თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. თბილისში, სამგორის რაიონში 1 ივლისს დასაქმების ფორუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ამ რაიონში მცხოვრები დასაქმების მსურველები მიიღებენ, იუწყება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.
ფორუმზე 20-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი შრომის ბაზარზე აქტიურ 300-ზე მეტ ვაკანსიას წარმოადგენს. სამუშაო ადგილები მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, სადაზღვევო და ჯანდაცვის სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან. მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა მოიძიონ მათთვის სასურველი სამსახური, კომპანიები კი შეძლებენ სასურველი ადამიანური რესურსის მოძიებას.
დასაქმების ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, თბილისის საკრებულოს და სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით იმართება.
„დასაქმების ფორუმის მიზანია სამგორის რაიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი მოქალაქეებისთვის დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა", – აცხადებენ სააგენტოში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო თბილისის საკრებულოსთან ერთად დედაქალაქში დასაქმების ფორუმების ციკლს იწყებს.
დასაქმების ფორუმი სამგორის რაიონის გამგეობაში გაიმართება და 12:00 საათიდან 15:00 საათამდე გაგრძელდება.
დასაქმების ფორუმები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში რეგულარულად იმართება.