ტენდერების „ჩაწყობისთვის“ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომლები დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსუსის შენობა
სუსის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
გამოწერა
საჯარო მოხელეები სისტემატურად შედიოდნენ კორუფციულ გარიგებაში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე და გამარჯვებულ კომპანიებთან.
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა  ქრთამის აღების ფაქტზე „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ (UWSCG) მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც  გამოძიებით დადგინდა, UWSCG-ის მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად, სისტემატურად შედიოდა კორუფციულ გარიგებაში UWSCG-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე და გამარჯვებულ კომპანიებთან.
უწყების ცნობით, შემუშავებული გეგმის შესაბამისად, აღნიშნული პირები წინასწარ აცნობდნენ სატენდერო პირობებს მათთან დაახლოებულ პირებს, რითაც უზრუნველყოფდნენ შესაბამისი კომპანიების ტენდერში გამარჯვებას.
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს ისინი არ აფიქსირებდნენ კომპანიების მიერ დაშვებულ დარღვევებს და უზრუნველყოფდნენ ფირმებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების სრულად ჩარიცხვას, სანაცვლოდ მათგან იღებდნენ თანხას პროექტის ღირებულის 2%-ის ოდენობით.
სუსის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
ამბროლაურის საკრებულოს წევრს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
გარდა ამისა, დაკავებულები ახლობლებს მაღალანაზღაურებად პოზიციებზე ასაქმებდნენ მათ მიერვე ლობირებულ კომპანიებში, საიდანაც თვითონაც იღებდნენ მატერიალურ სარგებელს.
ტენდერში კორუფციული გარიგების შედეგად გამარჯვებული კომპანიები კი უხარისხოდ ასრულებდნენ სამშენებლო სამუშაოებს, რის გამოც არამიზნობრივად იხარჯებოდა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხები.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საბოლოო ზარალის დადგენის მიზნით ჩატარდება ყველა იმ სამშენებლო სამუშაოს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომელსაც UWSCG-ის თანამშრომლებთან უკანონოდ გარიგებული ფირმები ასრულებდნენ.
დაკავებული პირების სახლების ჩხრეკისას ამოღებულია 25.650 ლარი, 30 ათასი აშშ დოლარი, ცეცხლსასროლი იარაღი და სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღებასა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემას გულისხმობს.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
ყალბი საბუთები და ე.წ. ატკატები: საქართველოში თაღლითების ჯგუფი დააკავეს
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ (UWSCG), სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომლის 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა, ხოლო პარტნიორი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. კომპანია 2010 წლის 14 იანვარს დაარსდა.
კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგს: წყლის მოპოვება, დამუშავება და აბონენტებისთვის მიწოდება; წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების პროექტირება, მშენებლობა, ექსპლუატაცია და ოპერირება. კომპანია ემსახურება 306 ათასზე მეტ საყოფაცხოვრებო და 19 ათასამდე არასაყოფაცხოვრებო აბონენტს.
ყველა ახალი ამბავი
0