თბილისი, 14 მაისი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, მისივე მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ადეიშვილმა აღნიშნული მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს მიმდინარე წლის 4 მარტს განცხადებით მიმართა და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ თავად ადეიშვილის მიერ მოთხოვნილ 80-დღიან ვადაში განიხილა და შეისწავლა მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მომზადებული დასკვნა 7 მაისს გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.
„საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 13 მაისის №204 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, ზურაბ ადეიშვილს მისივე მოთხოვნით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ზურაბ ადეიშვილმა ქვეყანა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დატოვა. ბოლო წლებში ადეიშვილს უკრაინის მთავრობაში მაღალი თანამდებობები უკავია.
საქართველოში ზურაბ ადეიშვილის სახელი რამდენიმე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, მათ შორის, ბანკი „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების საქმეში. სამშობლოში მისი ექსტრადირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.