„პანდემიამ საკუთარი სივრცე დამიბრუნა“ – შოპენი, ქვიშხეთის პეიზაჟი და ქალის ნაშენები ბუხარი

© photo: courtesy of Nini Grigalashviliნინი გრიგალაშვილი
ნინი გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
პროფესიით ინჟინერი ნინი გრიგალაშვილი თვლის, რომ მისი დიდი ხნის ოცნების განხორციელებისთვის იმპულსი გახდა პანდემია, რომელმაც შესაძლებლობა მისცა „დაპაუზებული, თაროზე შემოდებული, მაგრამ აუცილებლად შესასრულებელი პროგრამა“ აემუშავებინა.
სხვადასხვა დროს მუშაობდა გრაფიკულ დიზაინერად, დამკაბადონებლად, სამორინეშიც კი, მენეჯერად. თუმცა ერთ მშვენიერ დღეს, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილმა, ანდრინდელი გატაცება გაიხსენა და ხატვა დაიწყო. ესეც არ იკმარა, ბუხრების აშენებაც გადაწყვიტა და დღეს „მის სინდისზე“ უკვე ორი ბუხარია...
© photo: courtesy of Nini Grigalashviliნინი გრიგალაშვილი
ნინი გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ნინი გრიგალაშვილი
- ქალბატონო ნინი, როგორი იყო ბავშვობა, სადაც თქვენი პირველი ნახატები გაჩნდა?
- მე ქვიშხეთში დავიბადე. მამა სატყეო მეურნეობის უფროსი იყო, დედა პროფესიით კოსმეტოლოგი. სამი წლის ვიყავი, როცა ოჯახი საცხოვრებლად ზუგდიდში გადავიდა, ამიტომ ჩემი ბავშვობის დაუვიწყარი წლები ზუგდიდს უკავშირდება. სამხატვრო სკოლაში დედის თანამშრომლის შვილის თხოვნით აღმოვჩნდი, რადგან მას შემთხვევით ნანახი ჩემი ნახატები მოეწონა. ვინაიდან აკვარელის ტექნიკა დამოუკიდებლად ავითვისე და შესაბამის დონეზე ვფლობდი, იმ სკოლაში მეორე კურსზე დამსვეს. იქ ორი წელი ვისწავლე. 15 წლის ვიყავი, როცა ისევ ქვიშხეთში გადმოვედით საცხოვრებლად. თუ არ ჩავთვლით ორ-სამ გრაფიკულ პორტრეტს, ფაქტობრივად ამ დროიდან აღარც დამიხატავს.
© photo: courtesy of Nini Grigalashviliნინი გრიგალაშვილი
ნინი გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ნინი გრიგალაშვილი
- პროფესიით ინჟინერი ხართ...
- პროფესიის არჩევაზე დიდხანს ვფიქრობდი, ვინაიდან ფრიადოსანი ვიყავი და საკმაოდ მრავალმხრივი ინტერესების სპექტრი მქონდა. თუმცა გადაწყვეტილება, რომ სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტზე გამეგრძელებინა, გარკვეულწილად პრაგმატულად მივიღე.
© photo: courtesy of Nini Grigalashviliნინი გრიგალაშვილი
ნინი გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ნინი გრიგალაშვილი
- როგორ ფიქრობთ, თავს დროზე პრაგმატულად რომ არ მიგეღოთ გადაწყვეტილება, რა შეიცვლებოდა თქვენს ცხოვრებაში?
- ვფიქრობ, მეტი დრო და შესაძლებლობა მექნებოდა პროფესიონალ მხატვრად ჩამოვყალიბებულიყავი, ეს თავისთავად მოიტანდა კმაყოფილებას და შინაგან კომფორტს. თუმცა, ვთვლი, რომ გზა, რაც გამოვიარე პიროვნულ ჩამოყალიბებამდე, უნიკალურია. ვაფასებ ყველა იმ გამოცდილებას, რაც ცხოვრებამ მომცა. შესაძლოა, უფრო მეტად ვაფასებ ყოველ წუთს, რომელსაც საყვარელ საქმიანობას ვუთმობ, რადგან ეს ჩემთვის ფუფუნებად იქცა.
© photo: courtesy of Nini Grigalashviliნინი გრიგალაშვილის შემოქმედება
ნინი გრიგალაშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ნინი გრიგალაშვილის შემოქმედება
- ახსენეთ, 15 წლიდან არ დამიხატავსო, რა გახდა იმპულსი, რომ წლების შემდეგ ისევ დაგეწყოთ ხატვა?
- სადღაც, გულის სიღრმეში სულ ვოცნებობდი და ალბათ ვგეგმავდი კიდეც, რომ ასაკის მატებასთან ერთად, როცა პატარებსაც წამოვზრდიდი და მეტ დროს გამოვნახავდი საკუთარი თავისთვის, ბავშვობის გატაცებას – ხატვას აუცილებლად დავუბრუნდებოდი. კონკრეტული სტიმული, მიზეზი კი გახდა პანდემია, როცა ამ ოცნების განხორციელებისთვის შესაძლებლობა მომეცა. თითქოს ეს სადღაც დაპაუზებული, თაროზე შემოდებული, მაგრამ აუცილებლად შესასრულებელი პროგრამა იყო. მეუღლემ ძალიან გამახარა იმით, რომ ერთ მშვენიერ დღეს ხატვისთვის საჭირო ნივთები მაჩუქა. მეც, ხატვას მოწყურებულმა, საქმეს მთელი თავდავიწყებით შევუდექი.
© photo: courtesy of Nini Grigalashviliნინი გრიგალაშვილის შემოქმედება
ნინი გრიგალაშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ნინი გრიგალაშვილის შემოქმედება
- თავდავიწყება სიტყვის მასალად ახსენეთ, თუ?..
- საქმე ისაა, როცა ხატვას ვიწყებ, საკვების მიღებაც მავიწყდება, შემიძლია არ დავიძინო, საერთოდ სხვა არაფერი ვაკეთო. რომ არა ოჯახის წევრები, ასეც იქნებოდა. ჩემი გოგონა ხატვაზე ეჭვიანობს კიდეც. ხატვის გარდა მიყვარს კლასიკური მუსიკა, შოპენის ფანი ვარ.
© photo: courtesy of Nini Grigalashviliნინი გრიგალაშვილის შემოქმედება
ნინი გრიგალაშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ნინი გრიგალაშვილის შემოქმედება
- შოპენის მუსიკა რომელიმე ნახატის შექმნის დროს თუ დაგეხმარათ?
- დიახ, ასე გამოდის... შოპენის ნოქტიურნების ფონზე ქვიშხეთის პეიზაჟი დავხატე. ძალიან მიყვარს ეგ ადგილი ქვიშხეთში, საოცარი სილამაზე და სიმშვიდეა. ასე მგონია, რომ ღმერთის შინაგანი განცდა ყველაზე ძლიერ მანდ მეუფლება და თავისი სინატიფით და მარადიულობის სევდიანი განცდით მას შოპენიც უხდება.
© photo: courtesy of Nini Grigalashviliავტოპორტრეტი
ავტოპორტრეტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ავტოპორტრეტი
- ავტოპორტრეტი თუ შეგიქმნიათ და ხატვის დროს რაიმე ხომ არ „აღმოგიჩენიათ“ საკუთარ თავში, ხასიათში?
- ჩემი ნახატების გამოფენა სამხატვრო სკოლაში, ბავშვობაში, ასი წლის წინ მქონდა. ავტოპორტრეტიც მაშინ დავხატე, ორი კი ბოლო დროს. საერთოდ, როცა პორტრეტს ხატავ, ნამდვილად აკეთებ აღმოჩენებს, მით უმეტეს, საკუთარ თავში. ჩემი ინდივიდუალიზმის სახასიათო შტრიხი, ჩემდა გასაოცრად, აღმოჩნდა გულწრფელობა და მიამიტობა, რასაც ჩემი შინაგანი, არავიზუალური განცდით ნაკლებად ვხედავ. ვთვლი, რომ მხატვარმა უნდა დაინახოს ის შინაგანი სილამაზე, რაც უკლებლივ ყველა ადამიანს აქვს. ოღონდ, ეს სილამაზე და ხასიათი ისე უნდა გადმოსცე, რომ სხვამაც ადვილად დაინახოს.
© photo: courtesy of Nini Grigalashviliნინი გრიგალაშვილის შემოქმედება
ნინი გრიგალაშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ნინი გრიგალაშვილის შემოქმედება
- ასეთი რამ მხოლოდ ტექნიკური ხერხებით მიიღწევა?
- მე არ ვთვლი, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური შესრულების პრიორიტეტია, ეს რაღაც სხვა რამაა. გნებავთ, ინტუიცია დაარქვით, ან ნიჭი, ან უბრალოდ მახვილი თვალი. ზუსტი შინაარსი ტექნიკურად სრულიად მარტივი ფორმითაც შეიძლება გენიალურად გადმოსცე. დღეს ვფიქრობ, საკმარისად ბევრი ნამუშევარი დავაგროვო და ისინი შევთავაზო თუნდაც იმ მცირე აუდიტორიას, ვინც როგორც მხატვარს, უკვე მიცნობს.
© photo: courtesy of Nini Grigalashviliნინი გრიგალაშვილის შემოქმედება
ნინი გრიგალაშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ნინი გრიგალაშვილის შემოქმედება
- რამ გაგიჩინათ ქალისთვის უჩვეულო სურვილი - ბუხარი აგეშენებინათ და რით გამოირჩევა თქვენი ნამუშევრები?
- ბუხარი ზოგადად მიყვარს, რადგან ის სიმყუდროვეს ქმნის. პირველი ბუხარი ჩემი სახლის სარდაფში ავაშენე. ძალიან მინდოდა და ვთვლი, რომ თუ გინდა რამე კარგად გააკეთო, სხვების დაუხმარებლად უნდა შეძლო. განათლებით ინჟინერი ვარ, ხაზვა და ხატვა მეხერხება. ერთხელ ინტერნეტით ძალიან კოხტა რუსული კუთხის ბუხრის სქემა მოვიძიე. დავიცავი ყველა წესი და გათვლა, ამიტომ გამომივიდა. მთავარია, რომ ბუხარი მუშაობს და არ ბოლავს.
© photo: courtesy of Nini Grigalashviliნინი გრიგალაშვილის ნაშენები ბუხარი
ნინი გრიგალაშვილის ნაშენები ბუხარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ნინი გრიგალაშვილის ნაშენები ბუხარი
- მეორე ბუხარი როგორ გაჩნდა?
- მეორე ბუხარი მუხრანის აგარაკზე, მისაღებ ოთახში უფრო მარტივად ავაშენე. ის ინგლისური სტილისაა. საერთოდ, ვთვლი, რომ კაცის და ქალის საქმე არ არსებობს. მთავარია მონდომება და შრომა. საკუთარ ნახელავს უდიდესი სიამოვნების მონიჭება შეუძლია.
© photo: courtesy of Nini Grigalashviliნინი გრიგალაშვილის შემოქმედება
ნინი გრიგალაშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ნინი გრიგალაშვილის შემოქმედება
- თქვენ მითხარით, პანდემიამ ჩემს ბუნებრივ სივრცეში დამაბრუნაო, როგორი თქვენი სივრცე?
- ეს ძალიან საინტერესო და კარგი შეკითხვაა. პანდემიამდე ძალიან რთული, სწრაფი ცხოვრების რიტმი მქონდა. უცებ შევჩერდი, დავფიქრდი და მივხვდი, რომ თავისუფლებაზე ძვირფასი ღმერთს ადამიანისთვის არა მოუცია რა. თავისუფლებაა – საყვარელ ადამიანებთან ბევრი დრო გაატარო, თავისუფლებაა – აკეთო ის, რაც მოგწონს შეუზღუდავი დროით. მეტი დრო დაუთმო ფიქრს, ჩაუღრმავდე საკუთარ თავს... ცხოვრება წარმავალია. მივხვდი, რომ დასაკარგი დრო აღარ მაქვს. ისიც გავიაზრე, რომ წინასწარ დაგეგმილი ცხოვრება მითია, რეალური მხოლოდ ბედნიერებაა.  ბედნიერება კი ყველას საკუთარი აქვს. დიახ, პანდემიამ საკუთარი თავი და სივრცე დამიბრუნა.
© photo: courtesy of Nini Grigalashviliნინი გრიგალაშვილი
ნინი გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ნინი გრიგალაშვილი
- რა არის ამ სივრცეში მთავარი?
- ბუნებასთან მჭიდრო კონტაქტი, რაც ჩემ შინაგან განწყობაზე საოცრად მოქმედებს. მე მაქვს საკუთარი მეურნეობა და ის შრომა, რასაც ის მოითხოვს ჩემგან ფიზიკურადაც და შინაგანადაც, სასიამოვნოა, არანაირად არ მღლის, ერთგვარი თერაპიაც კი არის. აქ სიმშვიდემ დაისადგურა და როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხარ, ყველაფერში, რასაც აკეთებ, დადებით ენერგიას და მუხტს დებ. არა აქვს მნიშვნელობა, სხვისთვის რამდენად ღირებულია ის, რასაც აკეთებ, ენერგეტიკულ დონეზე მაინც აღქმადი და მისაღები ხდება. ერთსაც დავამატებდი, საკუთარი გამოცდილებით, ყველას ვურჩევ, რომ საყვარელი საქმე აკეთონ, არ შეუშინდნენ ცვლილებებს, თუნდაც ისინი ძალიან რთულად მოეჩვენოთ. მხოლოდ ამას მოაქვს ნამდვილი ბედნიერება და გვიან არასოდეს არაფერია...
ყველა ახალი ამბავი
0