გართულებული ეპიდვითარების გამო ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი შეიქმნა

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsსაწოლი კლინიკაში
საწოლი კლინიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებებში 7 ათასი საწოლია მობილიზებული, ხოლო ჯანდაცვის სექტორის მაქსიმალური რესურსი 8 ათასი საწოლია.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ჰოსპიტალურ სექტორში საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2021
„დროა ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე“: ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40.233 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.641 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.125, იმერეთში – 959. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2.552 ადამიანი, მათ შორის 1.151 – თბილისში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 293 პირი, მათგან თბილისში – 190.
„დღესდღეობით საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს როგორც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ასევე ეს უკვე ნათლად აისახება ჰოსპიტალურ სექტორზე, ვინაიდან არის საწოლფონდის სერიოზული დეფიციტი. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრო ყველანაირად ცდილობს საწოლფონდის მაქსიმალური მობილიზაცია მოხდეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებებში 7 ათასი საწოლია მობილიზებული და ამ კვირის განმავლობაში 500 საწოლი დაემატება. მისი თქმით, ამ დროისთვის თავისუფალია 477 საწოლი.
„მაქსიმალური ჩვენი შესაძლებლობა არის 8 ათასამდე საწოლის მობილიზება. ჯერჯერობით ეს რესურსი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში დღევანდელ ეპიდემიურ სურათს, ანუ 40 ათასი აქტიური შემთხვევის მართვას ახერხებს. თუმცა თუ არ წამოგვეშველა დამატებითი პრევენციული ღონისძიებები, რა თქმა უნდა, ძალიან გაჭირდება შემდეგ უკვე სექტორის მართვა“, – განაცხადა გაბუნიამ.
ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაშიც საწოლფონდის დეფიციტია, რეგიონში მუშაობენ საწოლფონდის გაზრდაზე.
„კვირის განმავლობაში დაგვემატება თერაპიული საწოლები, რეანიმაციაშიც, ინტენსიურშიც. ასევე ვმუშაობთ კოვიდ-სასტუმროების დამატებაზეც“, – განაცხადა რიჟვაძემ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი მაღალია.  სპეციალისტების აზრით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესება კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებამ და ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.
აჭარაში დღეს 499 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რეგიონის კოვიდ-კლინიკებში 874 პაციენტი იმყოფება, კოვიდ-სასტუმროებში – 818. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 21 ადამიანი.
მთლიანად საქართველოში კი ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.236-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 450.149-ს მიაღწია. გარდაიცვალა 44 ადამიანი, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 6.128-ს მიაღწია.
 
ყველა ახალი ამბავი
0