თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 700-ზე მეტი დოზა შენახვის პირობების დარღვევის გამო თბილისის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC) დაუბრუნა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორის მოადგილემ ჯავარა უგრეხელიძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ვაქცინა ცენტრში მას შემდეგ დააბრუნეს, რაც მათ შესანახად განკუთვნილ მაცივრებში ტემპერატურული რეჟიმის მცირედი დარღვევა დაფიქსირდა.
ამასთან, უგრეხელიძის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი სააგენტოს დასკვნების თანახმად, არანაირი პრობლემა ამ ვაქცინების ხარისხთან დაკავშირებით არ წარმოქმნილა.
„როგორც კი დაფიქსირდა მცირე გადახრა ტემპერატურული რეჟიმიდან, ვაქცინები ამოღებული და გადატანილი იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შესანახად“, – აღნიშნა უგრეხელიძემ.
AstraZeneca-ს ვაქცინის განაწილებასთან დაკავშირებული ლოგისტიკური პრობლემების შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ საკითხის შესწავლა გადაწყვიტა, რითიც ამჟამად დაკავებულია უწყების შიდა აუდიტი, რომელიც არკვევს, რატომ წარმოიქმნა ამ პრეპარატის დეფიციტი.
საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 4-5 ათასი დოზის დეფიციტი წარმოიქმნა. 22 ივნისს საქართველოს უნდა მიეღო ვაქცინის მორიგი პარტია, თუმცა ლოგისტიკური პრობლემების გამო თარიღმა გადაიწია. ამიტომ ამჟამად საქართველოს არა აქვს შესაძლებლობა მოქალაქეები AstraZeneca-ს ვაქცინით აცრას. მათ უკვე მიიღეს შესაბამისი მოკლე ტექსტური შეტყობინება მობოდიშებით. რაც შეეხება მოქალაქეებს, რომელთაც AstraZeneca-ს ვაქცინა მეორედ უნდა გაეკეთებინათ, მათ აცრას უახლოეს მომავალში ჰპირდებიან.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტი ვაქცინაციის ქსელის შემოწმებას განაგრძობს.