მესამე სართულის ვერანდაზე გაშენებული ბაღნარი და სახლი, რომელიც ფერად ამბებს ჰყვება

© photo: courtesy of Irma Kharshiladzeირმა ხარშილაძე
ირმა ხარშილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
გამოწერა
წლების მანძილზე წიგნების კითხვამ და მათზე წერამ, ბევრ ხელოვანთან თუ ცნობილ მწერალთან მეგობრობამ, ბუნების სიყვარულმა, მოგზაურობებმა და ყველაფრისგან მიღებულმა შთაბეჭდილებებმა ერთ მშვენიერ დღეს მას ლამაზი და უცნაური იდეა გაუჩინა.
შემდეგ ეს იდეა რეალობად აქცია: საბურთალოს სახლის მესამე სართულის ვერანდაზე ნამდვილი ბაღნარი გააშენა, სახლი კი საკუთარი ხელი დამზადებული „ექსპონატებით“ სავსე, პატარ-პატარა ცოცხალი ისტორიების სავანედ აქცია. ასეთია წარსულში რადიოჟურნალისტი, დღეს „პალიტრა L“-ის პროექტების მენეჯერი და ჟურნალისტი ირმა ხარშილაძე და მისი ცხოვრების ამბავი...
© photo: courtesy of Irma Kharshiladzeირმა ხარშილაძე
ირმა ხარშილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ირმა ხარშილაძე
- ირმა, დღეს ჟურნალისტი, რედაქტორი და დამწყები მწერალი ხართ, ერთი სიტყვით, შემოქმედებითი ადამიანი - ბავშვობაში რაზე ოცნებობდით?
- ოცნება ისე მიყვარს, ახლაც ვოცნებობ და ხომ წარმოგიდგენიათ, ბავშვობაში რამდენ რამეზე ვიოცნებებდი? თუ პროფესიის თვალსაზრისით მეკითხებით, მოგახსენებთ - მშობლები ექიმები მყავდა და თავდაპირველად ნამდვილად ექიმობას ვოცნებობდი. იმახანად ბაღის ასაკის ვიქნებოდი. ისე გამიტაცა ამ ოცნებამ, კარგად მახსოვს, რომ ჩემს თანატოლ მეგობარ-მეზობლებს ნამდვილ ნემსებსაც კი ვუკეთებდი, ცხადია, წამლის გარეშე. როცა უფრო წამოვიზარდე, სკოლის პერიოდში გეოლოგობაზეც ვოცნებობდი, რადგან ზაფხულობით ბებიასთან რომ ჩავდიოდი, ჭიათურის რაიონში, იქ სულ ახალგაზრდა გეოლოგები მუშაობდნენ. მათ თან ვეპრანჭებოდი, თან ძალიან მომწონდა, რომ სულ ველზე იყვნენ. მათი საქმე რატომღაც ძალიან საინტერესოდ მეჩვენებოდა. საქმე საქმეზე რომ მიდგა და პროფესია უნდა ამერჩია, მაინც სამედიცინოზე შევჩერდით მე და მშობლები, ამიტომ მეცხრე კლასში ფიზიკაშიც კი მამზადებდნენ.
© photo: courtesy of Irma Kharshiladzeირმა ხარშილაძის აივნის ფრაგმენტები
ირმა ხარშილაძის აივნის ფრაგმენტები - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ირმა ხარშილაძის აივნის ფრაგმენტები
- საბოლოოდ როდის მიხვდით, რომ ექიმობა არ იყო სწორი არჩევანი?
- ერთ დღეს, ფიზიკის წიგნით ხელში შინ, მარტო რომ ვიჯექი, წიგნების კარადიდან მწვანეგარეკანიანი წიგნი გამოვაძვრინე. ეს აკაკი ბელიაშვილის მოთხრობები იყო გეოლოგების ცხოვრებაზე. ახლაც მახსოვს, მთავარ გმირს ოსიკო ერქვა და ჟურნალისტი იყო. მგონი, გეოლოგების ცხოვრებაზე წერდა. აი, მაშინ მოხდა ჩემს გონებაში სრული რევოლუცია, რადგან მივხვდი, რომ ექიმობა ჩემი საქმე არ იყო. ისეთი პროფესია უნდა ამერჩია, რომელიც მრავალფეროვანი იქნებოდა: ბევრს მამოგზაურებდა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს გამაცნობდა. მივხვდი, რომ ასეთი პროფესია ჟურნალისტობა იყო. სკოლის დამთავრებისთანავე საქართველოს რადიოს „პირველი არხის“ ხმის ოპერატორად და მემონტაჟედ, პარალელურად კორესპონდენტად დავიწყე მუშაობა, თუმცა ჩაბარება სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე მომიხდა.
© photo: courtesy of Irma Kharshiladzeაივნის ფრაგმენტი
აივნის ფრაგმენტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
აივნის ფრაგმენტი
- თქვენი და რუსუდან ვარძიაშვილის საავტორო გადაცემა „აბლაბუდაში“ დღეს ბევრი ცნობილი ადამიანის დებიუტი შედგა. გაიხსენეთ „აბლაბუდაში“ გაბმული განსაკუთრებული რესპონდენტები, რომლებთანაც დღემდე მეგობრობთ...
- რადიოსთან ერთად მარტო პროფესიულად კი არ ვიზრდებოდი, ზოგადად, ცხოვრებასა და ურთიერთობებს ვსწავლობდი. იმ ადამიანებს დღემდე ვხვდები. ამიტომ ვეღარც ვიხსენებ რომელი ეტაპიდან შემოვიდნენ ჩემს ცხოვრებაში. ასე მგონია, რომ სულ იყვნენ: ქალბატონი მედეა ჩახავა, ბატონი თემურ ჩხეიძე და ქალბატონი ნანი ჩიქვინიძე, ჩემი გოგა პიპინაშვილი, ზაზა მაღალაშვილი, ზურა ცინცქილაძე თავის თამართან ერთად, „აბლაბუდაგამოვლილი“ ჩემი აჩი ფურცელაძე, ირაკლი იმნაიშვილი, ნიკა მემანიშვილი-რაჭველი, დუტა სხირტლაძე, ტრიო „სიმის“ შემადგენლობა... ძნელია ყველას ჩამოთვლა. ყველა მათგანი საუკეთესო და გამორჩეულია.
© photo: courtesy of Irma Kharshiladzeაივნის ფრაგმენტი
აივნის ფრაგმენტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
აივნის ფრაგმენტი
- თქვენი სპონტანური არჩევანი არასდროს გინანიათ?
- არასოდეს, პირიქით, წლების მანძილზე მასში უფრო ვრწმუნდებოდი. 2005 წელს „პალიტრა მედიაში“ მივედი და დღეს უკვე სტაჟიანი „პალიტრელი“ ვარ. „პალიტრა“ ისეთივე თბილი და ტკბილი ოჯახია ჩემთვის, როგორც საქართველოს რადიოს „პირველი არხი“ იყო და არის. ესაა ადგილი, სადაც გავიზარდე, უამრავი რამ ვისწავლე, უპირველესად – ჩემი პროფესია, საუკეთესო სამეგობრო შევიძინე და შესანიშნავი ადამიანები გავიცანი. ანუ ეს ჩემი ოცნებების ასრულების მნიშვნელოვანი ეტაპია. ასეთივე აღმოჩნდა ჩემთვის მუშაობა პრესაში, კორექტორად და ჟურნალისტად, გამომცემლობა „პალიტრა L“-ის წიგნების პროექტებზე, მენეჯერის ამპლუაში. ასევე მნიშვნელოვანი იყო ეს სამწერლო კუთხითაც, რადგან ამ გამომცემლობის პროექტის „ბიზნესის გენია“ წიგნების ავტორ-შემდგენელი ვარ და რამდენიმე წიგნი დავწერე პროექტისთვის „პერსონა“.
© photo: courtesy of Irma Kharshiladzeირმა ხარშილაძის გაფორმებული ბოთლები
ირმა ხარშილაძის გაფორმებული ბოთლები - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ირმა ხარშილაძის გაფორმებული ბოთლები
- „პალიტრა L“-ის პროექტებზე მუშაობის დროს თქვენ ცნობილ ქართველ მწერლებთან ურთიერთობის საშუალება მოგეცათ, ვის გაიხსენებდით?
- მე ასე ვიტყოდი, რომ იმ პროექტებზე მუშაობისას მათთან ურთიერთობის ბედნიერება მომეცა. გავიცანი უდიდესი მწერლები, მათი მემკვიდრეები და ლამის მათი ოჯახის წევრი გავხდი. ესენი არიან ბატონები თამაზ ჭილაძე, გურამ გეგეშიძე და გურამ დოჩანაშვილი. ამ პროექტების დამსახურებაა ასევე თანამედროვე ახალგაზრდა მწერლებთან ჩემი სიახლოვეც. როგორ ფიქრობთ, შევძლებ მათთან გატარებული დღეების, საათების, წუთების, საუბრების დავიწყებას? ასე რომ, „პალიტრა მედიის“ ხელმძღვანელობის ნდობამ და, კონკრეტულად, ამ გამორჩეულმა პროექტებმა ფაქტობრივად სისხლძარღვიანი ცხოვრება დამიტოვა.
© photo: courtesy of Irma Kharshiladzeბინის ფრაგმენტი
ბინის ფრაგმენტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ბინის ფრაგმენტი
- ყოველი აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, შემოქმედებითი გარემოს გარეშე ვერ გაძლებდით და თქვენი სახლიც ამის დასტურია. როდის გაჩნდა საკუთარი ბინის და ვერანდის ასე უჩვეულოდ მოწყობის იდეა?
- რაც შეეხება ჩემს სახლსა და ვერანდას, ეს არის გარემო, სადაც მუდამ მომიხარია, რაგინდ საუკეთესო ადგილებში ვმოგზაურობდე. ჩემი სახლი მაქსიმალურად გავაფერადე. რვასართულიანი კორპუსის მესამე სართულზე ვცხოვრობ, მაგრამ ჩემთან რომ მოხვდებით, ამას ვერაფრით შეიგრძნობთ. ასეთი ფართო ვერანდა წლების წინ მასობრივი მიშენებების შედეგია. ეს მომატებული ფართობი მე ვაქციე ღია ვერანდად და სიმწვანეში ჩაფლულ მოსასვენებელ ადგილად, სადაც ჰამაკიც კი მაქვს ჩამოკიდებული. ამ ყველაფრის ფესვებიც ჩემი ბავშვობიდან მოდის. მშობლებს ძალიან უყვარდათ ბუნება, მამა მშვენიერ ადგილებში, ბუნებაში გვიწყობდა ექსკურსიებს. ახლა ბუნებაში სიარულს არ დავჯერდი და ვერანდაზე მოვიწყვე საკუთარი „ბუნება“.
© photo: courtesy of Irma Kharshiladzeაივნის ფრაგმენტი
აივნის ფრაგმენტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
აივნის ფრაგმენტი
- ეს მცენარეები როგორ გაჩნდა თქვენს „ბუნებაში“?
- რომელი ერთი გითხრათ... მაგალითად, ბროწეული ბიძაშვილმა, ხათუთი მასხარაშვილმა მაჩუქა. ამ ლამაზ ბუჩქს ისე არ გავუვლი ხოლმე, ფოთლებზე ხელი არ გადავუსვა. აგავას ეს ჯიში, რომელსაც პრინცი ჰქვია, ჩემმა მეგობარმა ლელა გეგუჩაძემ მაჩუქა, ასე რომ, ჩემს ვერანდაზე „პრინციც" შემომიბრძანდა. კავკასიური სოჭი ძალიან პატარა იყო და წელს ასე აიყარა ტანი. ზედ დავკანკალებ, მისთვის ადგილიც არ შემიცვლია და აშკარად კარგად გრძნობს თავს. მაქვს ორნაირი ბერძნული ბზა, რომელიც ახალციხიდან ჩემმა მეგობარმა ლია მინაძემ გამომატანა. მოკლედ, ეს სივრცე მახალისებს, მაცოცხლებს, გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით სულ აქ ვარ.
© photo: courtesy of Irma Kharshiladzeირმა ხარშილაძის შექმნილი წიგნების და ძველი ფოტოების კუთხე
ირმა ხარშილაძის შექმნილი წიგნების და ძველი ფოტოების კუთხე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ირმა ხარშილაძის შექმნილი წიგნების და ძველი ფოტოების კუთხე
- სახლში საკუთარი ხელით დამზადებულ-გაფერადებული უჩვეულო ნივთებიც გაქვთ...
- ღებვა ჩემი კიდევ ერთი დიდი გატაცებაა. ყველაფერი ჩემი შეღებილია, ოთახებშიც კედლების ნაწილი თავად შევღებე. საერთოდ, საკუთარი ფანტაზიით რაღაცების კეთება ყოველთვის მეხერხებოდა, დიზაინერობაც გამომდიოდა და, მოკლედ, მთელი სახლი ჩემებურად მოვაწყვე. ჯერ ძველი გრამფირფიტებით საათების გაკეთებამ გამიტაცა, შემდეგ ქვებით და კიდევ ათასგვარი გადასაყრელი ნივთებით კომპოზიციების შექმნამ... გატეხილ ნივთებსაც არ ვაგდებ და ვიყენებ. ძველი საუთოო შევღებე და ახლა ყვავილებში მაქვს ჩაფლული, ძველი ფეხსაცმელები სუკულენტებისთვის გამოვიყენე, ბებიის სახლიდან ჩამოტანილ ნივთებს სახლის სხვადასხვა კუთხეში მივუჩინე ადგილი. სამზარეულოს ძველი კარადა ისე შევღებე, ახლა საძინებელში გარდერობად ვიყენებ, ქილებისა და ბოთლებისგან ლარნაკებს ვაკეთებ და ა.შ.
© photo: courtesy of Irma Kharshiladzeირმა ხარშილაძის სახლის ინტერიერი
ირმა ხარშილაძის სახლის ინტერიერი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ირმა ხარშილაძის სახლის ინტერიერი
- სახლის დიზიანის მოწყობაში მეგობრებიც ჩაერთვნენ?
- რა თქმა უნდა, მეგობრებიც მამარაგებენ და რასაც მე ვერ ვახერხებ, ისინი მიკეთებენ. ჩემმა მეგობარმა, პირველმა „მზიურელმა“ ქეთი დეკანოზიშვილმა და მისმა დამ, მზიამ ძველი სავარძელი გამიახლეს, მეორე მეგობარმა ია ბოგვერაძემ სამზარეულოს კედელი გამილამაზა. ჩემმა სიძემ, პირველი ნათლულის მეუღლემ, აჩიკომ „პადონებისგან“ ტახტი გამიკეთა. მაგიდა, რომელიც ვერანდაზე, ტახტებს შორის დგას, ჩემი ნამუშევარია. ისიც ძველი სამზარეულოსი იყო, ფეხები დავუმოკლე, თავზე შუშა დავახურე, შიგნით კი სხვადასხვა ადგილებიდან ჩამოტანილი ქვებით, ფოთლებითა და საგანგებოდ, კონკრეტულ გვერდებზე გადაშლილი ძველი წიგნებით გავაწყვე. თითოეულის არჩევანი და სურვილია ვინ სად დაჯდება, შექსპირს წაიკითხავს თუ ესპანურ ლირიკას, ან „ვეფხისტყაოსანს“, ან სულ არ წაიკითხავს და ამ ქვების ამბებს მომაყოლებს. აივანზეც და ოთახებშიც, ყველა ნივთს თავისი პატარა ისტორია აქვს. მე კი ლაპარაკი არ მეზარება და ისევე, როგორც ახლა თქვენს მკითხველს, მათ ამბებს ყველას სიამოვნებით ვუამბობ ხოლმე...
 
ყველა ახალი ამბავი
0