ტაიმ-აუტი შაბათამდე: მედია მასშტაბური აქციისთვის ემზადება

© Sputnik / STRINGERაქცია
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
გამოწერა
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ დედაქალაქის ცენტრში დიდი რაოდენობის ხალხი გამოვა.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ოპოზიციისა და რიგი მედიასაშუალებების წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე შაბათს, 17 ივლისს მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვისთვის ემზადებიან.
როგორც ტელეკომპანია „ტვ პირველის" დამფუძნებელმა და გენდირექტორმა ვატო წერეთელმა განაცხადა, შაბათის აქცია მასშტაბებით მანამდე გამართულ აქციებს გადააჭარბებს.
„იქნება დიდი აქცია. შაბათს ჩვენ გავაჩერებთ ყველაფერს", - განაცხადა წერეთელმა.
აქცია საღამოს ექვს საათზე დაიწყება.
დღეს ოთხმა ოპოზიციურმა ტელეკომპანიამ - „ტვ პირველი", „მთავარი არხი", „ფორმულა" და „კავკასია" - მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა. როგორც წერეთელმა აღნიშნა, ეს არის ჩუმი და ამავე დროს ხმამაღალი პროტესტი.
„საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, როცა ოთხმა ტელეარხმა ერთობლივად შეწყვიტა მაუწყებლობა. გუშინ მაუწყებლობა შეწყდა რეგიონებშიც. ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი ჩუმი პროტესტი ხელისუფლებამ რაც შეიძლება ხმამაღლა გაიგონოს", - განაცხადა წერეთელმა.
ტელეკომპანიების „ტვ პირველი", „მთავარი არხი", „ფორმულა" და „კავკასია" ეკრანების შავ ფონზე გადის იმ 53 ჟურნალისტისა და ოპერატორის ჩამონათვალი, რომლებიც 5 ივლისის არეულობის დროს თბილისში ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.
ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
„დარღვევები არ არის" – ჯანდაცვის სამინისტრო ლექსო ლაშქარავას საქმეზე
ერთ-ერთი მათგანი იყო ტელეკომპანია „ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს და მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს, 11 ივლისს სახლში გარდაიცვალა. კლინიკაში მიყვანისას მას ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მან კლინიკაში რამდენიმე დღე დაჰყო. ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ შსს-მ უმოკლეს ვადაში დადო პირველადი დასკვნა, სადაც ლაშქარავას სისხლში ნარკოტიკული ნივთიერების კვალზე საუბრობს, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ჟურნალისტი „სისტემის მსხვერპლია".
ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს – ისინი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვენ. აქციებზე არაერთხელ გაისმა მოწოდებები იმ სასულიერო პირების პასუხისმგებლობის შესახებაც, რომლებიც 5 ივლისის აქციაზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და ამით ჟურნალისტების მიმართ აგრესიის პროვოცირებას შეუწყვეს ხელი.
ამაზე პასუხად პრემიერმა ტელეკოპანიები და ოპოზიცია ლაშქარავას სიკვდილით სპეკულაციაში დაადანაშაულა და მოუწოდა, დაელოდონ ექსპერტიზის საბოლოო შედეგებს.
შსს-მ ლაშქარავაზე თავდასხმის ბრალდებით ხუთი პირი უკვე დააკავა. ისინი განაჩენს საპატიმროში დაელოდებიან. ლაშქარავას გარდაცვალებაზე საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლითაა აღძრული.
ყველა ახალი ამბავი
0