეზობლები გვყავდა, რომლებიც ცოცხალი ძალით, ანუ მოსახლეობის ოდენობითაც და, შესაბამისად, ჯარითაც საქართველოს ათჯერ და ოცჯერაც აღემატებოდნენ. ამიტომ აღმაშენებელმა ამ თავისებურების გათვალისწინებით წარმართა საბრძოლო სტრატეგია. 

ისტორიული ანალები - Sputnik საქართველო
ზებუნებრივი მოკვდავი, ანუ ლეგენდები დავით აღმაშენებელზე

დიდი მეფე თავს არიდებდა გაჭიანურებულ ომებს, რაც ჩვენისთანა პატარ ქვეყნისთვის დამღუპველი იყო. აღმაშენებელი ამოცანებს უმოკლეს დროში წყვეტდა. მას თითქმის არასდროს გამოუყენებია ხანგრძლივი ალყა. ერთადერთი გამონაკლისი თბილისის შემთხვევა იყო, როდესაც ალყამ სამ-ოთხ თვეს გასტანა. სხვა დროს ის მოულოდნელი დარტყმით აღწევდა წარმატებას და ბრძოლებს რამდენიმე საათში ასრულებდა. თვით ისეთი გამაგრებული ქალაქიც კი, როგორიც ანისი იყო, სამ დღეში ჩაიგდო ქართველთა მეფემ ხელში. ის მოულოდნელად გამოჩნდებოდა, მუსრავდა მტერს და ისევ „იკარგებოდა“. ამიტომაც შეარქვა მას მაჰმუდ სულთანმა „ტყის მეფე“.

ფინანსური რესურსისა და ცოცხალი ძალის სიმცირის გამო მეფეს არ ჰქონია იმის ილუზია, რომ სელჩუკების სრულ განადგურებას შეძლებდა. ამიტომაც მტერს ისეთ დარტყმებს აყენებდა, რომ მას დიდი ხნის განმავლობაში ვერ აღედგინა ძალები და, რაც მთავარია, ფსიქოლოგიურად გაეტეხა მომხდური, რათა მას საკადრისი პასუხის მიღების შიშით საქართველოზე თავდასხმის სურვილი აღარ გასჩენოდა.

დავით IV-მ მსტოვრების საქმესაც მოჰკიდა ხელი და ძალა, რომელიც მანამდე უყურადღებოდ იყო მიტოვებული, ქვეყნის ხერხემლად აქცია. არც ერთ მის წინამორბედს თუ მემკვიდრეს მსტოვრებისადმი ისეთი ყურადღება არ გამოუჩენია, როგორსაც დავით აღმაშენებელი იჩენდა. მან შექმნა სისტემა, რომელშიც ჩართული იყო საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მათ შორის არაქართველებიც. ამ საქმეში ყველას თავისი ფუნქცია და როლი ჰქონდა. ეს კი ნებისმიერი მტრისათვის გადაულახავ ბარიერს წარმოადგენდა. 

Кольчуга, топор и мечи - Sputnik საქართველო
ვითა ლომი და ვითა გრიგალი: დავით აღმაშენებლის ერწუხის ბრძოლა

აღმაშენებლის ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასა და წარმატებას მსტოვართაგან მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი და რეალიზაცია ედო საფუძვლად. ინფორმაციის ნაკლებობას კი ნამდვილად არ განიცდიდა მეფე — ურიცხვი მსტოვრებისა თუ ჯაშუშ-აეშაგების წყალობით. მნიშვნელობა არ ჰქონდა, გლეხი იყო, მწყემსი, აქიმი, ხელოსანი თუ მეომარი, ისინი პარალელურად მსტოვრობასაც „ითავსებდნენ“. მათ უნდა დაეფიქსირებინათ სელჩუკ მომთაბარეთა საქართველოს საზღვრებთან ყოველი გადაადგილება. გარდა ამისა თვალყური უნდა ედევნებინათ მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო პირებისთვისაც.

რაც შეეხება მოგზაურებს, მისიონერებს (იერუსალიმის ან მექას მომლოცველებს), მოგზაურებს, ელჩ-დიპლომატებსა თუ ვაჭრებს, რომლებიც ძირითადად არაქართველები (სომხები, მუსლიმები და ებრაელები) იყვნენ, მათ საქართველოს ფარგლებს გარეთ საინტერესო ინფორმაციები უნდა მოეძიებინათ და დროულად მიეწოდებინათ მეფისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, მათ ევალებოდათ უცხო ქვეყნების ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამხედრო დაზვერვა. ანუ, როგორც მემატიანე წერს:

„კიდეთა პყრობანი, ნაპირთა ჭირვანი, განხეთქილობათა კრძალვანი, სამეფოსა წყნარებისა ღონენი, ლაშქრობათა მეცადინეობანი, მთავართა ზაკვისა ცნობანი, მხედართა გამწესებანი... შემცოდეთა წყალობითნი წვრთნანი...“ 

მსტოვრების ქსელით ყოფილა დაფარული მთელი სამეფო. ჯაშუშებისა და მოენეების შიშით ქვეყანაში თანთადან ისეთი წესრიგი დამყარებულა, ვერავინ ბედავდა „განდრეკილად სვლად“. 

აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
ქართული რეკონკისტა: ტფილისის აღება და დავით აღმაშენებლის რისხვა და მოწყალება

მემატიანე წერს, დავით მეფეს ღალატისა და ორგულობის გამოვლენის ნიჭი ღმერთისგან ჰქონდა ბოძებულიო, ამიტომაც „შიშით მისითა“ ვერც ლაშქარში, ვერც დიდებულებში და ვერც სამღვდელოებაში გულში ღალატს ვერავინ გაივლებდაო. უფრო მეტიც: მსტოვრები მარტო ინფორმაციებს კი არ მოიპოვებდნენ, არამედ კონკრეტული დავალებების შესასრულებლად „სპეცოპერაციებსაც“ გეგმავდნენ და ახორციელებდნენ.

დავითის ტაქტიკა ასეთი გახლდათ: ის ჯერ მსტოვრებით ცდილობდა კონკრეტული ამოცანების უსისხლოდ ან ნაკლები მსხვერპლით გადაწყვეტას, ჯარს კი საქმეში მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში რთავდა.

მაგალითად კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ ბაღვაშის ამბავს მოვიყვანთ: მეფემ შეიპყრო და დაატუსაღა ქვეგამხედვარი ერისთავი. თუმცა მერე მისი ვედრება შეისმინა, ერთგულების ფიცი ჩამოართვა და არა მარტო გაათავისუფლა, არამედ საერისთავოც დაუბრუნა. მაგრამ არ დაიშალა ლიპარიტმა ღალატი და დავითმაც წყნარად და უხმაუროდ გადაჭრა ლიპარიტის პრობლემა. მისმა მსტოვრებმა კლდეკარის ერისთავი უბრალოდ „მოიპარეს“ და მეფეს მიუყვანეს. ულიდეროდ დარჩენილ კლდეკარის ციხე დაეცა. 

არ გამოირიცხება მეფის მსტოვრების მონაწილეობა ლიპარიტის მემკვიდრე რატის მოულოდნელ სიკვდილშიც. რატი მამის პოლიტიკის გამგრძელებლად მოიაზრებოდა და, შესაძლოა, სწორედ დავითის მსტოვრებმა მოიშორეს ის თავიდან მომავალში გართულებების ასაცილებლად. ასე და ამგვარად ამოშანთეს სეპარატიზმის ბუდე, კლდეკარის მოღალატე ერისთავ ბაღვაშთა სამყოფელი, რომლთაც სამართლიანად უწოდეს „სახლი გამამწარებელთა“.

დავით აღმაშენებელი - Sputnik საქართველო
დავით აღმაშენებელი - სომეხთა განმათავისუფლებელი და ანისის „უჭირველად“ ამღები

მეფის წინააღმდეგ იბრძოდა ფლიდი და ვერაგი არაგვის ერისთავი ძაგან აბულეთის ძეც. მას ზურგს უმაგრებდა მისი ძმა, ეპისკოპოსი მოდისტოსი. ისინი ისე თვითნებურად მოქმედებდნენ, თითქოს მეფე არც არსებულიყო ქვეყანაზე. ჰოდა, დავითმაც „შეახსენა თავი“ და საკმაოდ მწარედაც: ჩავიდა არაგვის ხეობაში, მიტაცებული მამულები და ციხეები დაიბრუნა, ხოლო მისმა მსტოვრებმა — შიომღვიმის მონასტრის ბერებმა, ძაგანი და მოდისტოსი შეიპყრეს და მეფეს მიჰგვარეს. 

1104 წელს ჰერეთის დიდებულმა ქავთარ ბარამის ძემ დისწულებთან — არიშიანთან და ბარამთან ერთად კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართან მეორე შეიპყრო და დავითს მიჰგვარა. მეფე ფიქრობდა, რომ აღსართანის დატყვევებით კახეთ-ჰერეთს უსისხლოდ შეიერთებდა, მაგრამ ადგილობრივმა დიდებულებმა გადაწყვიტეს, იარაღით ხელში დაეცვათ „დამოუკიდებლობა“ და არ დამორჩილებოდნენ „აფხაზთა მეფეს“. ამიტომაც კახეთ-ჰერეთის შემოერთების მამულიშვილური საქმე არმიამ მიიყვანა ბოლომდე და ერწუხთან მიღწეული გამარჯვებით დააგვირგვინა. 

უფრო მეტიც, დავითის მსტოვრები დიდი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად მარტო ადამიანებს კი არა, ციხე-ქალაქებსაც „იპარავდნენ“. ასე წაართვეს მუსლიმებს სამშვილდე და რუსთავი. მსტოვრები, როგორც იტყვიან, ციხეს შიგნიდან ტეხდნენ, გადამწყვეტ მომენტში სწორედ ისინი უღებდნენ ციხე-სიმაგრის კარს „მოულოდნელად გამოჩენილ“ მეფის ლაშქარს.

დავით აღმაშენებელმა მსტოვართა უდიდესი ქსელი შექმნა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც — ინდოეთიდან ევროპამდე. თანაც იმდენად ეფექტური, რომ ბაღდადში რომ რამე „გაფაჩუნებულიყო“, მეფეს უმალვე მოხსენდებოდა. იერუსალიმისკენ დაძრული ჯვაროსნები საფრანგეთს არ იყვნენ გამოცდენილები, რომ დავითმა ეს უკვე იცოდა. 

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
დავით აღმაშენებელი VS პეტრე დიდი: საოცარი დამთხვევები

1092 წელს მოწამლეს სელჩუკთა დიდი სულთანი მალიქ-შაჰი. მისი სიკვდილის შემდეგ უზარმაზარი იმპერია 12 საამიროდ და სასულთნოდ დაიშალა, რამაც ქართველებს მათთან ბრძოლა გაუადვილა. არ გამოირიცხება, რომ ამ საქმეში ქართული „სპეცსამსახური“ ყოფილიყო გარეული. აღმაშენებელს მსტოვრები ჯვაროსნებშიც მრავლად ჰყავდა, მიუხედავად იმისა რომ ისინი ჩვენ მოკავშირეებად მიიჩნეოდნენ.

სხვათა შორის, სწორედ დავითისეული „სპეცსამსახურის“ დამსახურებით შეიქმნა ლეგენდარული ხმალი „დავითფერული“, რომელიც სახელგანთქმულ დამასკურ ხმლებსაც „ყველივით ჭრიდა“. „დავითფერული“ ჩინური, ევროპული და დამასკური მახვილების ერთგვარ სიმბიოზს წარმოადგენდა და, ბუნებრივია, ამ საქმის უცხოელი ოსტატების გარეშე ის საქართველოში ვერ გამოიჭედებოდა. დავითის მსტოვრებს, სავარაუდოდ, ენით აუწერელი გარჯა მოუწიათ ამ სპეციალისტების საქართველოში ნებით თუ იძულებით ჩამოსაყვანად. საქმე ისაა, რომ იარაღის ოსტატები ყველა სახელმწიფოში განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ და მათ გადაადგილებას სულთნებისა თუ მეფეების საუკეთესო მსტოვრები აკონტროლებდნენ. ის კი არა, თუ საჭირო იყო, დაცვასაც კი უყენებდნენ მათ და ისე იცავდნენ იარაღის წრთობის საიდუმლოს.    

სამწუხაროდ, უცხო სახელმწიფოთა „სპეცსამსახურებსაც“ ხშირად გადაუბირებიათ ჩვენებურები (ძირითადად, არაქართველები). მაგრამ დავით აღმაშენებლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოღალატე აგენტებსაც, მათდა უნებურად, ისევ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ იყენებდა და მათი მეშვეობით უხვად ამარაგებდა ბაღდადს, ალეპოსა თუ კაიროს ცრუ ინფორმაციებით.

სავარაუდოდ, სწორედ ამგვარ სიცრუეს წამოეგო სელჩუკთა გამოცდილი სარდალი ილ-ღაზიც, რომელსაც ამბავი, თითქოს დავითს ყივჩაღები გაუორგულდნენ, სწორედ გადაბირებულმა აგენტებმა აცნობეს.

და რითიც დასრულდა ქართული „სპეცსამსახურის“ დიდებულად წამოწყებული საქმე დიდგორის ველზე, ეს ამბავი საქართველომ კი არა, მთელმა მაშინდელმა მსოფლიომ შეიტყო...

 

ყველა ახალი ამბავი
0