თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება, იუწყება დედაქალაქის მერია.
დედაქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლაში (N32, N39, N117, N133, N173, N175ა, N175ბ, N177, N191, N207) მოქმედ თბილისის საგამოცდო ცენტრებში 1 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, ხოლო N103 საჯარო სკოლაში 1 ივლისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და უფროსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდები ჩატარდება.
მუნიციპალური ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით მგზავრებს 06:00-დან 20:00 საათამდე სტანდარტული ტარიფით - 50 თეთრად მოემსახურებიან.
ეროვნული გამოცდებისთვის გათვალისწინებული იქნება დამატებითი ავტობუსების მარშრუტები. კერძოდ, მეტროს სადგურ „ვარკეთილიდან" ავტობუსი მგზავრებს N117 სკოლასთან მიიყვანს; კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიიდან N175ა, N175ბ, N39, N173, N177, N191 საჯარო სკოლებისკენ გადაადგილდება; მეტროს სადგურ „სამგორის" ზედა გასასვლელიდან კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი N103 საჯარო სკოლის მიმართულებით იმოძრავებს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან საგამოცდო პროცესში ჩაერთვებიან მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები.
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38.400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.