საქართველოს რამდენიმე ნაკრძალს შესაძლოა იუნესკოს ძეგლის სტატუსი მიენიჭოს

© photo: Sputnik / Igor Onuchin / გადასვლა მედიაბანკშიარწივი
არწივი - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
გამოწერა
როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში განაცხადეს, იუნესკოს პასუხს ხელისუფლება დაახლოებით 20 ივლისისთვის ელოდება.
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე ნაკრძალისთვის ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე იუნესკოში განაცხადი შეიტანა და დადებით პასუხს ელოდება, განაცხადა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.
იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლთა ჩამონათვალში ხვდება ის უნიკალური ტერიტორიები, რომელთა პირველყოფილი სახით შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამჟამად ჩამონათვალი ბუნების 200 ძეგლს მოიცავს.
ქვევრის დამზადება, რომელშიც ქართველები ღვინოს ინახავენ - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
საკვები, რომლებიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა
როგორც თანდილაშვილმა განაცხადა, საქართველომ მიმართა იუნესკოს, რათა ძეგლის სტატუსი მიენიჭოს მტირალას და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს. ყველა ეს ტერიტორია შავი ზღვის სანაპიროზე ძველი კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს.
„ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური სიგნალები იუნესკოდან. ივლისში, დაახლოებით 20 რიცხვისთვის, ჩვენ ველოდებით იუნესკოს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ კოლხური ჭარბტენიანი ტერიტორიები აღიარონ საერთაშორისო დონეზე, როგორც გამორჩეული დაცული ტერიტორიები თავისი ბუნებრივი სიმდიდრითა და ბიომრავალფეროვნებით“, - განაცხადა თანდილაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ აღიარების შემდეგ ნაკრძალები და პარკები მეტ ტურისტს მოიზიდავს და ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

იუნესკოს სიაში მოხვედრის კანდიდატები:

  • მტირალას პარკი
მტირალას ეროვნული პარკი ქობულეთი–ჩაქვის ქედზე, შავი ზღვის სიახლოვეს მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 15,7 ათას ჰექტარს შეადგენს. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული.
მტირალას ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. მტირალას მთა ზღვის დონიდან 1761 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მთელი წლის განმავლობაში მთა ნისლშია გახვეული და აქ გამუდმებით წვიმს. მთის მიკროკლიმატი ყველაზე ნესტიანია მთელ საქართველოში და ასევე ევროპაში. წელიწადში აქ 4500 მილიმეტრი ნალექი მოდის.
მტირალას პარკში 284 სახეობის მცენარე ხარობს. აქ თავმოყრილია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი, რელიქტური და ენდემური მცენარეები. ტერიტორიას განსაკუთრებულ ორიგინალურობას უკანასკნელი ორი სახეობა – მარადმწვანე უნგერნის შქერი და ეპიგეა მატებს, რომლებიც მხოლოდ აჭარასა და თურქეთის მიმდებარე ტერიტორიებზეა გავრცელებული. პარკის ფაუნა მრავალფეროვანია – აქ 95 სახეობის ცხოველი ბინადრობს. მათგან 23 საქართველოს „წითელ ნუსხაში“, ცხრა კი გლობალური გადაშენების პირასაა და „წითელ წიგნშია“ შეტანილი.
  • კოლხეთის ეროვნული პარკი
კოლხეთის ეროვნული პარკი სამეგრელოში, კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. პარკი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს.
პარკის შემადგენლობაში შედის კოლხეთის ჭაობები, რომლებიც შემორჩა რელიქტური ტროპიკული და სუბტროპიკული ეკოსისტემიდან, რომელიც ევრაზიაში 10 მილიონი წლის არსებობდა. პარკში ზამთრობენ ისეთი გადამფრენი ფრინველები, როგორებიცაა კაკაჩები, ძერები, კირკიტები, მარჯნები, შევარდნები, ძელქორები, კრაზანაჭამია, თეთრკუდა, ველის და ბექობის არწივები, იხვები, ბატები, გედები, ჩვამები. ადგილობრივად გავრცელებულია შემდეგი სახეობები: ტყის ქათმები, კაუჭნისკარტა კრონშნეპები, მელოტები, კოკონები, ქოჩორები, თეთრშუბლა ბატები, სისინა და მყივანა გედი, ხუჭუჭა ვარხვი და კოლხური ხოხობი.
გარდა ამისა, პარკში ბინადრობს 16 სახეობის ენდემური ძუძუმწოვარი ცხოველი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპული ზღარბი, კავკასიური თხუნელა და რამდენიმე სახეობის ღამურა. ასევე ბინადრობენ ტურა, გარეული ღორი, შველი, წავი. კოლხეთის ბინადარი ამფიბიებიდან ყურადღებას იქცევს ვასაკა და ტბორის ბაყაყი. ქვეწარმავლებიდან - ჩვეულებრივი და მცირეაზიური ტრიტონი, წყლის ანკარა, ესკულაპის მცურავი და ჭაობის კუა გავრცელებული.
  • ქობულეთის დაცული ტერიტორიები
ქობულეთის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო მნიშვნელობის, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემების, როგორც მაღალი ღირებულებების მქონე ბუნებრივი მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით შეიქმნა. ტორფნარები მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მოიცავს ქობულეთის ზღვისპირა ვაკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს. გამოირჩევა წყლის ფრინველთა და მცენარეთა მრავალფეროვნებით.
  • კინტრიშის დაცული ტერიტორიები
კინტრიშის დაცული ტერიტორიები მდებარეობს აჭარაში და მოქცეულია მდინარე კინტრიშის ხეობაში, სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის. ნაკრძალში შემორჩენილია მესამეული პერიოდის ენდემური და რელიქტური სახეობის უამრავი მცენარე.
ყველა ახალი ამბავი
0