თუ სახელმწიფოს ახალი სესხი არ აუღია, ვალი რატომ გაიზარდა?
11:15 03.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021)
გამოწერა
30 ივლისს ცნობილი გახდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ახალი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, წინასწარი მონაცემებით, ივნისში ეკონომიკის ზრდამ 18,7% შეადგინა. წლის პირველი ნახევრის საშუალო ზრდამ კი 12,7%.
რამდენიმე დღის წინ სწორედ ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე დაყრდნობით განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ „უპრეცედენტო ზრდამ მოგვცა საშუალება წელს ახალი ვალი აღარ აგვეღო“.
„ჩვენ ყველაფერი გავხსენით. რამდენიმე თვეა ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. გვაქვს უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში, 45%-იანი – აპრილში, 25%-იანი – მაისში, 18%-იანს ველოდებით ივნისის თვეში. ეკონომიკის 12%-იანი ზრდა გვაქვს, პრაქტიკულად, პირველ 6 თვეში, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია. უფრო მეტიც, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ მილიარდზე მეტით გაგვეზარდა ბიუჯეტი. ბატონმა ფინანსთა მინისტრმა წარადგინა უკვე კორექტირებული ბიუჯეტი. ამან მოგვცა საშუალება, რომ დავაფინანსოთ არაერთი პროგრამა ჩვენი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 ივლისს.
პრემიერ-მინისტრის მოლოდინი გამართლდა – ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ივნისში მართლაც 18%-ია. მაგრამ რამდენად სიმართლეა, რომ „არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია“ – ეს სხვა საქმეა.
თუ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გავეცნობით, ვნახავთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით „საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი“, რომელიც მთავრობის და ეროვნული ბანკის ვალებისგან შედგება, 7.535.168.000 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 24.689.731.000 ლარს შეესაბამება. ხოლო ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული წლევანდელი მონაცემებით, სადაც 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობაა ასახული, „საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი“ 8.016.544.000 აშშ დოლარს შესადგენს, რაც 25.334.685.000 ლარის ეკვივალენტია. შესაბამისად, 2020 წლის 31 დეკემბრის შემდეგ „საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი“ გაზრდილია 481,376 მლნ დოლარით.
რაც შეეხება სახელმწიფო საგარეო ვალის შემადგენელ „მთავრობის საგარეო ვალს“ და „ეროვნული ბანკის საგარეო ვალს“, პირველის მოცულობა გაზრდილია 373,702 მლნ დოლარით, ხოლო მეორის – 107,675 მლნ დოლარით.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე.
„მხოლოდ მიმდინარე წლის 25 ივნისს პარლამენტმა მოახდინა ორი საგარეო სესხის რატიფიცირება 85 მილიონი ევროს და 28,7 მილიონი ევროს ოდენობით. ორივე – კორონავირუსიდან გამომდინარე. წლის ბოლომდე ნავარაუდევია 5 მილიარდ ლარზე მეტი საგარეო ვალის აღება და პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ არც ერთი თეთრი არ აგვიღია ვალად მიმდინარე წელსო.
არც რაიმე სახის განმარტება, არც ბოდიში ამ შეცდომისა თუ შეგნებული სიცრუის გამო.
ან არაკომპეტენტური ხარ, ან მატყუარა, ესაა დასკვნა“, – დაწერა „ფეისბუქის“ გვერდზე რომან გოცირიძემ. მისივე თქმით, წელს საგარეო ვალი 5,3 მილიარდი ლარით გაიზარდა. თუ ევრობონდების გასასტუმრებელ თანხას გამოვაკლებთ, სუფთა ზრდა 2,4 მილიარდი ლარია.
რაც შეეხება საგარეო ვალის ზრდის ნახსენებ მიზეზს – ევროობლიგაციებს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა „საქართველოს რკინიგზამ“ 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები 4%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით მიმდინარე წლის ივნისში განათავსა. ახალი ვალის აღების მიზეზად 2012 წელს ნასესხები 500 მილიონი დოლარის გადაფარვაა დასახელებული, როდესაც „საქართველოს რკინიგზამ“ ევროობლიგაციები 7,75%-ში განათავსა.
ასე რომ, წელს სახელმწიფო ვალის ზრდის დამადასტურებელი ფაქტები სახეზეა, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებშიც შავით თეთრზე წერია და ვალის ზრდა ასახულია, თუმცა, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ „არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია“, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ სხვაგვარად განმარტა. მისი თქმით, „მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობას ვალის ახალი ხელშეკრულების გაფორმების საჭიროება არ ჰქონია“.
„არის გრძელვადიანი ხელმოწერილი დოკუმენტები, რომლის ფარგლებში გარკვეული თანხები წელსაც ირიცხება, მაგრამ ახალი ხელშეკრულებები წელს არ დადებულა“, – განაცხადა თურნავამ.
„არის გრძელვადიანი ხელმოწერილი დოკუმენტები, რომლის ფარგლებში გარკვეული თანხები წელსაც ირიცხება, მაგრამ ახალი ხელშეკრულებები წელს არ დადებულა“, – განაცხადა თურნავამ.
რაც შეეხება 10 ივნისს საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან გაფორმებულ 483 მილიონი ევროს ხელშეკრულებას, რომლის შესახებაც მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თურნავამ ასე განმარტა:
„ეს არ ეხება გადაუდებელ საბიუჯეტო პროგრამებს, რომლებიც ჩვენ გასული წლის სესხით დავაფინანსეთ; ეს არის განვითარების გრძელვადიანი შეთანხმებები. ამასთან დაკავშირებით ადრე იყო გაფორმებული მემორანდუმები და იმის ფარგლებში კონკრეტული პროგრამებისთვის დონორები, ამ შემთხვევაში მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის გვეხმარებიან. ეს ცალკე მიმართულებაა, რომელსაც ჩვენი დონორები გვიფინანსებენ და ეს არ ეხება იმ გადაუდებელ აუცილებლობას, რის გამოც გასულ წელს დაწოლა ბიუჯეტზე სერიოზულად გაიზარდა“.
„ეს არ ეხება გადაუდებელ საბიუჯეტო პროგრამებს, რომლებიც ჩვენ გასული წლის სესხით დავაფინანსეთ; ეს არის განვითარების გრძელვადიანი შეთანხმებები. ამასთან დაკავშირებით ადრე იყო გაფორმებული მემორანდუმები და იმის ფარგლებში კონკრეტული პროგრამებისთვის დონორები, ამ შემთხვევაში მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის გვეხმარებიან. ეს ცალკე მიმართულებაა, რომელსაც ჩვენი დონორები გვიფინანსებენ და ეს არ ეხება იმ გადაუდებელ აუცილებლობას, რის გამოც გასულ წელს დაწოლა ბიუჯეტზე სერიოზულად გაიზარდა“.
მოკლედ, თუ ღარიბაშვილს და თურნავას დავუჯერებთ, სახელმწიფოს „წელს არც ერთი თეთრი სესხი არ აუღია“, თუ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ან წელსვე გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებებს ვენდობით, ქვეყნის სახელმწიფო საგარეო ვალი გაზრდილია. ჰოდა, ისღა დაგვრჩენია დავასკვნათ: ვისაც რომელი ურჩევნია, იმას დაუჯეროს.
თემურ იოსელიანი