თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ვაქცინაციაზე ადამიანის ორგანიზმის რეაქცია ღრმად ინდივიდუალურია, მაგრამ არსებობს საერთო მომენტები, რომლებიც აცრისთვის მომზადებისას უნდა გაითვალისწინოთ, განაცხადა რადიო Sputnik-თან საუბრისას ექიმმა-თერაპევტმა ოლგა კაშუბინამ.
როგორც სპეციალისტი ამბობს, ბევრ ადამიანს იოლად გადააქვს კორონავირუსზე ვაქცინაცია, პრეპარატის ორივე დოზას ყოველგვარი გართულების გარეშე იღებს. თუმცა ხშირია შემთხვევებიც, როდესაც აცრის შემდეგ სხეულის ტემპერატურა იმატებს, ადამიანს სხეულში ამტვრევს და ნანემსარი სტკივა.
ექიმის თქმით, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი რეაქცია ექნება ორგანიზმს ვაქცინაზე, ამიტომ ჯობს, წინასწარ იზრუნოთ იმაზე, რომ აუცილებლობის შემთხვევაში დასვენებისა და გონზე მოსვლის შესაძლებლობა გქონდეთ.
„წინასწარ შეუძლებელია იცოდე, როგორ გადაიტან ვაქცინაციას, ამიტომ ამისთვის მომზადებაც შეუძლებელია. მაგრამ პირველი ნემსის გაკეთების შემდეგ უკვე შეიძლება ივარაუდო, როგორ ჩაივლის მეორე აცრა. ჩემი რეკომენდაციაა, რომ ვაქცინაცია პარასკევს, ან სხვა, თქვენთვის ნაკლებად დატვირთულ დღეს ჩაიტაროთ — გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება რაღაც გვერდით ეფექტებს ჰქონდეს ადგილი“, — ამბობს კაშუბინა.
ექიმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭირო არ არის აცრამდე ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღება იმისთვის, რომ ვაქცინაზე ალერგიული რეაქციის რისკი შეამციროთ.
- „არსებობს ასეთი ძველებური რეკომენდაცია, რომ ნებისმიერი აცრის წინ კარგია ალერგიის საწინააღმდეგო აბების მიღება, ვინაიდან ეს თითქოს ვაქცინაციის იოლად გადატანას უწყობს ხელს. არ გააკეთოთ ასე — ეს ცუდი რჩევაა“, — აცხადებს ექიმი.
რაც შეეხება სიცხის დამწევ საშუალებებს, მისი თქმით, ისინი კი შეიძლება გამოგადგეთ — ოღონდ უკვე ვაქცინაციის შემდეგ.
„თუ ვაქცინის გაკეთების შემდეგ თავს ცუდად იგრძნობთ, შეგიძლიათ დალიოთ სიცხის დამწევი ნებისმიერი პრეპარატი. ეს სხეულის ტემპერატურასაც ნორმაში მოიყვანს და მოგიხსნით ისეთ სიმპტომს, როგორიცაა თავის ტკივილი, მაგრამ არანაირ გავლენას არ მოახდენს არც ანტისხეულების გამომუშავების სიჩქარეზე და არც ორგანიზმის იმუნურ რეაქციაზე, არ შეასუსტებს ვაქცინის ეფექტს“, — თქვა ოლგა კაშუბინამ.
მანამდე ექიმებმა განმარტეს, რა ორგანოები უნდა გაისინჯონ COVID-19-სგან განკურნებულმა პაციენტებმა და რა სახის კვლევები და მკურნალობა უნდა დანიშნოს სპეციალისტმა.