დღეს კანცელარიის შენობასთან მასმედიის წარმომადგენლების აქცია დაანონსდა

© Sputnik / Alexander Imedashviliტელეოპერატორები
ტელეოპერატორები - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
გამოწერა
გუშინ რუსთაველის გამზირზე ლგბტ–თემის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები არ გამოჩენილან, ხოლო კონტრაქციის მონაწილეთა მთელი აგრესია გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. დღეს, 20:00 საათზე თბილისში, სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან მასმედიის წარმომადგენლების აქცია დაანონსდა, ამის შესახებ ინფორმაციას „ქართველი ვიდეოოპერატორებისა და ფოტოგრაფების" გვერდი ავრცელებს.
აქცია გუშინ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების გასაპროტესტებლად დაიგეგმა.
„თუ თანახმა ხართ და მოხვალთ, დაპლიუსდით. თუ არ ხართ თანახმა, დაწერეთ მიზეზი. მადლობა, რომ გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს", – აღნიშნულია გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
„სოლიდარობა ჟურნალისტებს“: საქართველოს მასშტაბით მდუმარე აქციები გაიმართა
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ სექს-უმცირესობების სოლიდარობის კვირეული მოაწყო, რომელიც გუშინ, 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში „ღირსების მარშით“ უნდა დასრულებულიყო. მაგრამ დილის 11 საათიდან რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია დაიწყო.
„ღირსების მარშის“ და „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ თითქმის ყველა ტელეარხის გადამღებ ჯგუფებს. აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა ჟურნალისტებს მუშაობისა და აქციის გაშუქების საშუალება არ მისცეს, დაუზიანეს ტექნიკა. მასმედიის რამდენიმე წარმომადგენელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. შსს-ს ცნობით, გამოვლენილია ძალადობის 55 ფაქტი, აქედან 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელთა მიმართ არის ჩადენილი.
შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღძრა – ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და ძალადობა. ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია 11 პირი. 
ყველა ახალი ამბავი
0