თბილისი, 20 მაისი – Sputnik. უმუშევრობის დონე საქართველოში 2021 წლის პირველ კვარტალში 3,7%-ით გაიზარდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებ-გვერდზე.
საქართველოს ხელისუფლებამ თებერვალში გაზარდა იმ მოქალაქეთა წრე, რომლებმაც პანდემიის გამო 2020 წელს სამუშაო დაკარგეს და რომლებსაც უმუშევრობის დახმარების იმედი შეიძლება ჰქონდეთ. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ უმუშევრობის დონე უახლოეს თვეებში კიდევ გაიზრდება.
უმუშევრობა ციფრებში
უმუშევრობის დონე საქართველოში 2021 წლის პირველ კვარტალში 3,7%-ით გაიზარდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 21,9% შეადგინა.
- საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
„საქსტატის“ მონაცემებით, უმუშევრობის დონე სოფლის ტიპის დასახლებებში ბევრად დაბალია ქალაქის დასახლებებთან შედარებით – 2021 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქალაქებში უმუშევრობა 5,7%-ით გაიზარდა, ხოლო სოფლებში 0,4%-ით და, შესაბამისად, 23,65% და 19,3% შეადგინა.
უმუშევრობის დონე, ტრადიციულად, უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში – 2021 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ქალებს შორის 4%-ით გაიზარდა და 19% შეადგინა, ხოლო მამაკაცებს შორის 3,3%-ით გაიზარდა და 24,1% შეადგინა.
მოსახლეობის აქტიურობა
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს შრომისუნარიანი, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მაჩვენებელმა 2021 წლის პირველ კვარტალში 48,3% შეადგინა – 3%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში.
- ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.
„აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებაში 2,3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3,8 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 4,2 პროცენტული პუნქტით“, – აღნიშნულია „საქსტატის“ მასალებში.
დაქირავებულთა წილი ამ პერიოდში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69,4 პროცენტს შეადგენდა, რაც 1,2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წლის I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 38,2 პროცენტს, ხოლო კაცებში 60 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 3,5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2,3 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრებს საქართველოში ახლებურად ითვლიან
ოფიციალურად 2020 წლის ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი სტანდარტების თანახმად, მეთოდოლოგია ითვალისწინებს თვითდასაქმებულთა კვალიფიკაციის შეცვლას. მანამდე „საქსტატი“ უმუშევრებს ითვლიდა 1982 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტის მიხედვით.
ახალი სტანდარტებით, საკუთარ მეურნეობაში დასაქმებულები, რომლებიც პროდუქციის ნახევარზე მეტს პირადი მოხმარებისთვის აწარმოებენ, აღარ ჩაითვლებიან თვითდასაქმებულებად, არამედ იქნებიან მიჩნეული უმუშევრებად ან არასამუშაო ძალად.
„საქსტატში“ თავიდანვე განაცხადეს, რომ ახალი სტანდარტის შემოღება გამოიწვევდა დასაქმების დონის შემცირებას და უმუშევრობის დონის ზრდას.
სტატისტიკის სამსახურმა უმუშევრობის მაჩვენებლები ახალი სტანდარტით 2010 წლიდან განაახლა. ახალი მონაცემების თანახმად, უმუშევრობის დონემ 2010 წელს 27,2% შეადგინა, მაშინ, როცა ადრე ეს მაჩვენებელი 17,4% იყო – 9,8 პროცენტული პუნქტით ნაკლები.