ზურაბ ადეიშვილს სასამართლომ კიდევ ერთი განაჩენი გამოუტანა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
გამოწერა
წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მინისტრისთვის ეს უკვე მეოთხე განაჩენია, რომელიც მას საქართველოში შეუფარდეს.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ყველაზე გავლენიან მინისტრს ზურაბ ადეიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენი 2012 წელს პატიმრების წამების საქმეზე გამოიტანეს. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, მიხეილ სააკაშვილთან ერთ-ერთმა ყველაზე დაახლოებულმა მინისტრმა საქართველო ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ქართულ საპატიმროებში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრები. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა – მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა
ადეიშვილი დამნაშავედ ცნეს პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედების და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ფაქტებზე.
ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც სექტემბრის დასაწყისში ადეიშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ საზღვარგარეთ გაიტანა პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრები, რათა ის ევროპელი უფლებადამცველებისა და მასმედიისთვის ეჩვენებინა, მან შეიმუშავა სქემა, რომლის მიხედვით ციხის თანამშრომლებს უნდა ეცემათ პატიმრები და ეს ჩაეწერათ ვიდეოზე, რათა შემდეგ განეცხადებინათ, რომ გადაღება პარტია „ქართული ოცნების" დავალებით ხდებოდა.
ოთხ-ნახევარი წლით პატიმრობა ამავე საქმესთან დაკავშირებით მიესაჯა ასევე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დავით ჭაკუას.
ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა>>
ადეიშვილისთვის, რომელიც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, ეს უკვე პატიმრობის მეოთხე ვადაა, რომელიც მას საქართველოში შეუფარდეს.
პატიმრების წამების საქმე
საქართველოს შსს-მ 2012 წლის 18 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე განაცხადა, რომ თბილისის გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმრებისადმი სასტიკი მოპყრობის საქმე გახსნა. გამოძიების მონაცემებით, ციხის თანამშრომლების ჯგუფი არააადამიანურად ეპყრობოდა პატიმრებს და ამას ვიდეოზე იღებდა. საგამოძიებო ორგანოებმა მაშინ განაცხადეს, რომ ეს მმართველი პარტიის ოპონენტების მიერ იყო ორგანიზებული, რათა ამომრჩევლების თვალში მათი სახელი გაესვარათ.
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2021
ზურაბ ადეიშვილს კიდევ ერთი განაჩენი გამოუტანეს
უწყებამ გამოაქვეყნა პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის ვიდეოკადრები. ამასთან, ითქვა, რომ არსებობს სხვა ვიდეომასალაც, რომლის ჩვენებაც საზოგადოებისთვის მიზანშეწონილი არაა. თუმცა იმავე საღამოს ოპოზიციურმა ტელეარხებმა პატიმრებზე ძალადობის საშინელი კადრები აჩვენეს და განაცხადეს, რომ მასალა ციხის ყოფილი თანამშრომლის ბედუკაძისგან მიიღეს.
პატიმრების წამების, ცემისა და გაუპატიურების ვიდეოკადრებმა მთელი საქართველო შეძრა. ქვეყანაში დაიწყო საპროტესტო აქციები ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმრებისადმი სასტიკ მოპყრობაში დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით. გადადგნენ პრობაციისა და სასჯელაღსრულების, შინაგან საქმეთა მინისტრები, დააპატიმრეს პენიტენციური სისტემის რიგი თანამშრომლები.
პროკურატურამ წამების ფაქტებზე 200-მდე სისხლის სამართლის საქმე აღძრა>>
ექსპერტების აზრით, „ციხის სკანდალმა“ გადამწყვეტი როლი შეასრულა საპარლამენტო არჩევნების შედეგებში, როდესაც გაიმარჯვა ოპოზიციურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, მმართველი „ნაციონალური მოძრაობა“ კი ოპოზიციაში გადავიდა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში მთელი რიგი საქმეები აღიძრა ყოფილი სახელმწიფო მოხელეების მიმართ, რომელთაგან ბევრი დღემდე იხდის სასჯელს.
ყველა ახალი ამბავი
0