თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ვაქცინაციაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები მუშაობის 12-საათიან რეჟიმზე გადადიან, ამის შესახებ ცნობილი გახდა კლინიკების ხელმძღვანელების და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის შეხვედრის შემდეგ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის და მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციას იწყებს, სამედიცინო დაწესებულებებს მუშაობა უქმეების გარეშე ორცვლიან რეჟიმში მოუწევთ.
ჩვენ მზად ვართ დღევანდელ რეალობაში, როდესაც ვაქცინაციის პროცესის მიმართ საზოგადოების ინტერესი გაზრდილია, უქმეების გარეშე ორცვლიან რეჟიმში ვიმუშაოთ, განაცხადა კავკასიის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია ვარაუდობს, რომ კლინიკების სამუშაო რეჟიმის შეცვლის შემდეგ ვაქცინაციის მაჩვენებლები გაიზრდება.
„თბილისის ინფექციური საავადმყოფო პირველი დღიდან ჩართულია ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ გვქონდა ოთხი კაბინეტი, გამტარუნარიანობა კი თითოეულ ბრიგადაზე იყო ძალიან მაღალი, 80-დან 100 პირამდე, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია... იმისათვის, რომ უფრო გაიზარდოს გამტარუნარიანობა, აუცილებელია გაიზარდოს სამუშაო საათები და გახდეს 12 საათამდე. ასევე აუცილებელია გამოვიყენოთ კვირის შვიდივე დღე, თუ ასე მოვიქცევით 50 პროცენტით გაიზრდება გამტარუნარიანობა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, სამედიცინო დაწესებულებების სამუშაო საათების გაზრდის შედეგად მოქალაქეები აცრაზე ჩაწერას როგორც სამუშაო დღეების საღამოს საათებში, ისე უქმეებზე შეძლებენ.
შეხვედრის შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებას Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებით მხოლოდ კლინიკებში შეძლებენ, ხოლო Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები საყოველთაო ვაქცინაციის ცენტრებში იქნება ხელმისაწვდომი.
ამჟამად ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 200 კლინიკა, მუშაობს 281 ბრიგადა.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა 261.652-მა ადამიანმა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 100.072 მოქალაქე.