პუანტების ნაცვლად ბოტები და ბალერინას ნაფერები ვაზი

© photo: courtesy of Taki Imedashviliთაკი იმედაშვილი
თაკი იმედაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
წარმოიდგინეთ კახეთი, რთველი, ვენახის რიგებში მოცეკვავე ბალერინები და ყურძნის კრეფა „გედების ტბის“ მუსიკის ფონზე... ეს არ არის ფილმის სიუჟეტი, ეს უჩვეულო და ლამაზი რიტუალი შეგიძლიათ შემოდგომაზე სოფელ ხაშმში ჩასულმა ნახოთ თაკი იმედაშვილის ნაფერებ ვენახში.
მევენახე არც ისე დიდი ხნის წინ გახდა. პროფესიონალი ბალერინაა, რამდენიმე წელი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გამოდიოდა. შემდეგ საფრანგეთის საბალეტო სტუდიის ბალერინა იყო. დღეს მაკა მახარაძის სტუდიის პედაგოგია და პატარებს საბალეტო ხელოვნებას ასწავლის. საქართველოში ვაზის მოშენება საფრანგეთში ყოფნის დროს გადაწყვიტა. დღეს ამ საკმაოდ რთულ საქმეზე უკვე ბევრი რამ იცის. ღვინის დასაყენებლად თაკი ძველ, მამაპაპურ ტექნოლოგიას იყენებს, ამბობს, ასე უფრო ძვირფასი ხდება ჩემი ღვინოო. მოკლედ, ძალიან ნიჭიერი ადამიანი და ყველანაირად საამაყო ქართველი რომ არის, ამაში თავად დარწმუნდებით.
© photo: courtesy of Taki Imedashviliთაკი იმედაშვილი
თაკი იმედაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
თაკი იმედაშვილი
- თაკი, დავიწყოთ იქიდან, როდის გაჩნდა პუანტები და ბალეტი თქვენს ცხოვრებაში?
- ბალეტით ჩემი გატაცება დაიწყო ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკში, როდესაც ბალერინა მეზობლის პუანტები და კაბა დავინახე. დედას მაშინვე ვთხოვე, რომ ბალეტზე მივეყვანე და ასეც მოიქცა. ჩემი პირველი პედაგოგი პიონერთა სასახლეში ლინა ხუციშვილი იყო. შემდეგ ხელოვნების სკოლაში მიმიღეს და ათი წლის ასაკში, გამოცდების ჩაბარების შემდეგ, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო სასწავლებელში ჩავირიცხე. რვაწლიანი სწავლების მერე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მოვხვდი. ექვსი წელი სცენაზე არაჩვეულებრივ მოცეკვავეებთან ერთად გამოვდიოდი. ხუთი წელი ვცხოვრობდი საფრანგეთში, სადაც ერთი წელი საბალეტო სტუდიაში ვირიცხებოდი. 
© photo: courtesy of Taki Imedashviliთაკი იმედაშვილი პატარა ბალერინებთან ერთად
თაკი იმედაშვილი პატარა ბალერინებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
თაკი იმედაშვილი პატარა ბალერინებთან ერთად
- მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია „ვერის უბნის ტანც-კლასის" პედაგოგი როდის გახდით?
- ეს მოხდა მაშინ, როცა საფრანგეთიდან საქართველოში დავბრუნდი. ძალიან გამიმართლა, როდესაც ქალბატონი მაკა მახარაძის სტუდიაში ბალეტის პედაგოგად მუშაობა შემომთავაზეს. ამ წინადადებას სიხარულით დავთანხმდი. მთელი ეს გზა ჩემს თანაკლასელ, მეგობარ კოლეგებთან ერთად გამოვიარე და უკვე მეექვსე სეზონი დავხურეთ. სულ ახლახან თეატრალურ ინსტიტუტში ქალბატონ ნატაშა დიღმელაშვილთან პედაგოგიკის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გავიარე და სერტიფიკატი ავიღე. ეს სტუდია ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ის ერთი დიდი ოჯახია, რომლის გარეშე არსებობა ვერ წარმომიდგენია.
© photo: courtesy of Taki Imedashviliმაკა მახარაძის საბალეტო სტუდიაში
მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიაში - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიაში
- დარწმუნებული ვარ, ასეთ პროფესიონალთან მუშაობა სიამოვნებაა...
- მართლაც ასეა. თავად ქალბატონი მაკა უაღრესად თბილი, სათნო, თავისი საქმის პროფესიონალი, ძალიან დიდი ადამიანია, რომელიც გიჟდება ბავშვებზე და სტუდიაში სწორედ ამ სიყვარულის აურა სუფევს. ის ჩემი დიდი მეგობარია და ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა სულაც არ იგრძნობა. ჩემთვის ასევე დიდი ბედნიერებაა ბავშვებთან ურთიერთობა და მათთვის იმ ცოდნის გადაცემა, რის შეძენასაც მთელი ცხოვრება დავუთმე.
© photo: courtesy of Taki Imedashviliთაკი იმედაშვილი
თაკი იმედაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
თაკი იმედაშვილი
- პირველი სერიოზული გამოსვლა სცენაზე...
- ჩემი პირველი სერიოზული როლი ჭაბუკიანში სწავლის დროს ცნობილი ქორეოგრაფის, ბატონი გოგი ალექსიძის დადგმაში იყო. სოლოს ვცეკვავდი და მეტად საპასუხისმგებლო გამოსვლა მქონდა. მახსოვს, იმდენი ვინერვიულე, რომ გამოსვლის წინა ღამე თეთრად გავათენე, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ამაზე დიდ ბედნიერებას არაფერი მომანიჭებდა. სცენაზე დგომას რაღაცნაირი განსაკუთრებული, ამოუხსნელი გრძნობა ახლავს, მაგრამ წინასწარ ნერვიულობას ბოლომდე ვერაფერი მოვუხერხე. აი, თეატრში უფრო დიდი გამოცდილებით მივედი, ამიტომ საკუთარი თავის ხელში აყვანასაც უკეთესად ვახერხებდი. თეატრში იმ დროს მივედი, როცა დასის ხელმძღვანელად ქალბატონი ნინო ანანიაშვილი დაინიშნა. მაშინ პრემიერა პრემიერაზე იდგმებოდა, თითქმის ყველა კლასიკურ სპეტაკლში მაქვს მიღებული მონაწილეობა მიღებული: „დონ კიხოტი“, „ჟიზელი“, „მაკნატუნა“, „ლაურენსია“, „გედების ტბა“ და ა.შ.
© photo: courtesy of Taki Imedashviliთაკი იმედაშვილი ვენახში
თაკი იმედაშვილი ვენახში - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
თაკი იმედაშვილი ვენახში
- ახლა გადავიდეთ თქვენი ცხოვრების არანაკლებ მნიშვნელოვან საქმიანობაზე, რასაც გატაცებას ვეღარ დავარქმევთ. როდის გადაწყვიტეთ სოფლის მამაპაპისეულ ფუძეზე ვენახის გაშენება?
- ვენახის გაშენება საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ გადავწყვიტე. ზოგადად, სიახლეები მიყვარს ცხოვრებაში, მუდმივად რაღაც ახლის ძიებასა და სწავლაში ვარ. ვფიქრობ, ეს თვისება იმაში მეხმარება, რომ უფრო და უფრო განვვითარდე. საფრანგეთში ვცხოვრობდით ბურგუნდიის რეგიონში, სადაც ჩემი მეუღლე ლექსო იორდანიშვილი რაგბს თამაშობდა. ის რეგიონი საფრანგეთისთვის დაახლოებით იგივეა, რაც ჩვენთვის ყურძნისა და ღვინის კულტურის მხარე კახეთი. ამ რეგიონში ღვინო საუკეთესოა.
© photo: courtesy of Taki Imedashviliთაკი იმედაშვილი შვილთან და მეუღლესთან, მორაგბე ლექსო იორდანიშვილთან ერთად
თაკი იმედაშვილი შვილთან და მეუღლესთან, მორაგბე ლექსო იორდანიშვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
თაკი იმედაშვილი შვილთან და მეუღლესთან, მორაგბე ლექსო იორდანიშვილთან ერთად
- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენ ამ გადაწყვეტილებას?
- ოჯახის წევრები დიდი ოვაციით შეხვდნენ ჩემ წამოწყებას. მამამ გამაფრთხილა, რომ ეს ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა და კარგად უნდა დავფიქრებულიყავი, გავართმევდი თუ არა მას თავს. საფრანგეთში ჩვენი სახლი ფაქტობრივად ვენახში იდგა და ფანჯრებიდან უზარმაზარი ზვრები მოჩანდა. ხუთი წლის მანძილზე ყოველ წელს ვუყურებდი როგორ იღებდნენ ფრანგები მოსავალს, როგორ სხლავდნენ  ვენახს, როგორ წამლავდნენ. მალე ეს ყველაფერი უცხო აღარ იყო ჩემთვის და სწორედ ეს გახდა ჩემი შთაგონება. საქართველოში დაბრუნებისთანავე გადავწყვიტე ვენახის გაშენება, მით უმეტეს, რომ საქართველოში მიწა გვქონდა ისეთ რეგიონში, სადაც უნიკალური ღვინო მოდის.
© photo: courtesy of Taki Imedashviliხაშმში მეგობრებთან ერთად
ხაშმში მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ხაშმში მეგობრებთან ერთად
- მკითხველს დავუკონკრეტოთ, რომ საუბარია სოფელ ხაშმის საფერავზე, რომელიც უნიკალური თვისებებით გამოირჩევა...
- დიახ, ხაშმის საფერავი მართლაც განსაკუთრებულია თავისი თვისებებით, კონსისტენციით, გემოთი და არომატით. მას ხშირად სამკურნალოდაც იყენებენ, საუკეთესოა ჰემოგლობინის ბალანსისთვის. საფრანგეთში ხუთი წლის ცხოვრების მანძილზე ღვინოზე ჩემი წარმოდგენა შეიცვალა. დღეს მას არა მხოლოდ როგორც ალკოჰოლურ სასმელს აღვიქვამ, არამედ როგორც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელ ნაწილს. გამოდის, რომ შორიდან უფრო დავაფასე ჩვენი მხარე და განსაკუთრებით სოფელი ხაშმი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე კიდევ უფრო მეტად ჩამეხედა ამ სფეროში და თვითონ გამეშენებინა ვენახი.  
© photo: courtesy of Taki Imedashviliთაკი იმედაშვილი
თაკი იმედაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
თაკი იმედაშვილი
- ცნობილია, რომ ღვინის ამ სახეობის მიღება მხოლოდ ხაშმის ტერიტორიაზეა შესაძლებელი. ვაზის მოშენება-გახარება კი მთელი ფილოსოფიაა...
- დიახ, მხოლოდ ხაშმის მიკროზონაში მოდის, უფრო მეტიც, ამ პატარა სოფლის სხვადასხვა ზონაში მოყვანილ ყურძენსაც კი განსხვავებული გემო აქვს. ვაზი ცოცხალი ორგანიზმია, ამიტომ გადავწყვიტე ადგილობრივი გლეხებისგან რჩევა-დარიგებები მომესმინა და ასეც მოვიქეცი. ღვინის ტექნოლოგია ნამდვილად მთელი ფილოსოფიაა და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი და ვფიქრობ, პროფესიულ დონეზეც შევისწავლო მევენახეობა-მეღვინეობა. გამოცდილი მევენახეები გულდასმით მასწავლიან ხოლმე ვენახის მოვლის ყოველ ნაბიჯს. მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე ძვირფასი ცოდნაა, რასაც ვერც ერთ თანამედროვე აგრარულ დაწესებულებაში ვერ მოგცემენ. ღვინის დასაყენებლად ძველ, მამაპაპურ ტექნოლოგიას ვიყენებ და ჩემი ღვინო ასე უფრო ძვირფასი ხდება.
© photo: courtesy of Taki Imedashviliთაკი იმედაშვილი
თაკი იმედაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
თაკი იმედაშვილი
- ვაზს შვილივით მოვლა და მოფერება უყვარს, ალბათ არც თქვენ აკლებთ ხელს?
- ხაშმში ამბობენ, საფერავი იმიტომ ჰქვია, რომ სულ ფერება უნდაო. შეიძლება გაგიკვირდეთ და ვენახს ხშირად ქართულ ხალხურ მუსიკას ვასმენინებ, თურმე რა განწყობით და როგორი ემოციითაც შეხვალ ვენახში, ისეთივე მოსავალს დაგიბრუნებს შემოდგომით. ბოლო დროს ერთი კვირა ბალეტის პედაგოგი ვარ, ხოლო შაბათ-კვირას ბოტებს ამოვიცვამ, ხელთათმანებს ვიკეთებ და სიხარულით ვიწყებ მუშაობას ჩემს ვენახში. ზოგადად ქალისთვის რთულია იყო მევენახეც, მეღვინეც, პედაგოგიც და ორი ბიჭის დედაც. ეს ყველაფერი დიდ ფიზიკურ შრომას მოითხოვს.
© photo: courtesy of Taki Imedashviliთაკი იმედაშვილი ოჯახთან ერთად
თაკი იმედაშვილი ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
თაკი იმედაშვილი ოჯახთან ერთად
- თქვენი მეუღლე ცნობილი მორაგბე ლექსო იორდანიშვილია, რომელიც, ვიცი, ყველანაირად გვერდში გიდგათ...
- რომ არა ჩემი მეუღლე, ნამდვილად ძალიან გამიჭირდებოდა. მისი წაქეზება და შემართება რომ არა, ვერც გავბედავდი ვენახის გაშენებას. მას ნაკრებთან ერთად ხშირად საზღვარგარეთ უწევს ყოფნა და, შესაბამისად, იმ დროს მისი ხელიც მაკლდება ხოლმე. ლექსო ძალიან აფასებს ჩემ შრომას და ეამაყება. საოცრად დიდი პატრიოტი და სამშობლოს მოყვარულია და საქართველოში ჩვენი დაბრუნების მიზეზიც ეს გახდა.
- უკვე მოისმინეთ მევენახისთვის ყველაზე მაგიური დალოცვა–სურვილი?
- შარშან მეგობრებთან ერთად დიდ რიტუალს ჩაეყარა საფუძველი. ვენახის რიგებში ბალერინების ცეკვა-თამაშით და „გედების ტბის“ მუსიკის ფონზე დაიკრიფა მწირი, მაგრამ ძალიან ძვირფასი ყურძენი. მაშინ ამვლელ-ჩამვლელი სიხარულით მისურვებდა ბარაქას, ამ სურვილზე უფრო დიდი სურვილი და დალოცვა ალბათ არაფერია ნამდვილი მევენახისთვის. წელს პირველი სრული მოსავალი უნდა ავიღო და რთველს სულმოუთქმელად ველოდები. ახლო მომავალში ვაპირებ პატარა მარნის გაკეთებას და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ჩემ ნაფერებ ღვინოს აუცილებლად ჩამოვასხამ და ვაწარმოებ...
 
ყველა ახალი ამბავი
0